ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ისლამი


ამერიკა და ისლამი

წმინდა ალბანის ეკლესიაში საკვირაო წირვა ტრადიციულად იმართება. ეს პატარა ეკლესიაა რომელიც ვაშინგტონის ეროვნულ კათედრალთან ახლოს მდებარეობს. სხვა ამერიკელი ქრისტიანების მსგავსად წმინდა ალბანის მრევლიც თავის რწმენას სერიოზულობით ეკიდებიან. თუმცა, ისინი სხვა რელიგიებსაც დიდი პატივს მიაგებენ. წირვის შემდეგ პასტორმა მრევლს სპეციალური სტუმარი წარუდგინა.

„მე მსურს წარმოგიდგინოთ დოქტორ აჰმედი“

ელჩი აქბარ აჰმედი ამერიკის უნივერსიტეტში ისლამური კვლევების პროფესორია. მან ახლახანს დაწერა წიგნი, სადაც ამერიკაში თავის მოგზაურობას და მუსლიმებთან შეხვედრებს აღწერს. აჰმედმა განაცხადა,რომ 11 სექტემბრის ტერაქტმა ქვეყანაში მცხოვრები შვიდი მილიონი მუსულმანი თავდაცვის მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე მან აღნიშნა, რომ ამერიკაში ბევრი იმისთვის ჩამოდის, რომ ეს თავისუფალი რელიგიის ქვეყანაა.

„ამერიკაში მოგზაურობის დროს ემიგრანტები გვეუბნებოდნენ, რომ ეს მუსლიმებისთვის საუკეთესო ადგილია, ასევე საუკეთესო ადგილია მთელ მსოფლიოში,“ -განაცხადა აჰმედმა.

„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან ჯერომ სოკოლოვსკისთან საუბრის დროს აჰმედმა აღნიშნა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგები ბევრი ამერიკელისთვის ჯერ კიდევ მოუშუშებელი ტკივილია. აჰმედმა ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილის მახლობლად მუსლიმთა ცენტრის მშენებლობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის სადმე სხვაგან უნდა აშენდეს. თუმცა, ამასთანავე მან ებრაელებს, ქრისტიანებს და სხვა აღმსარებლობის ადამიანებს, მათ უბნებში მეჩეთების აშენებისკენ მოუწოდა.

„ამ კრიზისის შედეგად ჩვენ იმედისმომცემ ნიშნებსაც ვხედავთ ადამიანთა შეგნების მხრივ, ანუ ეს აღარ არის უბრალოდ ისლამის საკითხი, არამედ აქ საქმე გვაქვს ამერიკულ იდენტობასთან, რაც უბრალოდ ნიშნავს რომ იყო ამერიკელი,“ - ამბობს აჰმედი.

აჰმედის მოსმენის შემდეგ წმინდა ალბანის მრევლის წევრი ვეინ ვილიამსი ამბობს, რომ მას მუსლიმთა საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

„11 სექტემბრის მოვლენებმა მუსლიმთა მიმართ ჩემს შეხედულებაზე გავლენა ვერ იქონია. მე მათ ქრისტიანების მსგავსად ძალზედ მშვიდობიან ხალხად განვიხილავ,“ - ამბობს ვილიამსი.

ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად ამერიკელთა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ ისლამი ამერიკულ შეხედულებებს არ ემთხვევა. ძირითადი წინააღმდეგობები ნიუ-იორკში ისლამური ცენტრის აშენების გეგმას და ასევე ფლორიდელი მღვდლის მიერ ყურანის დაწვის განზრახვას უკავშირდება. ამან საკმაოდ ააღელვა რელიგიის საკხტებზე პრეზიდენტ ობამას მრჩეველთა საბჭოს წევრი რევერენდ ჯიმ ვოლისი, რომელიც სხვა ევანგელიკური ეკლესიის წევრებთან ერთად წინ აღუდგა ყურანის დაწვის განზრახვას.

ვოლისი ანტიისლამური გრძნობების გაღვივებაში მემარჯვენე მედიასაშუალებებს ადანაშაულებს. კერძოდ, ის აღშფოთებულია იმით ,რომ ზაფხულში ჩატარებულ გამოკვლევას სადაც გამოკითხულთა 18 პროცენტი შეცდომით მიიჩნევდა რომ პრეზიდენტი ობამა მუსლიმი იყო, მედიამ დიდი პროპაგანდა გაუწია.

„ეს არასწორია, რასაც ისინი ამბობენ, სიცრუეა,“ - ამბობს ვოლისი.

მისი თქმით როგორც ქრისტიანები, ასევე მუსლიმები და ებრაელები სწავლობენ თუ როგორ უნდა იცხოვრონ ერთად ამერიკის მიწაზე.

XS
SM
MD
LG