ელენე ბარათაშვილი თბილისი
საქართველოს პარლამენტმა დღეს ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ დადგენილება მიიღო, რომელშიც, კერძოდ ნათქვამია: „ ქსენოფობიის პრობლემა რუსეთში ახალი არ არის, მაგრამ ერთია, როცა რასიზმის პროპაგანდას ექსტრემალურად განწყობილი ადამიანები ეწევიან და სხვაა, როცა ქსენოფობიისა და ადამიანთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ორგანიზატორად და წამქეზებლად თავად რუსეთის ხელისუფლება გამოდის “. უფრო ვრცლად აღნიშნული დადგენილების შესახებ უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე გვესაუბრება : - მიღებული დადგენილება არის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, ძირითადად ქსენიფობიას შეეხება.საქართველოს პარლამენტი ამ დადგენილების მიღებით ერთის მხრივ აფიქსირებს იმ დარღვევებს, ქსენოფობიის მომენტებს, რომლებსაც, რუსეთი სჩადის, მეორეს მხრივ ასეთ განცხადებებს როცა იღებს პარლამენტი , ეს არის განაცხადი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ეს ქვეყანა ვინაიდან გმობს ამას, თვითონ მსგავს არ გააკეთებს. დადგენილება არ არის არც ბერკეტი, არც ზეწოლა, არც მუქარა. ეს არის კონსტატაცია, რომ საქართველოს მხარე ასე არასდროს მოიქცევა.. ქართველების მასიური დეპორტაცია მოსკოვის აზრით ემსახურებოდა იმას, რომ ხალხი იქნებოდა უკმაყოფილო, უკმაყოფილება სადღაც გამოიხატებოდა და გიორგაძის პარტიის შეხვედრებზე უფრო მეტი ხალხი მივიდოდა. მოხდა საპირისპიროდ. 200-წლიანი ჩვენი ნაცნობობის შემდეგ რუსეთს ელემენტარულად წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, როდის არის ქართველი ხალხი დაქსაქსული და როდის შეკრული !