რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, პირველი ქართველი ოფიციალური პირია, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე, ლათას შემზარავ ტრაგედიას გამოეხმაურა.
1992 წლის 14 დეკემბერს, ტყვარჩელის რაიონის სოფელ აკუარჩაპანიდან აფრენილი რუსეთის შეიარაღებული ძალების MI-8 ტიპის ვერტმფრენი, გულრიფშის რაიონის სოფელ ლათასთან, ქართველმა მებრძოლებმა ჩამოადგეს.
ვერტმფრენს, რომელსაც რუსეთის ქალაქ სამარის სამკაციანი ეკიპაჟი (ევდოკიმოვი, ილიუხინი, მასკინი) მართავდა, ქართველების მიერ ბლოკირებული ტყვარჩელიდან ოკუპირებულ გუდაუთაში სხვადასხვა მონაცემებით, 80-დან 87 ადამიანამდე გადაჰყავდა, მათ შორის 35 ბავშვი და 30 ქალი.
აფხაზეთში, სოფელ ლათასთან 1992 წელს ჩამოგდებული, MI-8 ტიპის ვერტმფრენის ნაწილები, 2009 წლის ფოტო
ყველა მგზავრი ადგილზე დაიღუპა. დამწვარი ცხედრები მაშინვე გუდაუთაში გადაასვენეს და ქალაქის პარკში საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს.
„ზუსტად 20 წელი გავიდა ლათაში მომხდარი შემზარავი ტრაგედიიდან, როცა გაუგებრობის შედეგად ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მას რამდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის უმეტესად ქალები და ბავშვები ემსხვერპლა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ, რათქმაუნდა, ჩვენ გვახსოვს ეს დღე და არ დაგვიწყებია. ასეთი დღეების გამო არ შეიძლება ომები საერთოდ დავუშვათ. ესაა ომების ყველაზე საშინელი სახეპაატა ზაქარეიშვილი
აფხაზები ყოველწლიურად აღნიშნავენ ლათას ტრაგედიის თარიღს, როგორც 1992-93 წლების ომის ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ ეპიზოდს.
რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ლათას ტრაგედიასთან დაკავშირებით ბრძანა რომ ეს დღე აფხაზებთან ერთად ქართველებსაც უნდა ახსოვდეთ:
„ზუსტად 20 წელი გავიდა ლათაში მომხდარი შემზარავი ტრაგედიიდან, როცა გაუგებრობის შედეგად ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მას რამდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის უმეტესად ქალები და ბავშვები ემსხვერპლა.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ, რათქმაუნდა, ჩვენ გვახსოვს ეს დღე და არ დაგვიწყებია. ასეთი დღეების გამო არ შეიძლება ომები საერთოდ დავუშვათ. ესაა ომების ყველაზე საშინელი სახე, როცა ხშირად, გაუგებრობის გამო სამხედროები იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენსა და აფხაზებს შორის დღეს არ არის ისეთი ურთიერთობა, რომელიც ორივეს ეკადრება, ეს არნიშნავს, რომ არ უნდა გვახსოვდეს ეს დღე და ამას არ უნდა ვიხსენებდეთ.“
ლათას ტრაგედია, ქალაქ გაგრის დაცემიდან ერთ თვეში მოხდა, სადაც რუსმა, ჩრდილო კავკასიელმა და აფხაზმა მებრძოლებმა იქ დარჩენილი მოსახლეობა, დაახლოებით 1000-მდე ქართველი უსასტიკესი წამებით გაჟლიტეს.
1992 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კი რუსეთის არმიის რეგულარული ნაწილების დახმარებით, აფხაზებმა და ჩრდილო კავკასიელებმა ე.წ "აღმოსავლეთის ფრონტის" გახსნაც შეძლეს. რამდენჯერმე შეუტიეს ქალაქ ოჩამჩირეს, გადაწვეს ქართული სოფლები.
ამ ოპერაციებს აფხაზთა მხრიდან რამდენიმე ადგილობრივი ბოევიკი ხელმძღვანელობდა. მათ შორის, სოფელ ტამიშის მკვიდრი ასლან ზანთარია, რომელიც 1992 წლის აგვისტოდან, ომის დამნაშავე გენერალ ლეინენატ ვლადიმერ არშბასთან ერთად, ე.წ "აღმოსავლეთის ფრონტსა" და "ტყვარჩელის დაცვას" ედგა სათავეში. მოგვიანებით კი აძიუჟბა-ლაბრას მონაკვეთზე დივერსიულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
ასევე, ეროვნებით რუსი სამხედრო, ასევე ომის დამნაშავე ვლადიმერ ანცუპოვი. მოსკოვის სუვოროვისა და რიაზანის მედესანტეთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული აფხაზეთში 1968 წლიდან ცხოვრობდა. 1992 წლის ივნისში სოხუმში, სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა, აფხაზეთის ავტონომიის შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გივი ლომინაძის სამუშაო კაბინეტიდან გამოძევება და ცემა.
ომის დაწყების შემდეგ, ანცუპოვმა სამხედრო დაჯგუფება „კატრანი“ შექმნა და ოჩამჩირის რაიონში მოსკოვის მხარადჭერილ ე.წ "პარტიზანულ მოძრაობას" ჩაუდგა სათავეში. ეს ადამიანები იყვნენ პასუხისმგებელნი 1992 წლის შემოდგომაზე, რამდენიმე ქართული სოფლის, მათ შორის კოჩარას გადაწვაზე და ასეულობით ქართველის სისხლზე.
ბუნებრივია, რომ ქართველებს მათი განადგურება სურდათ. სისატიკით გამორჩეული ასლან ზანთარია სექტემბერში ქართველებმა მძიმედ დაჭრეს, შემდეგ რუსებმა ვერტმრენით გადაიყვანეს გუდაუთაში, სამხედრო ჰოსპიტალში უმკურნალეს და ოქტომბერში უკანვე დააბრუნეს.
1992 წლის 14 დეკემბერს, ქართულ დაზვერვას სავარაუდოდ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ასლან ზანთარია და ვლადიმერ ანცუპოვი ტყვარჩელის დატოვებას ისევ რუსული ვერტმფრენით აპირებდნენ. თუმცა, დღემდე უცნობია, იცოდნენ, თუ არა რომ რუსულ MI-8, მათთან ერთად ამდენი ქალი და ბავშვი გადაჰყავდა?!
რუსეთი აფხაზეთის ომის დროს, ბლოკირებულ ტყვარჩელში, სეპარატისტებს და დაქირავებულ ბოევიკებს, ცოცხალი ძალით და იარაღით, "ჰუმანიტარული ავიარეისების" საფარქვეშ ამარაგებდა
იმათგან, ვინც ეს ამბები შეიძლება იცოდეს საუბარი არავინ ისურვა. აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ ქართველებს ეს ინფორმაცია და ვერტმფრენის მარშრუტი იმ აფხაზებმა მიაწოდეს, რომლებსაც ბოევიკ ასლან ზანთარიასთან პირადი მტრობა ჰქონდათ. მეორე ვერსიით, კი ინფორმაციამ რუსეთის სამხედრო ბაზიდან გაჟონა.
საბოლოოდ, გაირკვა რომ ზანთარიასა და ანცუპოვთან ერთად, რუსეთის ვერტმფრენში კიდევ 12 მებრძოლი დაიღუპა, მათგან ორი დაქირავებული ადიღი (ბეკალდიევი და შაოვი) და ერთიც დაჭრილი რუსი, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი სერგეი, რომლის ვინაობაც არ გაამჟღავნეს.
ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ 1992 წელს, საქართველოს არმიის მიერ ბლოკირებულ ტყვარჩელში ე.წ "ჰუმანიტარული ავიარეისებით" რუსებს ცოცხალი სამხედრო ძალაც გადაჰყავდათ და დაჭრილები გამოჰყავდათ.
ეს ინფორმაცია, 2009 წელს, ირიბად ასევე დაადასტურა, რუსმა სამხერო მფრინავმა სერგეი პოდპრუგინმა, რომელმაც 1992 წლის 14 დეკემბერს, ასევე შეასრულა ტყვარჩელიდან რეისი და მეწყვილე MI-8 ვერტმფრენის ჩამოგდება ჰაერიდან დაინახა.
იმ დღეს ჩვენ ერთად ავფრინდით, ევდოკიმოვის MI-8 დაახლოებით 500 მეტრით უკან მოფრინავდა. როცა მოარტყეს ძალიან კარგად დავინახე, როგორც აფეთქდა ჰაერში და ტყეში ჩავარდა. როგორ მოხვდნენ ანცუპოვი და ზანთარია ბორტზე? აფხაზი სამხედრო ხელმძღანელობის მოთხოვნით. ჩვენ მხოლოდ რეისებს ვასრულებდით, ვინ ამოდიოდა ბორტზე და რა ამოქონდათ, ეს არ გვეხებოდა. გვეგონა, რომ ქართველები ვერ გაბედავდნენ რუსეთის ვერტმფრენის ჩამოგდებას"სერგეი პოდპრუგინი, რუსი სამხედრო მფრინავი
"ტყვარჩელიდან როცა მოვფრინავდით, ყოველთვის გვაცილებდა ჩვენი ორი SU-25, რომლებიც გუდაუთის ბაზაზე იყვნენ ბაზირებულნი, მაგრამ სწორედ იმ დღეს მათ დააგვიანეს მოფრენა.
იმ დღეს, ჩვენ ერთად ავფრინდით, ევდოკიმოვის MI-8 დაახლოებით 500 მეტრით უკან მოფრინავდა. როცა მოარტყეს ძალიან კარგად დავინახე, როგორც აფეთქდა ჰაერში და ტყეში ჩავარდა.
როგორ მოხვდნენ ანცუპოვი და ზანთარია ბორტზე? აფხაზი სამხედრო ხელმძღანელობის მოთხოვნით. ჩვენ მხოლოდ რეისებს ვასრულებდით, ვინ ამოდიოდა ბორტზე, რა ამოქონდათ, ეს არ გვეხებოდა.
გვეგონა, რომ ქართველები ვერ გაბედავდნენ რუსეთის ვერტმფრენის ჩამოგდებას" - განაცხადა რუსმა მფრინავმა სერგეი პოდპრუგინმა სეპარატისტების ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუს დროს. მოგვიანებით, ეს ინტერვიუ ვებ-გვერდიდან წაიშალა.
პოდპრუგინი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოში, ქალაქ ხონში ბაზირებული შვეულფრენების პოლკში მსახურობდა, არ უარყოფდა, რომ აფხაზეთის ომის დროს, სეპარატისტების დასახმარებლად, საბრძოლო ამოცანებს ასრულებდა.
აფხაზეთის ომის შემდეგ იგი ოკუპირებულ სოხუმში საცხოვრებლად დარჩა და უკვე "პოლკოვნიკის" წინით, სეპარატისტების ე.წ "საჰაერო ძალებში" გააგრძელა სამსახური. აფხაზებმა მას ე.წ "ლეონის ორდენიც" კი გადასცეს.
თუმცა, ლათას შემზარავი ტრაგედიის მასშტაბებმა აფხაზეთის ომში, რუსეთის მონაწილეობის ყველა ეს ფაქტი თუ დანაშაული გადაფარა.
ქართული საზოგადოება ლათას ტრაგედიის შესახებ ინფორმაციას ნაკლებად ფლობს. ალბათ იმიტომ, რომ აფხაზეთის ომმა ე.წ „საკუთარი“ ტრაგედიები თავზე საყრელად დაგვიტოვა.
ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ 20 წლის უკან ლათაში, რამდენიმე შერეული ქართულ-აფხაზური ოჯახი მთლიანად ამოწყდა.
დაღუპულთა ჩამონათვალში შინკუბას, ცეიბას, ნანბას, გუნბას, ხაშბას და სხვა აფხაზურ გვარებთან ერთად ქართულ გვარებსაც შეხვდებით: წურწუმიას, ფანცულაიას, გოგუას, ჭითანავას, ზარანდიას, ჯობავას, გამისონიას, ქუთელიას, ქვაჩახიას, ქაჯაიას, ჭკადუას...
ლათაში ასევე დაიღუპნენ ლია ძიმისტარაშვილი და ფატი ლაგაზაშვილი. ლათას ტრაგედია გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა, როგორც ვერტმფრენის ყველა დროის უდიდესი კატასტროფა.