ხვალ, 5 ნოემბერს, მეზობელ რუსეთში სამხედრო მზვერავის პროფესიული დღე აღინიშნება და როგორც ჩანს „საჩუქარს“ რუსი მზვერავები საქართველოდანაც "მიიღებენ".
სწორედ 5 ნოემბერს აპირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ 18 პიროვნების ვინაობის გამხელას, რომლებიც, ჯერ კიდევ, 15 ოქტომბერს, "რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის" დააპატიმრეს. ყველა მათგანს "სამშობლოს ღალატში" ედება ბრალი.
ცნობილია ოთხი დაკავებულის ვინაობა, ოთხივე მათგანი აჭარის მკვიდრია. მათგან ორი სომხური წარმოშობის საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა: არმენ გევორქიანი - აჭარაში სომხური სათვისტომოს ყოფილი თავმჯდომარე და ბიზნესმენი რუბენ შიკოიანი. ბოლოს, ორივეს, ბათუმში რეგისტრირებულ, კომპანია „სეიბოლდში“ მაღალი თანამდებობები ეკავათ.
ამ ინფორმაციის გავრცელებით, თითქოს დაკავებულები ჩვენი წევრები არიან, სურთ რომ საზოგადოებას უთხრან, რომ აი, ჯავახკიდან რუსეთის აგენტები გამოდიან, ეს პროვოკაციაა.“ნორიკ კარაპეტიანი, "ჯავახკი"
ინფორმაცია, რომ ორივე დაკავებული, სომხური რადიკალური, სეპარატისტული ჯგუფის „ჯავახკის“ წევრები არიან, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, „ჯავახკის“ ხელმძვანელმა ნორიკ კარაპეტიანმა კატეგორიულად უარყო
“ის ბათუმელია, იქაური სომხური დიასპორის წარმომადგენელი. ნაცნობია, ჩვენ შევხდით, ორი თუ სამი წლის უკან. მაგრამ ის ნამდვილად არ არის „ჯავახკის“ წევრი, ის ბათუმელი სომხების წარმომადგენელია. ამ ინფორმაციის გავრცელებით, თითქოს დაკავებულები ჩვენი წევრები არიან, სურთ რომ საზოგადოებას უთხრან, რომ აი, ჯავახკიდან რუსეთის აგენტები გამოდიან, ეს პროვოკაციაა.“
კიდევ ორი ეჭვმიტანილი - ბიზნესმენები რუსლან გალოგრე და პეტრე დევრიშაძე არიან. გალოგრე ბათუმის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ოლეგ გალოგრეს“ ერთ-ერთი მეპატრონეა. საბჭოთა კავშირის დროინდელი გენერალ-ლეიტენანტის, შემდეგ ცნობილი ბიზნესმენის, აწ გარდაცვლილი ოლეგ გალოგრეს ძმა.
ქობულეთელი ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე კი რუსების გასვლამდე, აჭარაში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, ასევე მუშაობდა რუსეთის არმიის მე-17 სკოლაში, რომელიც მაშინ ბათუმში ფუნქციონირებდა. რუსეთის მოქალაქეობა მასაც აქვს.
„ამერიკის ხმამ“ პეტრეს ძმას, ენვერ დევრიშაძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდ-აილენდის შტატის დედაქალაქ პროვიდენსში მიაგნო. მან აუდიო ინტერვიუზე უარი განაცხადა, თუმცა წერილობით გვიპასუხა
„პეტრე დევრიშაძე ჩემი ძმაა, მაგრამ მე 21 წელია ამერიკაში ვარ წამოსული. ბუნებრივია არაფერი ვიცოდი, რაში იყო გარეული. რაც გავიგე იმის შემდეგ შოკში ვარ. მე და პეტრე ორი წელია არ ვლაპარაკობთ. ამიტომ საერთოდ არ ვიცი სად, ვისთან და რას მოღვაწეობდა.“
15 ოქტომბრის დაპატიმრებებს ბათუმში, წინ უსწრებდა, 13 მაისის სპეცოპერაცია. მაშინ აჭარაში, რუსეთის ყოფილი სმახედრო ბაზის ყოფილი მეთაურის, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ოკუპირებული ქალაქ გორის კომენდანტის, გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვის ბათუმური გარემოცვის წევრები დააპატიმრეს.
„პეტრე დევრიშაძე ჩემი ძმაა, მაგრამ მე 21 წელია ამერიკაში ვარ წამოსული. ბუნებრივია არაფერი ვიცოდი, რაში იყო გარეული. რაც გავიგე იმის შემდეგ შოკში ვარ.ენვერ დევრიშაძე
კერძოდ, ბათუმში, რუსეთის არმიის ყოფილი მე-17 სკოლის, ყოფილი დირექტორი, 62 წლის პოლკოვნიკი მიხეილ ვიალოვი;
ასევე ბათუმში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები: იური სკლირნიკოვი, რომელიც წარსულში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა და იური მარჩუკი. ეს უკანასკნელი გენერალ ბორისოვის თანაშემწე იყო, როცა ბორისოვი აჭარაში განლაგებულ რუსეთის მე-12 სამხედრო ბაზას მეთაურობდა.
7 ოქტომბერს, დახურულ დარბაზში, ბათუმის სასამართლომ ვიალოვსა და მარჩუკს ყალბი ფულის გავრცელების ბრალდებით 6-6 წელი, ხოლო სკრილნიკოვს - 18 წელი მიუსაჯა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტს, ქართული სპეცსამსახურების მორიგი უხეში პროვოკაცია უწოდა.
"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ოქტომბერში ასევე დააკავეს საქართველოში რუსეთის თანამემამულეთა კავშირის "ოტჩიზნას" და ამიერკავკასიის კაზაკთა კავშირის ხელმძღვანელი ვალერი სვარჩუკი, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს. სვარჩუკი ამჟამად მოსკოვშია და ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
რამდენად დაკავშირებულია ეს დაპატიმრებები ერთმანეთთან, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ისურვეს. ექსპერტი უსართხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს
„თავის დროზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ჯაშუშები გამოავლინა, მოხდა მათი პიარ-კამპანიისთვის გამოყენება, რამაც ძალიან ცუდი შედეგები მოგვიტანა იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთი მაქსიმალურად გაღიზიანდა.
ამ შემთხვევაში, ჩვენმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა რა წინა „შეცდომა“, შეეცადა მაქსიმალურად დაეხურა ინფორმაცია.
გაღიზიანება გამოიწვია სწორედ იმ პიარ-კამპანიამ. დასავლეთის თვალში ეს სილის გაწნა იყო. ამ შემთხვევაში, ჩვენმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა რა წინა „შეცდომა“, შეეცადა მაქსიმალურად დაეხურა ინფორმაცია.
ეს თავისთავად, უკვე მეორე ტიპის პრობლემას წარმოშობს. კითხვებს, რომ ზედმეტი დახურულობა ხომ არ იწვევს სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრებას ან გამწვავებას. უნდობლობის საკითხიც წინა პლანზე წამოიწევა“.
საქართველოს ძალოვან უწყებებში, როგორც ჩანს სიმბოლურ თარიღებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. 2006 წელს, რუსეთის ჯაშუშების ქსელი ვანო მერაბიშვილის უწყებამ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს გამოაშკარავა.
მაშინ საქართველოს სპეცსამსახურებმა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის ოფიცრები დააკავეს. მათ შორის, პოდპოლკოვნიკები ალექსანდრე სავა და დიმიტრი კაზანცევი, მეორე რანგის კაპიტანი ალექსანდრე ზაგოროდნი, მაიორი ალექსანდრე ბარანცევი, ოფიცრები ამირ ასლანიანი და რუსლან სკრილნიკოვი.
2006 წელს, მოსკოვის რეაქცია ელვისებური იყო, ექვსი რუსი ჯაშუშის აყვანას - რუსეთის ელჩის გაწვევა, საქართველოსთან საფოსტო კავშირის და საჰარეო მიმოსვლის აკრძალვა, სავაჭრო ემბარგო და რუსეთში ეთნიკურ ქართველთა მასობრივი დევნა და დეპორტაცია მოჰყვა.
როგორ მიიღებენ, მოსკოვში, ხვალ, სამხედრო მზვერავის დღესაწაულზე მორიგ ქართულ „საჩუქარს“, ეს, ახლო მომავალში გამოჩნდება.