ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის დედაქალაქ დამასკოში დაზვერვის მაღალჩინოსანი მოკლეს. პარალელურად, ასევე დამასკოში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია იუწყება. სირიის მთავრობას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა და უშიშროების სამსახურის ოფიცრები ამბოხებულთა სამიზნეებს წარმოადგენენ. რაც შეეხება მეორე ინციდენტს, სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ აფეთქებაში ბრალი შეიარაღებულ ტერორისტებს დასდო. ამავდროულად ოპოზიციის აქტივისტები სირიის მთავრობას ქალაქ ჰამას და დამასკოს გარეუბნის დაბომბვაში სდებენ ბრალს, რის შედეგადაც ამბოხებულთა თქმით 55 ადამიანი დაიღუპა. გაეროს დამკვირვებელთა ჯგუფი უკვე შევიდა აღნიშნულ ქალაქებში. დღესვე გაეროს სპეციალური დესპანი კოფი ანანი უშიშროების საბჭოს წინაშე მოკლე მოხსენებით წარდგება და სირიაში 300 დამკვირვებლის მისიის შესახებ ისაუბრებს. სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ დამკვირვებელთა ეს რაოდენობა საკმარისი არ არის. სირიაში შექმნილ ვითარებაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა ისაუბრა:

„ჰამაში და ჰომსში სადაც დამკვირვებლები შედიან, მათ საშუალება უნდა ქონდეთ შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებს და მოისმინონ მათი შეხედულებები,“ - განაცხადა ნულანდმა.

XS
SM
MD
LG