ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის საავადმყოფოებში საწოლებს ამატებენ, ინფიცირების შემთხვევები მატულობს


მოსახლეობის რიგი ანტიგენის სწრაფ ტესტზე. ქ. ნანჯინგი, ჩინეთი. 15 დეკემბერი, 2022 წ.
მოსახლეობის რიგი ანტიგენის სწრაფ ტესტზე. ქ. ნანჯინგი, ჩინეთი. 15 დეკემბერი, 2022 წ.

ოფიციალური პეკინის მიერ სამშაბათს, 20 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის გამო, ჩინეთში დამატებით 5 პაციენტი დაიღუპა. პანდემიის მზარდი მონაცემების ფონზე, ჩინეთის ქალაქებში მდებარე საავადმყოფოებში, დამატებით საწოლებს ამონტაჟებენ. ნოემბერში გამოცხადებული "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკის გატარების შემდეგ, პეკინმა საპროტესტო აქციების ფონზე, საკარანტინო ზომების შემსუბუქება დეკემბრის დასაწყისიდან დაიწყო.

კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდის ფონზე, შეშფოთება საერთაშორისო მასშტაბითაც იზრდება. სპეციალისტები შიშობენ, რომ ჩინეთში დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. არ არის გამორიცხული, ვირუსის ახალი მუტაციები გაჩნდეს. ამას გარდა, ქვეყანას და მსოფლიო ეკონომიკას კვლავ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.

"სხვა ქვეყანაში ეპიდემიის ყოველი ახალი ტალღა, ახალი ვარიანტების რისკის მატარებელია. რისკი აფეთქების მოცულობასთან ერთად მატულობს. ჩინეთის ეს ახალი ტალღა კი ისე გამოიყურება, რომ ის დიდი იქნება" - ამბობს ალექს კუკი. ის სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ვიცე-დეკანია.

ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ მომდევნო თვეებში შესაძლოა ჩინეთის 60% დაინფიცირდეს. ეს კი მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ს უდრის. პანდემიის დროს მიღებული გამოცდილების მიხედვით, მსგავსი მასშტაბის ინფიცირება ნიშნავს იმას, რომ 2 მილიონზე მეტი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს.

"გარდაუვალია ჩინეთისთვის კოვიდ-19-ის დიდი ტალღის გავლა, რათა ის ენდემურ ფაზაში გადავიდეს, რომ მომავალში კარანტინით ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანი არ მიადგეს" - აღნიშნავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი. მან ორშაბათს, 19 დეკემბერს, ჩინეთში კოვიდ-19-ის გავრცელებაზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ ამ გარემოების მიუხედავად, ვირუსის შესაძლო მუტაცია "ხალხს საფრთხეს ყველგან შეუქმნის".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG