ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეპორტაციის საქმეზე საქართველოს მთავრობის პოზიცია უცნობია


ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს შენობა, სტრასბურგი, საფრანგეთი

3 ივლისს იწურება შეთანხმების ვადა, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოსა და რუსეთს მისცა 2006 წლის დეპორტაციის საქმეზე შეთანხმების მისაღწევად. ამ ეტაპზე უცნობია რა გეგმები აქვს საქართველოს მთავრობას დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

2015 წლის 3 ივლისს გასდის ვადა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილ მითითებას იმის შესახებ, რომ ქართული და რუსული მხარე ერთმანეთში უნდა შეთანხმდნენ დეტალებზე 2006 წელს სტრასბურგში შეტანილი საქმის ირგვლივ, რაც საქართველოს მოქალაქეთა მასობრივ დეპორტაციას ეხებოდა.

ამ ერთი წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს - საქართველოსა და რუსეთს - მისცა ვადა, რომ თავად შეთანხმებულიყვნენ კომპენსაციის თემაზე. ერთი წლის მანძილზე არსებობდა მოლოდინი, რომ რაღაც სახის კონტაქტი, კომუნიკაცია საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის უნდა ყოფილიყო. მინიმუმ, ისეთ დონეზე, რომ დაწყებულიყო მოლაპარაკებები, გაგვერკვია, როგორია რუსეთის პოზიცია, საერთოდ აპირებს თუ არა რაიმე სახის კომპენსაციის გადახდას საქართველოს მოქალაქეებისთვის.
თამარ აბაზაძე

2006 წელს საქართველოს სახელმწიფომ საჩივრით მიმართა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ და მოითხოვა 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება. სტრასბურგის გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე გასულ წელს, 3 ივლისს გამოვიდა, სადაც სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებების დარღვევა ევროკონვენციის 6 მუხლით, თუმცა სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე დასკვნა არ გამოუტანია. სტრასბურგმა ეს პუნქტი ღიად დატოვა და მხარეებს ერთი წლის ვადა მისცა იმისთვის, რომ თავად შეთანხმებულიყვნენ როგორც საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე, ისე მისი დაკმაყოფილების გრაფიზე. ეს ვადა ზუსტად სამ კვირაში იწურება, თუმცა ამ დრომდე არაფერია ცნობილი არც საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე და არც მის შედეგზე.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ 26 მაისს რუსეთს ამოეწურა სტრასბურგთან კომუნიკაციის ვადა დეპორტაციის საქმეზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, რომელიც სტასბურგის საქმეებზე მუშაობს, თამარ აბაზაძე ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს:

„ამ ერთი წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს: საქართველოსა და რუსეთს მისცა ვადა, რომ თავად შეთანხმებულიყვნენ კომპენსაციის თემაზე. ერთი წლის მანძილზე არსებობდა მოლოდინი, რომ რაღაც სახის კონტაქტი, კომუნიკაცია საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის უნდა ყოფილიყო. მინიმუმ, ისეთ დონეზე, რომ დაწყებულიყო მოლაპარაკებები, გაგვერკვია, როგორია რუსეთის პოზიცია, საერთოდ აპირებს თუ არა რაიმე სახის კომპენსაციის გადახდას საქართველოს მოქალაქეებისთვის. თუმცა ამ კუთხით, რაიმე ტიპის ინფორმაციას არ ვფლობთ. ჩვენ ვაპირებთ, 3 ივლისის შემდეგ, როდესაც ეს ვადა გადის, მივმართოთ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია, რათა გავარკვიოთ, რა ხდება კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ამ ერთი წლის განმავლობაში რა სახის კომუნიკაცია არსებობდა რუსეთის იუსტიციის სამინისტროსთან და რით დასრულდა დაწყებული კომუნიკაცია თუ მოლაპარაკებები“.

გარდა სახელმწიფოთაშორისი სარჩელისა, 2006 წლის დეპორტაციის საქმეზე, კერძო 13 სარჩელიც არსებობს, რომელთაც ადვოკატირებას სტრასბურგში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს.

„თუ შეთანხმება არ იქნა მიღწეული სამართლებრივად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კვლავ შეუძლია მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, აცნობოს, რომ ამ საკითხზე მოგვარება ვერ შედგა, ვერანაირ კომპრომისადმდე და გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ მხარეები და მოსთხოვოს სტრასბურგის სასამართლოს, თავად გადაწყვიტოს და განიხილოს კომპენსაციის საკითხი,“- ამბობს თამარ აბაზაძე.

სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციის დასაფიქსირებლად ამერიკის ხმამ იუსტიციის სამინისტროს მიმართა. ჩვენთან საუბრისას როგორც მარიამ სხილაძემ, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, ამ ეტაპზე სტრასბურგის საქმეების იგრვლივ კომენტარების გაკეთებაზე მინისტრის მიერ მორატორიუმია გამოცხადებული. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები, ვინც დეპორტაციის საქმეებზე მუშაობს, ამჟამად სტრასბურგში იმყოფებიან მივლინებით.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უარს განაცხადებს ითანამშრომლოს 2006 წლის დეპორტაციის საქმის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ, სტრასბურგს თავად მოუწევს სანქციების დაწესება. რაც შეეხება 2008 წლის ომის საქმეებს, რომლებიც ასევე წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში როგორც ინდივიდუალური სარჩელების სახით, ასევე სახელმწიფოთაშორისი სარჩელით, სტრასბურგს მათი განხილვა ჯერ არ დაუწყია.

XS
SM
MD
LG