პუტინი სი ძინპინს ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიდეოკონფერენცია გამართა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. ჩინეთის ლიდერთან საუბრის რვა წუთი, სახელმწიფო ტელევიზიებით გადაიცა. პუტინმა თქვა, რომ მომავალ გაზაფხულზე ელოდება მისი "ძვირფასი მეგობრის" სის სახელმწიფო ვიზიტს მოსკოვში, რათა "მსოფლიოს აჩვენონ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების სიახლოვე".

პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. სიმ მის ორწუთიან პასუხში აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა გაზარდოს სტრატეგიული თანამშრომლობა რუსეთთან მისი თქმით "რთული" სიტუაციის ფონზე მთელ მსოფლიოში.

თუმცა, ჩინური მხარის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, აღნიშნული იყო, რომ ორმა ლიდერმა ალიანსის ჩამოყალიბების საკითხზე მათ მიდგომებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა. პეკინის მხარეს არ უხსენებია ვიზიტის შესაძლებლობა. ჩინეთმა გაიმეორა, რომ მისი მიდგომა უკრაინის საკითხზე "სამართლიანი და ობიექტური" რჩება. პეკინს არც მხარდაჭერა გამოუხატია და არც დაუგმია რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში.

ასევე ნახეთ: ჩინეთის საავადმყოფოები კოვიდ-19-ის შემთხვევებით გადატვირთულია 

მოსკოვი ცდილობს პეკინთან ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების კავშირების გაღრმავებას მას შემდეგ, რაც თებერვალში თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში გაგზავნა. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას.

ასევე ნახეთ: რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა

ამასთან, პეკინმა გაზარდა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვები მას შემდეგ, რაც ევროპულმა ქვეყნებმა შეწყვიტეს რუსული ნავთობის იმპორტი, ხოლო მოსკოვმა საჯაროდ დაუჭირა მხარი სის პოზიციას ტაივანთან დაკავშირებით და დაადანაშაულა დასავლეთი თვითმმართველი კუნძულის სტატუსზე კონფლიქტის პროვოცირებაში. ტაივანს პეკინი მის ტერიტორიად მიიჩნევს.