ვლადიმირ პუტინმა კრემლში დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. ჯერჯერობით შეხვედრის ზუსტი დრო უცნობია. გაურკვეველი რჩება, ტელეტრანსლიაცია ჩანაწერი იყო, თუ ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, ეს ჩანაწერია, რადგან ვიდეოში რუსეთის თავდაცვის მინისტრის საათი სხვა დროს აჩვენებდა.
კრემლში შეხვედრას რუსეთის უმაღლესი სამთავრობო თანამდებობების პირები ესწრებოდნენ და ისინი მიმდინარე პროცესებზე მსჯელობენ. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო უკრაინული დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადების საკითხი.
„მე მსურს ახლა პირადად თქვენგან მოვისმინო მოსაზრებები და ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება,“- თქვა პუტინმა რამდენიმე წუთის წინ ეთერით გასულ ვიდეოში. რუსეთის პრეზიდენტი სავარაუდოდ ამ შეხვედრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიაროს თუ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი უკრაინელი სეპარატისტებით კონტროლირებული ლუჰანსკი და დონეცკი.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამოთქმული შეხედულებებისთვის, მე ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ"- თქვა პუტინმა.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელმაც თქვა, რომ სეპარატისტული რეგიონების მახლობლად, უკრაინას დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა ჰყავს მობილიზებული. შოიგუ ამტკიცებს, რომ კიევს შესაძლოა დონეცკისა და ლუჰანსკის დაბრუნდება სურდეს.
ასევე ნახეთ: აშშ-ის საელჩო რუსეთში ამერიკის მოქალაქეებს საფრთხეების თაობაზე აფრთხილებსკიევის განმარტება
2014 წელს, რუსეთმა უკრაინაში ყირიმის ოკუპაცია განახორციელა და დაიწყო დაპირისპირება აღმოსავლეთ უკრაინაში, მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს და ადგილობრივ მთავრობას შორის. მას შემდეგ სეპარატისტები დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონს აკონტროლებენ. ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთმა ბოლო 8 წლის განმავლობაში რუსული პასპორტებიც დაურიგა.
უკრაინის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის კონფლიქტს 15 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სეპარატისტები ბოლო დღეებში ავრცელებენ ინფორმაციას დაბომბვების შესახებ, რის გამოც მათ რუსეთში ბავშვების, ქალების და მოხუცების ევაკუაციაც დაიწყეს, თუმცა მედიაში გავრცელებული აფეთქების კადრები ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. კითხვებს აჩენს ვიდეოების თარიღებიც, რაც აჩენს განცდას, რომ ეს შესაძლოა დადგმული იყოს.
გასულ კვირას, რუსეთის „დუმამ“ პუტინს მიმართა, აღიაროს დამოუკიდებელ ქვეყნებად ორი სეპარატისტული რეგიონი უკრაინაში. უშიშროების საბჭოს სხდომაზე შოიგუმ ისიც თქვა, რომ უკრაინა აღნიშნული სეპარატისტული რეგიონების დაბომბვას აგრძელებს.
ასევე ნახეთ: კრემლი: ბაიდენი-პუტინის სამიტის კონკრეტული გეგმები არ არსებობსკიევი რუსეთის მხრიდან წამოსულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ე.წ. ყალბი დროშის სპეცოპერაციაა, რომლის შესახებაც დასავლეთში ხშირად საუბრობენ. ვაშინგტონში არაერთხელ განმარტეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად საბაბს ეძებს და შესაძლო იყო მცდარი ინფორმაციების გავრცელება.
ცოტა ხნის წინ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. სერგეი ლავროვი ამბობს, რომ კიევი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, არღვევს დადებულ შეთანხმებებს და აგრძელებს თავდასხმებს სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე.
ლავროვმა გამოსვლის დროს დაადასტურა, რომ ის ამერიკელ კოლეგას, ენტონი ბლინკენს 24 თებერვალს შეხვდება.
პუტინის მიერ მოწვეულ საგანგებო უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ყველა გამომსვლელი მიიჩნევდა, რომ კრემლმა უკრაინის ტერიტორიული ერთეულების, დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს.