სირიაში სისხლისღვრა არ წყდება

დამასკოს გარეუბანში გაეროს მონიტორინგის ჯგუფი სირიელ დემონსტრანტებს შეხვდა.

სირიელი აქტივისტების განცხადებით, ასადის სამხედრო ძალებმა ჰამაში 28 ადამიანი მოკლეს. ერთი დღით ადრე ქალაქში გაეროს რამდენიმე დამკვირვებელი ჩავიდა, რომლებიც სირიაში კონფლიქტის მოგვარების მისიით იმყოფებიან.

აქტივისტები აცხადებენ, რომ სირიის უშიშროების ძალებმა ჰამას ორშაბათს დილით შეუტიეს.დანგრეული და გადამწვარია საცხოვრებელი სახლები, დაღუპულების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს.

დამკვირვებელთა ჯგუფს ერთი დღით ადრე ჰამას მაცხოვრებლები საპროტესტო აქციებით შეხვდნენ. დემონსტრანტები სხვადასხვა სლოგანებით სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის გადადგომას მოითხოვდნენ.

სირიელმა აქტივისტებმა ინტერნეტით ვიდეო მასალა გაავრცელეს, რომელზეც დამასკოს გარეუბანში გაეროს მონიტორინგის ჯგუფის და სირიელ დემონსტრანტთა შეხვედრის კადრებია აღბეჭდილი.