ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი სტრატეგიული სტაბილურობის განხილვის ინიციატივით გამოდის


კრემლი თეთრ სახლს ინიციატივით მიმართავს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრაზე მხარეებმა იარაღის კონტროლის თემაზე ისაუბრონ. ამ წინადადებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოვიდა.

ლავროვის თქმით, მოსკოვი კვლავ ელოდება ვაშინგტონის პასუხს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ შეთავაზებული სამიტის თარიღზე. რუსეთის პირველმა დიპლომატმა ასევე თქვა, რომ შეხვედრაზე სტრატეგიული სტაბილურობის თემა პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს და ამაში როგორც თავდაცვითი ასევე საიერიშო ბირთვული იარაღი უნდა შევიდეს.

შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ბირთვული განიარაღების საკითხებში რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოლაპარაკებებისთვის ემზადება.

„პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი პუტინი შეთანხმდნენ რომ განიხილონ სტრატეგიული სტაბილურობის საკითხი, რომელიც იარაღის კონტროლისა და მომავალი საფრთხეების სპექტრს მოიცავს“, განაცხადა ვუდმა გაეროს განიარაღების კონფერენციაზე საუბრისას.

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები, ცივი ომის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინზე საუბრისას განაცხადა, რომ ეთანხმება შეფასებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი მკვლელია.

ამასთან, აპრილში ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს კიბერ-თავდასხმისა და ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო დამატებითი სანქციები დაუწესა. თუმცა მაშინ თეთრმა სახლმა თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისთვის სივრცე ჯერ ისევ არსებობდა.

ამ მოვლენებს წინ უსწრებდა იანვარში "სტარტის ახალი ხელშეკრულების" ხუთი წლით ავტომატურად გაგრძელება. შეთანხმებას, რომელიც რუსეთსა და ამერიკას შორის შორი რადიუსის სტრატეგიული ბირთვული ქონიების რაოდენობას და დისლოცირების ადგილებს არეგულირებს, ვადა 5 თებერალს გასდიოდა. მხარეები ხელშეკრულების გაგრძელებაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს ვერ შეთანხმდნენ, რადგან კრემლი ტრამპის პირობებს, მათ შორის, შეთანხმებაში ჩინეთის ჩართვას არ დათანხმდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG