ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული „ტერორი“  - ომის ახალი ფაზა?


უკრაინაში რუსული ომის სისასტიკე, 24 თებერვლიდან მოყოლებული, ყოველდღიურად ავსებს სოციალური ქსელებისა და მედია გამოცემების ფურცლებს. რუსული ჯარი ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს. მიაქვს იერიშები საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე, სკოლებსა და საბავშვო ბაღებზე. კიევზე რუსეთის მიერ მიტანილი შეტევის შემდეგ, ბუჩასა და ირპინიდან გავრცელებული ამბები, აჩვენებს, რომ რუსი სამხედროები, კიევის დედაქალაქის შემოგარენში აუპატიურებდნენ ქალებს, მათ შორის ბავშვებს და აწამებენ მშვიდობიან მოსახლეობას.

თუმცა მთავარი იარაღი, რასაც რუსეთი ომის უკანასკნელ თვეებში იყენებს, სარაკეტო იერიშებია, მათ შორის სამოქალაქო სამიზნეებზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით ომის დროს 12 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა. არსებობს ვარაუდი, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები.

ფოტო გრაფიკა, მომზადებულია გაეროს მონაცემების თანახმად.
ფოტო გრაფიკა, მომზადებულია გაეროს მონაცემების თანახმად.

ტერორიზმი - ომის ახალი ფაზა

სარაკეტო იერიშები, ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, შესაძლოა უკრაინაში რუსეთის ომის ახალი ფაზაზე მიუთითებდეს, სადაც მსგავსი თავდასხმები ომის ჩვეულებრივ შემადგენელ ნაწილად იქცევა. ეს მაშინ, როცა სამოქალაქო ობიექტებზე იერიში ომის დანაშაულადაა მიჩნეული.

კორპორაცია „რენდის“ სამხედრო ანალიტიკოსი კარლ მალერი ფიქრობს, რომ რუსეთის ეს ქმედებები შესაძლოა უკრაინელი სამხედროების გადაღლას, მოსახლეობის დაშინებას და მათზე ემოციური გავლენის მოხდენას უკავშირდებოდეს.

„რუსეთი ბრძოლის ველზე წარმატებისთვის ყველაფერზე მიდის, მათ მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა წინსვლაში დაეხმარებათ. [რუსი სამხედროები] კლავენ ათასობით უკრაინელ სამოქალაქო პირს, რათა რაც შეიძლება გაზარდონ მსხვერპლის რაოდენობა. ზოგ შემთხვევაში სავარაუდოდ შეცდომით არჩევენ სამიზნეებს, ან არასწორად ახდენენ სამიზნეების იდენტიფიცირებას. შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში ეს ძველი და მწყობრიდან გამოსული იარაღის გამოყენებასაც უკავშირდებოდეს. თუმცა მრავალია ისეთი შემთხვევა, როცა ისინი მიზანმიმართულად ესხმიან თავს სამოქალაქო ობიექტებს. რადგან ფიქრობენ, რომ ამით უკრაინელ სამხედროებს გატეხავენ,“- ამბობს მალერი.

სენატის რეზოლუცია

ანალიტიკოსებთან ერტად, ამერიკელ კანონმდებლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში ტერორიზმის ნიშნებს

შეიცავს. სწორედ ამ მიზნით ამერიკის სენატში მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც კანონმდებლებმა მოუწოდეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში, ჩეჩნეთში, უკრაინასა და სირიაში ჩადენილი ქმედებების გამო, რამაც „დიდი რაოდენობის უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების სიკვდილი გამოიწვია“, მოსკოვი ტერორისტულ ქვეყნად უნდა გამოცხადდეს.

ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოთა სიას, სახელმწიფო დეპარტამენტი ადგეს. თუ დეპარტამენტი კონგრესში კანონმდებლების პოზიციას გაიზიარებს, რუსეთი შეუერთდება სიას, რომელშიც სირია, ირანი, კუბა და ჩრდილოეთ კორეა შედიან.

რუსული „ტერორი“ - ომის დანაშაული

კრემლი ამტკიცებს, რომ მათი სამიზნე სამხედრო ობიექტებია. ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთი იტყუება. და მაშინაც კი თუ რუსეთს იერიში მიაქვს სამხედრო ობიექტებზე, რომლის

დროსაც იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, აქვთ თუ არა რუს სამხედროებს ამის უფლება? - პასუხია არა, რადგან როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ეს სამხედრო დანაშაულია.

„რუსეთში ამბობენ, რომ სამხედრო წერტილებს ბომბავენ, თუმცა ესეც დანაშაულია, რადგან ომის წესებით, სამიზნეზე იერიშის მიტანა დაუშვებელია თუ ის მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს გამოიწვევს. მაგალითად დაუშვებელია ააფეთქო მთლიანი შენობა, თუ მასში მოწინააღმდეგის ერთი სამხედრო იმყოფება და ყველა სხვა მშვიდობიანი მოქალაქეა,“- ამბობს კორპორაცია „რენდის“ სამხედრო ანალიტიკოსი კარლ მალერი.

მალერი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს ამბობს, რომ რაც დრო გადის, რუსეთი სულ უფრო და უფრო აფართოებს იერიშებს სამოქალაქო ობიექტებზე და ამან შესაძლოა კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღოს.

„ შესაძლოა ვლადიმირ პუტინმა კიდევ უფრო გააფართოვოს ტერორი. თუ რუსეთი ბრძოლის ველზე დამაკმაყოფილებელ შედეგს ვერ მიაღწევს, შეიძლება მიზნების მიღწევას ამ გზით შეეცადოს,“- ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

სამხედრო ანალიტიკოსები თვლიან, რომ გამოსავალი უკრაინელებისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდებაა, რომლითაც უკრაინა სამოქალაქო ობიექტებს დაიცავს.

„ჯერ-ჯერობით რა სურათსაც ვუყურებთ, დასავლეთი უფრო და უფრო აფართოებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. ვაშინგტონი და დიდი ბრიტანეთი სამხედრო იარაღის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან. მნიშვნელოვანია უკრაინამ მიიღოს საჰაერო სისტემები, რომლითაც ისინი შეძლებენ თავის და მოსახლეობის დაცვას,“- თქვა მალერმა.

უკრაინას ამ დროისთვის სამხედრო დახმარება 37-ზე მეტმა ქვეყანამ აღმოუჩინა, მთავარი კონტრიბუტორები ამერიკა და დიდი ბრიტანეთია. ვაშინგტონმა კიევისთვის გასულ კვირას, დამატებით 550 მილიონი დოლარის პაკეტი გამოჰყო.

უკრაინაში ცოტა ხნისწინ ჩავიდა გერმანული წარმოების „ჯეპარდის“ თვითმავალი საზენიტო სისტემა, რომლითაც უკრაინა შეძლებს სამოქალაქო ობიექტების ნაწილის დაცვას. არსებული ინფორმაციით ბერლინმა კიევს, „ჯეპარდის“ 3 საჰაერო სისტემა მიაწოდა.

"დემოკრატიის არსენალი" - ლენდ-ლიზი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:26:54 0:00

„უკრაინას უნდა მივაწოდოთ საჭირო იარაღი რათა მათ შეაჩერონ რუსული დაბომბვები, რომელიც ამდენ უდანაშაულო ადამიანს კლავს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი უკრაინის დასახმარებლად, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს,“- ამბობს თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი.

კიევში ამბობენ, რომ მზარდი სამხედრო დახმარების მიუხედავად, ფრონტის ხაზზე რუსეთი დიდ უპირატესობას ფლობს. უკრაინა პარტნიორებისგან, როგორც სარაკეტო იერიშების მოსაგერიებლად, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად, კიდევ უფრო მეტ დახმარებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG