ივანიშვილი "პანდორის დოკუმენტებში"- რას მალავს ოლიგარქი ოფშორულ "სამოთხეში"

„გასაიდუმლოებული წილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს, რომ არ შემდგარიყო ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც ბოლოს მოუღებდა ფოთის მონოპოლიას შავი ზღვით ტვირთების გადაზიდვებში“- ეს განცხადება 5 ოქტომბერს ანაკლიიის კონსორციუმმა გაავრცელა.

განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) მოპოვებულ საიდუმლო ფინანსურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებმა ჟურნალისტური გამოძიებების გამოქვეყნება დაიწყებს.

ბიძინა ივანიშვილის ქონებას "პანდორiს დოკუმენტებში" ნინო ბაქრაძე, „გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი ფაქტის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი ეძებდა. ნინოსთვის ეს პირველი გამოცდილება არ არის. ის "პანამის დოკუმენტებზეც" მუშაობდა და სწორედ მან მიაკვლია ბიძინა ივანიშვილის მილიონობით ღირებულების ქონებას ოფშორულ ზონებში, თავდაპირველად.

ასევე ნახეთ: დამალული მილიონები, სახლები, ანგარიშები - რას ამბობს "პანდორის დოკუმენტები"?

ნინომ და მისმა კოლეგებმა „აი ფაქტიდან“ ამჯერად 12 კომპანია აღმოაჩინეს, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ბიძინა ივანიშვილის სახელითაა დარეგისტრირებული. ნინო ამბობს, რომ ამჯერად ინფორმაცია გაცილებით მწირია, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ ივანიშვილის კომპანიები ამ ფაილებში აღმოჩნდებოდა, ჰქონდა.

„ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, პანამაზეც რომ არ გვემუშავა, მაინც არის მოლოდინი, რომ მარტო საქართველოში და რუსეთში კი არა, სადღაც სხვაგანაც ექნება ეს ქონება გადანაწილებული ისე, რომ ამ ქონებებმა ერთმანეთს საფრთხე არ შეუქმნას. მაგალითად, საქართველოში რომ დადგეს [ბიძინა ივანიშვილის] პასუხისმგებლობის საკითხი, დაუყადაღდება და კონფისკაცია მოხდება იმ ქონების, რაც საქართველოშია და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ჩვენი პროკურატურა ძებნას არ დაუწყებს. შესაბამისად, ოფშორებში ეს კომპანიები ძალიან დაცულია და ეს მოსწონთ“,- გვეუბნება ნინო ბაქრაძე.

ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტების აღმოჩენილი 12 კომპანიიდან, ერთ-ერთი Brightstone Finance Limited-ია. ნინო გვეუბნება, რომ მათ მიერ მიგნებული მასალა, როგორც ჩანს ანაკლიის კონსორციუმისთვის გამოსადეგი გახდა იმ კუთხით, რომ ახლა უფრო ნათელია რა კავშირი და ინტერესები შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს ერთის მრივ ანაკლიის პორტთან და მეორეს მხრივ ფოთის პორტთან მიმართებაში.

Your browser doesn’t support HTML5

ნინო ბაქრაძე ანაკლიის პორტის შესახებ

მასალების მიხედვით, ივანიშვილმა 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე 12 კომპანია დააფუძნა. ერთ-ერთი კომპანია Silverpot Holdings Ltd-ის დაფუძნების მიზანი „საბროკერო ანგარიშის მეშვეობით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების“ კონტროლი იყო. კიდევ ერთი ობიექტი – Brighton Corporate Ltd კი იმისთვის დაფუძნდა, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის „გარკვეული პროექტები ვალად აღებული სააქციო კაპიტალით დაფინანსებულიყო“. თავის მხრივ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კი ქვეყანაში ინვესტიციებს ახორციელებს ისეთ პროექტებში, როგორიცაა ჰესები, სასტუმროები, სათბურები და ა.შ.

ერთი შეხედვით, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენია, რომელიც ბუნებრივია, რომ სხვადასხვა ბიზნესსა და კომპანიას ფლობს, რატომ არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, რომ ის ოფშორულ ზონებში კომპანიებს ფლობს და რატომაა ოფშორული ზონები საეჭვო?

ოფშორულ ზონაში, იგივე "საგადასახადო სამოთხეში", კომპანიის დაფუძნებას ბევრი უპირატესობა აქვს, მათ შორის ის, რომ ის არ ექვემდებარება კონკრეტული ქვეყნების იურისპრუდენციას და ათავისუფლებს კოპანიების მფლობელებს გადასახადებისგან. ოფშორულ ზონებში დაფუძნებული კომპანიების და მათი ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ჟურნალისტებისთვის ეს მიუდგომელ ტერიტორიად ითვლებოდა, განსაკუთრებით 2016 წლამდე, ვიდრე "პანამის დოკუმენტები" არ გამოქვეყნდა. ეს პირველი ყველაზე მასშტაბური გამოძიება იყო, რომელიც ოფშორებში არსებული კომპანიების შესახებ გამოჟონილ მასალებს ეყრდნობოდა.

ასევე ნახეთ: სტოლტენბერგი- როდესაც 30 მოკავშირე შეთანხმდება, რომ საქართველო და უკრაინა მზად არიან გაწევრიანებისთვის, ეს ასეც მოხდება

მაშინაც და ახლაც, ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსები, შოუ-ბიზნესის წევრები, სპორტსმენები გადასახადებისგან თავის აცილების, თუ ქონების გადამალვის მიზნით სწორედ ოფშორულ ზონებს აკითხავნდნენ. ნინო ბაქრაძე ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში, ორივეჯერ ეს ბიძინა ივანიშვილი იყო და ის არ უნდა განვიხილოთ, როგორც, უბრალოდ ბიზნესმენი. ივანიშვილი ამავდროულად პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და როგორც მას ხშირად დასავლეთში მოიხსნებენ-დღევანდელი მთავრობის „ჩრდილოვანი მმართველიც“.

„ინტერესი მისი ქონებისადმი, ეს იქნება საქართველოში თუ იქნება მსოფლიოს სხვა წერტილში უნდა იყოსძალიან მზარდი, იმიტომ, რომ აქ შესაძლებელია, რომ ის იყენებდეს ქვეყნის საერთო სარგებლობისრესურსს, რაც ყველას ეკუთვნის, მთელ ქვეყანას და ამას განკარგავდეს ისე, როგორც თვითონ უნდა, ისეანაწილებდეს და მიჰქონდეს სადღაც, როგორც თვითონ უნდა.

მაგალითად, თუკი რაიმე ბიზნესს აწარმოებს ოფშორების გავლით საქართველოში, შესაძლებელია, რომგადასახადებს თავს არიდებდეს, ბიუჯეტი ამის ხარჯზე არ ივსებოდეს, კარგავდეს ფულს და შესაბამისადყველა მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და რაღაცნაირად მასზეც ნაწილდება ეს ბიუჯეტი, კარგავს ამ შემოსავალს, სერვისებს და რესურსებს, რასაც ბიუჯეტი სთავაზობს“,- გვეუბნება ნინო.

საქართველოს პროკურატურას "პანდორის დოკუმენტებთან" დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია და საჯაროდ არ უთქვამს, რომ ჟურნალისტური გამოძიების გადასამოწმებლად ისინი გამოძიებას, ან საქმის წარმოებას აპირებენ.

"პანდორის დოკუმენტები" 2 მილიონ დოკუმენტს აერთიანებს და მასზე მუშაობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

Your browser doesn’t support HTML5

ნინო ბაქრაძე გამოძიების ხანგრძლივობაზე

"პანდორის დოკუმენტები" გაცილებით უფრო მოცულობითია, ვიდრე 2016 წელს, "პანამის დოკუმენტები" იყო. საუბარია 2.94 ტერებაიტის მოცულობის ფაილებზე, 11.9 მილიონ ჩანაწერზე, რომელიც 14 სხვადასხვა პროვაიდერის შესახებაა. ისინი კი თავის მხრივ 38 სხვადასხვა იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირებს უწევდნენ მომსახურებას. შედარებისთვის, პანამის დოკუმენტები ეყრდნობოდა 2.6 ტერაბაიტის მოცულობის ფაილებს, რაც 11.5 მილიონი დოკუმენტი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ 1 პროვაიდერი კომპანიის, „მოსაკ ფონსეკას“ იურიდიულ ფირმასთან იყო დაკავშირებული. "პანდორის დოკუმენტებზე" 600-ზე მეტი ჟურნალისტი მუშაობს და ისინი 12 მილიონზე მეტი ფაილის გაშიფვრას და იქ დამალული ქონების აღმოჩენას ცდილობენ.