კრემლი ამტკიცებს რომ უკრაინაში შეტევის ტემპს განზრახ ანელებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეტევის ტემპს შეგნებულად ანელებს, რათა თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

ეს მაშინ, როცა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში ასობით ბავშვის, ათასობით ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე უკვე შეეწირა. მონაცემებს ყოველთვიურად გაერო ანახლებს. დადასტურებული მონაცემებით რუსეთის იერიშებს საცხოვრებელ სახლებზე, სკოლებზე, საბავშვო ბაღებზე, საავადმყოფოებსა და თავშესაფრებზე ათასობით ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა.

Your browser doesn’t support HTML5

რუსული „ტერორი“ უკრაინაში

სპეციალისტების ნაწილი კი თვლის, რომ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს შეგნებულად ზრდის.

„ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე – სამეთაურო პუნქტებზე, აეროდრომებზე, საწყობებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე ხორციელდება მაღალი სიზუსტის იარაღით. ამავდროულად, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილება მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ“, – შოიგუს ამ განცხადებას მედიაგამოცემა "მედუზა" ავრცელებს.

Your browser doesn’t support HTML5

აფეთქებები ანექსირებულ ყირიმში და უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები

შოიგუ ამტკიცებს, რომ რუსეთი "მაღალი სიზუსტის" იარაღს იყენებს, თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ასე არ არის და რუსეთი მოძველებულ, საბჭოთა დროინდელ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკასაც იყენებს. ეს კი ისედაც მიზანმიმართულად სამოქალაქო ობიექტებზე მიტანილი იერიშების პარალელურად კიდევ უფრო ზრდის მსხვერპლის რაოდენობას მშვიდობიან მოსახლეობაში.