ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის საავადმყოფოები კოვიდ-19-ის შემთხვევებით გადატვირთულია 


მობილური კოვიდ-დიაგნოსტიკის კლინიკა ჩინეთის პროვინციაში

გადაუდებელი დახმარების 30-წლიანი გამოცდილების მქონე ექიმი - ჰოვარდ ბერნშტეინი ამბობს, რომ პაციენტების მსგავსი მოზღვავება ჩინეთში არასდროს უნახავს. ჩინეთის საავადმყოფოებში პაციენტთა რაოდენობა თანდათან მატულობს და პიკს უახლოვდება.

ეს პანდემიის დაწყების დღიდან ჩინეთში კორონავირუსის ინფექციის ყველაზე დიდი აფეთქებაა. ჰოსპიტალიზებულთა უმეტესობა ასაკოვანი ადამიანია, რომლებიც კოვიდ-19-ის გამო თავს ცუდად გრძნობენ, ძირითადად - პნევმონიის სიმპტომებით.

"საავადმყოფო თავიდან ბოლომდე გადატვირთულია... სარეანიმაციო განყოფილება სავსეა" - უთხრა ექიმმა ბერნშტეინმა სააგენტო "როიტერს". კერძო საავადმყოფო, რომელშიც ის მუშაობს, პეკინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ბერნშტეინის მსგავს სიტუაციას აღწერენ ექიმები მთელი ჩინეთის მასშტაბით. ჯანდაცვის სპეციალისტები მომხდარს "ნულოვანი კოვიდის" მკაცრი პოლიტიკის სწრაფი და მკვეთრი შემსუბუქებით ხსნიან.

ოფიციალური მონაცემებით, მარტო ერთ, ჟეძიანგის პროვინციაში, დღეში მილიონზე მეტი ინფიცირებული აღირიცხება. უახლოეს დღეებში ამ რაოდენობის გაორმაგებას ელიან და ფიქრობენ, რომ ინფიცირება პიკს საახალწლოდ მიაღწევს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ინფიცირების მსგავსი მასშტაბით ზრდის გამო, ათობით ათასი ხანდაზმული ადამიანი დაიღუპება, დღეში დაახლოებით - 5 000. ისინი ფიქრობენ, რომ ჩინეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი მილიონამდე გაიზრდება. ექსპერტები მთავრობის ოფიციალურ მონაცემებს არ ენდობიან და ამბობენ, რომ სავარაუდოდ, პოლიტიკური მოსაზრებებით, სიკვდილობის ნამდვილი მაჩვენებლები იქ არ გამოქვეყნდება. ჩინეთი აცხადებს, რომ უკვე მე-5 დღეა კოვიდ-19-ით ქვეყანაში არავინ დაღუპულა.

ჩინეთმა კოვიდ-19-ით გარდაცვალების კლასიფიკაცია შეცვალა. პაციენტი კოვიდით დაღუპულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კორონავირუსის ფონზე პნევმონიით, ან რესპირატორული გართულებით გარდაიცვლება. ამ ფაქტმა მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის ექსპერტების გაკვირვება გამოიწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG