ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ ზეიმობს გამარჯვებას?


საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღე დასრულდა. სხვადასცვა სატელევიზიო არხმა არჩევნების დღეს ჩატარებული ამომრჩეველთა გამოკითხვის, ე.წ. ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგებს უკვე გამოეხმაურნენ პარტიების წარმომადგენლები და კანდიდატები.

"ქართული ოცნების" ლიდერები ტელეკომპანია "იმედისა" და კვლევითი ორგანიზაცია "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით გამარჯვებას ზეიმობენ. 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული რეიტინგები "გორბის" თანახმად, ასეთია: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – 47,6%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27, 1,

კახა კალაძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ქალაქის განვითარებისა და აღმშენებლობისთვის მუშაობის გასაგრძელებლად მზადაა.

"დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შემდეგი სამი წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სწრაფი განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ... უნდა დაველოდოთ ცესკოს საბოლოო შედეგებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არსებული ეგზიტპოლის შედეგებით ყველგან გამარჯვებულია „ქართული ოცნება“, გილოცავთ, მადლობა“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძეს "გორბის" ეგზიტპოლის თანახმად, ხმათა 51 % აქვს, თუმცა ტელეკომპანიების "ფორმულასა" და "მთავარის" დაკვეთით ჩატარებული კვლევების მიხედვით, 50 %-იანი ზღვარი თბილისში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა და დედაქალაქში სავარაუდოდ მეორე ტური დაინიშნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი პარტიის ოფისთან მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდა.

„მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს - დღეს ქვეყანაში დავასრულეთ პოლარიზაცია. დღეს დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა, ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამავე დროს გამარჯვებას ზეიმობს ნიკა მელიაც, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ "ოცნებამ" "პირწმინდად წააგო დედაქალაქი - ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი. "ფორმულას" დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში თბილისის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო N41 – 41%,
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 – 31%,
საქართველოსთვის – N25 – 7%,
გირჩი – მეტი თავისუფლება – N45 – 5%
ლელო N9 – 3%, ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები N7 – 2%

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის ცდომილება +/- 2%-ია.

ამავე შედეგების თანახმად, თბილისში კალაძემ ხმათა 43 % მიიღო, მელიამ კი 39 % და დიდი ალბათობით მეორე ტური დაინიშნება.

კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის 17:00 საათის შედეგების მიხედვით კი, თვითმმართველობის არჩევნებში პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 38, 6 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 33 %, გიორგი გახარიას პარტია - „საქართველოსთვის“ – 7,6 %, „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ - 4,8 %, „ლელო“ – 4 %, ხალხისთვის - 2%, გირჩი - 1,6%, მოქალაქეები - 1,1%, „ევროპული საქართველო“ – 1 %, ლეიბორისტული პარტია - 1,0%პატრიოტთა ალიანსი - 0,9% მესამე ძალა - 0,8%

ნიკა მელიამ ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა: „ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ,“ პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი და საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული, უმრავლესობა არის ოპოზიციური პარტიების მიერ დასაკომპლექტებელი და ვნახეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, აქ, რა თქმა უნდა გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტით, კოალიციური მმართველობაში იქნება, როგორც საკრებულო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლება თვითმმართველობის დონეზე, თბილისის მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ნიკანორ მელიამ.

მისივე თქმით, მასშტაბური ძალადობის, გაყალბებისა და დევნის მიუხედავად, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ფიქსირდებოდა, აღსანიშნავია, რომ მაინც ამგვარი შედეგები დაფიქსირდა.

ქვეყნის მასშტაბით ახლა ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. 2 ოქტომბერს ამომრჩევლებმა ხმა 73 საარჩევნო ოლქის 3 743 უბანზე მისცეს, საიდანაც 9 პენიტენციური და 70 სპეციალური, ე.წ. კოვიდუბანი იყო.

მოსახლეობას დღეს 64 მერი და 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩია. მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად. თბილისის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებში პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერია დაწესებული. თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG