ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ECHR: რუსეთი 70 მილიონის ნაცვლად, საქართველოს 10 მილიონს გადაუხდის


ეთნიკური ქართველების დამამცირებელი დეპორტაცია რუსეთიდან, 2006 წლის ოქტომბერი
ეთნიკური ქართველების დამამცირებელი დეპორტაცია რუსეთიდან, 2006 წლის ოქტომბერი

რუსეთმა 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს საქართველოს 1500 მოქალაქეს, რომლებიც 2006 წელს, ეთნიკური ნიშნით, არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი, კოლექტიური დეპორტაციის შედეგად საქართველოში გამოაძევა.

ასეთი გადაწყვეტილება დღეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ (ECHR) გამოიტანა. დიდი პალატის 17 მოსამართლიდან ამ განაჩენს 16-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი, როგორც მოსალოდნელი იყო მხოლოდ რუსი მოსამართლე წავიდა.

1500 დაზარალებულიდან, ისინი ვინც, 2006 წლის შემოდგომაზე, რუსეთში უკანონო დაკავების, პატიმრობის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა - 10 ათასიდან 15 ათასამდე ევროს მიიღებს; კოლექტიურ დეპორტაციაში მოყოლილ ადამიანებს კი 2000 ევროს გადაუხდიან.

ქართველები მოსკოვის აეროპორტში დეპორტაციის მოლოდინში, 2006
ქართველები მოსკოვის აეროპორტში დეპორტაციის მოლოდინში, 2006

საქართველომ დეპორტირებულთა საქმეზე სახელმწიფოთაშორისი განაცხადით რუსეთს ECHR-ში 2007 წლის მარტში უჩივლა. 2009 წელს, სარჩელი დასაშვებად სცნეს და მისი განხილვა დიდმა პალატამ დაიწყო, სადაც მოწმეების ჩვენებები 2011 წელს მოისმინეს.

2014 წლის ივლისში დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, მაშინ სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპენსაციის დასადგენად მზად არ იყო და მხარეებს კონკრეტულ თანხაზე შესათანხმებლად ერთი წელი მისცა.

ევროსასამართლოში, კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ 2001 წლის პრეცედენტულ საქმეზე დაყდრნობით, (ECHR-მ მაშინ თურქეთს 90 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა) საქართველომ რუსეთისგან დეპორტირებულებისთვის 70 მილიონი 320 ათასს ევროს ოდენობის კომპენსაცია მითხოვა. ვინაიდან, რუსეთი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა, ევროსასამართლო საქმის განხილვას მიუბრუნდა და დღეს, კომპენსაციად 10 მილიონი ევრო განსაზღვრა.

რუსეთმა ეს თანხა საქართველოს სახელმწიფოს 2019 წლის 1 მაისამდე უნდა ჩაურიცხოს. აღსრულების პროცედურაზე პასუხისმგებელი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტია.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კაციტაძემ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ საკომპენსაციო თანხის ოდენობის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ECHR-ის გადაწყვეტილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია:

საქართველოსთვის ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. გამომდინარე იქედან, რომ მსგავს პრეცედენტულ საქმეზე, კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ამ დრომდე აღსრულებულიც კი არ არის. მეორე მხარეა, რამდენად ადექვატურია საკომპენსაციაო თანხის ოდენობა, საქართველოს მთავრობა ჯამში 70 მილიონ ევროზე მეტს ითხოვდა, ევროსასამართლომ კი 10 მილიონი დაადგინა“
ნათია კაციტაძე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი

„საქართველოსთვის ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. გამომდინარე იქედან, რომ მსგავს პრეცედენტულ საქმეზე, კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ამ დრომდე აღსრულებულიც კი არ არის, ბევრი სპეციალისტი ასეთი კატეგორიის საჩივრებს თავიდანვე ძალიან სკეპტიკურად უყურებდა.

მოპასუხე რუსეთიც პრინციპში ამას ამტკიცებდა, რომ ასეთ საქმეებზე დაზარალებულების იდენტიფიცირება ძალიან ძნელია და აქედან გამომდინარე კომპენსაციის გადახდა არ უნდა მოხდესო. ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი განაჩენის დადგომა ცალსახად წარმატებულია.

მეორე მხარეა, რამდენად ადექვატურია საკომპენსაციაო თანხის ოდენობა, საქართველოს მთავრობა უკანონო პატიმრობაში მოხვედრილი თითოეული დეპორტირებულისთვის - 20 000 ევროს, ხოლო მათთვის ვინც არ დაუკავებიათ და მხოლოდ გამოაძევეს - 10 000 ევროს, ჯამში კი 70 მილიონზე მეტს ითხოვდა. ევროსასამართლომ კი მხოლოდ 10 მილიონი დაადგინა.“

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ECHR-ის გადაწყვეტილება „საკუთარ გამარჯვებად“ გამოაცხადა. რუსული მხარე აცხადებს, რომ საქართველომ სარჩელში თავდაპირველად დაფიქსირებული 4634 დეპორტირებულის ზუსტი მონაცემების წარდგენა ვერ შეძლო და სწორედ ამის შედეგია ის, რომ 70 მილიონი ევროს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი წულუკიანი ადასტურებს, რომ 2015 წლამდე, მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემი იყო დამუშავებული და სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნილი. წულუკიანი მთელ პასუხისმგებლობას ყოფილ მინისტრებს (ეკა ტყეშელაშვილი 2007-08, ნიკა გვარამია 2008, ზურაბ ადეიშვილი 2008-12) აკისრებს.

რატომ ვერ მოხდა სარჩელში დიდი ხარვეზის 2012-15 წლებში აღმოფხვა? წულუკიანის უწყება, თავს იმით იმართლებს, რომ „2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლამდე, დავის არცერთ ეტაპზე, რუსეთის ან სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან, 2007 წელს საქართველოს მიერ მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემის წარდგენის თაობაზე რაიმე ტიპის არგუმენტი ან შეკითხვა არ წამოჭრილა.“

რუსეთმა სწორედ 2015 წლის სექტემბერში მიუთითა ECHR-ს, რომ საქართველოს სტრასბურგში „მხოლოდ ერთი ასეული დაზარალებულის მონაცემი ჰქონდა წარდგენილი“. ამის შემდეგ, ECHR-მ დაზარალებულთა სახელობითი სია მოითხოვა.

აღმოჩნდა, რომ 2007-2015 წლებში, იუსტიციის სამისტროში არავის მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ სახელმწიფოთაშორისო სარჩელში 4634-ის ნაცვლად 118 დეპორტირებულის მონაცემი იყო შეტანილი.

რუსული პრესა ქართველების დეპორტაციაზე, 2006 წლის "პრავდა"
რუსული პრესა ქართველების დეპორტაციაზე, 2006 წლის "პრავდა"

იუსტიციის სამინისტროს ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, 2006 წელს დეპორტირებულთა ძებნა 2016 წელს მოუხდა. დადგენილ ვადაში კი მხოლოდ 1795 დაზარალებულის იდენტიფიცირება მოხერხდა, ეს სია ECHR-ს „საილუსტრაციოდ“ გაეგზავნა, 1795 კაციანი სიიდან კი ევროსასამართლომ დაზარალებულად მხოლოდ 1500 საქართველოს მოქალაქე მიიჩნია. იუსტიციის სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში კერძოდ ვკითხულობთ:

1795 მსხვერპლის მონაცემის შეგროვება იუსტიციის სამინისტროსთვის ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან გამოძევებიდან 10 წლის შემდეგ, როდესაც არ არსებობს თავის დროზე აღრიცხული მონაცემები და სათანადო ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ, საჭირო გახდა ამ სიის თითქმის ნულიდან შედგენა"
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

„1795 მსხვერპლის მონაცემის შეგროვება იუსტიციის სამინისტროსთვის ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან გამოძევებიდან 10 წლის შემდეგ, როდესაც არ არსებობს თავის დროზე აღრიცხული მონაცემები და სათანადო ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ, საჭირო გახდა ამ სიის თითქმის ნულიდან შედგენა... გაცილებით მარტივი და აუცილებელიც იყო 2007 წელს, სასამართლოში საჩივრის შეტანის დროს ამ სიის შედგენა, მაგრამ ეს არ გაკეთებულა.“

რუსეთმა ეთნიკური ნიშნით, საქართველოს მოქალაქეების დამამცირებელი, არაადამიანური და მასობრივი დეპორტაცია 2006 წლის შემოდგომაზე, თბილისში, რუსეთის GRU-ს ოთხი ჯაშუშის: პოლკოვნიკ სავას, მაიორ კაზანცევის, პოდპოლკოვნიკების ზავგოროდნის და ბარანოვის დაკავების შემდეგ დაიწყო. დეპორტაციის პროცესი 2007 წლის იანვრამდე გაგრძელდა.

მასშტაბურ ანტიქართულ სახელმწიფო კამპანიას, რუსეთიდან, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 5000-მდე საქართველოს მოქალაქის იძულებითი დეპორტაცია მოჰყვა. აქედან 2500-მდე ქართველი საპატიმროში და უცხოელთა განთავსების დროებით ცენტრში მოხვდა.

2006 წლის 17 ოქტომბერს, მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტის სპეცსაკანში, დეპორტაციის მოლოდინში ასთმით დაავადებული 58 წლის თენგიზ ტოგონიძე დაიღუპა, მას სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. 2 დეკემბერს კი ნოვოსლობოდსკის სპეცდაწესებულებაში აფხაზეთიდან დევნილი 51 წლის მანანა ჯაბელია გარდაიცვალა, იგი მოსკოვში ლეგალურად იმყოფებოდა.

მოსკოვში დეპორტაციისას გარდაცვლილ მანანა ჯაბელიას წესი პატრიარქმა აუგო
მოსკოვში დეპორტაციისას გარდაცვლილ მანანა ჯაბელიას წესი პატრიარქმა აუგო

სხვა წყაროების მიხედვით, ზუსტად იმ პერიოდში, რუსეთში, საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე: 45 წლის რევაზ ბერულავა, 42 წლის ზურაბ მუზაშვილი და 56 წლის ლიონ კუკავაც გარდაიცვალნენ, თუმცა რუსული მხარე დღემდე კატეგორიულად უარყოფს, რომ ისინი კოლექტიურ დეპორტაციას შეეწირნენ.

ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე 2006 წლის 20 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ რუზაში, 9 თვის ფეხმძიმე, ჯიმითელი ლია შიოშვილისა და მისი ოთხი არასრულწლოვანი შვილის დაკავება გახდა. ისინი უმძიმეს პირობებში, რუზადან დაღესტანში მატარებლით გამოაძევეს, რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთა კი ტანჯულმა ქართულმა ოჯახმა მხოლოდ დეკემბერში შეძლო. 15 დეკემბერს გურჯაანის საავარდმყოფოში ლია შიოშვილის მშობიარობა უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა, ნაყოფი მკვდარი დაიბადა.

ლია შიოშვილმა ევროსასამართლოში რუსეთს 2011 წელს უჩივლა, დავა 2016 წელს მოუგო და 2017 წელს კომპენსაციის სახით 30 000 ევრო მიიღო. ECHR-მ რუსეთს, მოსკოვში დეპორტაციის დროს გარდაცვლილი თენგიზ ტოგონიძისა და მანანა ჯაბელიას ოჯახებისთვის, კომპენსაციის სახით, შესაბამისად 40 და 70 ათასი ევროს გადახდა აიძულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG