ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განსხვავებები ტრამპსა და ბაიდენს შორის, საკვანძო საკითხებში


ამერიკის საპრეზიდენტო არჩენებამდე 5 დღეა დარჩენილი. ამომრჩევლის ნაწილს ხმა უკვე მიცემული აქვს სასურველი კანდიდატისთვის.

დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის ამომრჩევლებმა, იციან, რომ მათი სასურველი კანდიდატების ხედვები ბევრ საკითხში განსხვავდება, თუმცა, რამდენიმე მათგანი საკვანძო და გადამწყვეტია, როგორც ამომრჩევლისთვის, ისე ქვეყნისთვის. წამყვან თემებს შორისაა კლიმატის ცვლილებების, გადასახადების, ეროვნული უსაფრთხოების, უზენაესი სასამართლოს, რასობრივი უსამართლობის, იმიგრაციის და რაც მთავარია, კორონავირუსის პანდემიის თემები.

კორონავირუსის პანდემია და პანდემიასთან გამკლავება

ბოლო მონაცემებით, ამერიკაში, კორონავირუსით 225,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, კი ამერიკა პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ნათელი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი სტრატეგია ვაქცინის შემუშავებასა და თერაპევტულ მკურანლობაზეა დაფუძნებული და არა ვირუსის გადაცემის შემცირებაზე.

კვირას, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა მარკ მიდოუსმა, გარკვევით თქვა, რომ ადმინისტრაციას არ სჯერა ვირუსის “კონტროლის”. ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, ყოველთვის ცდილობდა, რომ პირდაბის ტარების როლი დაეკნინებინა. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ პირბადის ტარება ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს.

ბაიდენი, ასევე, ემხრობა ვაქცინის შექმნისა და თერაპიული მკურნალობის გზას. ამავე დროს, ის მხარს უჭერს უფრო აქტიურად გაიზარდოს ფედერალური მიდგომა ვირუსის შეკავების მხრივ. ბაიდენს არაერთხელ უთქვამს, რომ პირბადის ტარება აუცილებელი და სავალდებულო უნდა იყოს.

ტრამპიც და ბაიდენიც, სკოლების თავიდან გახსნის მომხრეები არიან, მაგრამ ბაიდენი სკოლების ფედერალურ დაფინანსებას ემხრობა, რათა სკოლები უსაფრთხოდ გაიხსნას. ტრამპი კი ფედერალური დაფინანსების მოწინააღმდეგეა.

კლიმატის ცვლილება

მართალია, პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ სურს ამერიკელებს სუფთა წყალი და სუფთა ჰაერი ჰქონდეთ, ის ძალიან მცირე ინტერესს იჩენს იმ ნაბიჯების გადასადგმელად, რაც ექსპერტებს ეფექტური ჰგონიათ კლიმატის ცვლილებების მოსაგვარებლად. ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ პარიზის კლიმატის შეთანმებაც დატოვა.

ბაიდენმა 2-ტრილიონიანი გეგმა წარადგინა, რომელიც სათბური გაზების გამოყოფის შემცირებას ემსახურება. სწორედ ეს ითვლება გლობალური დათბობის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად. მართალია, ბაიდენი ბოლომდე არ ემხრობა "ახალ მწვანე შეთანხმების პროგრამას", რომელსაც დემოკრატების უმეტესობა მხარს უჭერს, თუმცა იზიარებს ამ შეთანხმების ზოგიერთ პუნქტს. ბაიდენი ასევე პირობას დებს, რომ ამერიკას პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დააბრუნებს.

სამართალდამცავი ორგანოები და რასობრივი უსამართლობა

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, რამდენიმე შავკნიანი, შეუიარაღებელი ადამიანი გარდაიცვალა და ამ ამბავში, ყოველთვის პოლიცია იყო გარეული. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ ფლოიდის და სხვების გარდაცვალებამ ამერიკაში მასობრივი საპროტესტო აქციები და მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად დაანახა ყველას, რომ ის სამართალდამცავების მხარეს დგას. ის ემხრობა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროტესტი არეულობასა და შეხლა-შემოხლაში გადადის. მან, ასევე არ ისურვა, დაეგმო რადიკალური თეთრი რასის უპირატესობის მომხრე ჯგუფები. საპრეზიდენტო დებატების დროს, ამ დაჯგუფებების შესახებ შეკითხვაზე, პრეზიდენტმა თქვა, რომ „ამაყმა ბიჭებმა უკან უნდა დაიხიონ და მზად იყვნენ“.

ბაიდენი ცდილობს, რომ ოქროს შუალედი დაიჭიროს ამ თემებზე საუბრის დროს. ის გმობს ძალადობას ორივე მხრიდან; მხარს უჭერს შავკანიანთა მოძრაობას იმ კუთხით, რომ სამართალდამცავი ორგანოები თანასწორად უნდა ექცეოდნენ ყველას, თუმცა გმობს პროტესტის ძალადობრივ გამოხატვას და პოლიციის დამხობის მოწოდებებს.

სასამართლოები

რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი სენატის დახმარებით, პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლო და ასობით კონსერვატორი მოსამართლე დანიშნა ფედერალურ სასამართლოებში. ისინი სიცოცხლის ბოლომდე იქნებიან ამ თანამდებობაზე. ცოტა ხნის წინ კი სენატმა ემი კონი ბარეტის, კიდევ ერთი კონსერვატორი მოსამართლის კანდიდატურა დაამტკიცა, რითიც უზენაეს სასამართლოში კონსერვატორების მხარეს ძალთა ბალანსმა იმატა. ეს პრეზიდენტ ტრამპის მესამე კანდიდატურაა უზენაეს სასამართლოში.

დემოკრატები თვლიან, რომ სენატის რესპუბლიკელებმა უსამართლოდ დანიშნეს კონსერვატორი მოსამართლეები თანამდებობებზე. მათივე თქმით, უსამართლოა, რომ 2016 წელს რესპუბლიკელებმა, არჩევნებამდე 8 თვით ადრე, უარი უთხრეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლის დანიშვნაზე, ახლა კი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მხარი დაუჭირეს ემი კონი ბარეტის დანიშვნას.

რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალებიდან მალევე, დემოკრატებმა, მათ შორის ჯო ბაიდენმაც მოუწოდა სენატს, არ დაეჭირათ მხარი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ახალი კანდიდატურისთვის, ვინაიდან, მათი აზრით, არჩევნებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი და მოსამართლის კანდიდატურა უნდა გადაწყვიტოს ხალხის მიერ არჩეულმა ახალმა პრეზიდენტმა.

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში 3 ნოემბერს ჩატარდება. მოსახლეობის ნაწილს ხმა უკვე მიცემული აქვს ნაადრევად და ფოსტით, ხმის მიცემის უფლების წყალობით. სავარაუდო გამარჯვებულის ვინაობა არჩევნების ღამეს არ იქნება ცნობილი. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს პირველად, ამერიკაში ფოსტით ხმის მიცემა მასშტაბურად ჩატარდა და ხმების დათვლას დღეები, შესაძლოა კვირებიც დასჭირდეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

ტვიტერი

XS
SM
MD
LG