ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოკითხვები: ამ ეტაპზე სენატს დემოკრატები იგებენ


არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, დემოკრატებს ძალთა ისეთი განლაგება აქვთ, რომ მათ შეერთებული შტატების სენატში უმრავლესობა უნდა მოიპოვონ. იმის მიუხედავად, თუ ვინ გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვაშინგტონის პოლიტიკას 2021 წლიდან მომდევნო ორი წლის მანძილზე, უმეტესად გადაწყვეტს პარტია, რომელიც სენატს გააკონტროლებს.

დღეს, რესპუბლიკელები სენატს 53-47-ზე უპირატესობით მართავენ. თუ საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიგო, დემოკრატებს სენატში დომინირებისთვის, მხოლოდ 3 მანდატის მოგება დასჭირდებათ. რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოგების შემთხვევაში კი - 4.

ამერიკა წელს 35 სენატორს ირჩევს. ამ ციკლში ისე მოხდა, რომ მათ შორის, რესპუბლიკელი სენატორების მანდატები თითქმის ორჯერ მეტია. აქედან 7 შემთხვევაში, სადაც პოსტი რესპუბლიკელ სენატორს უკავია, დამოუკიდებელი წყაროს "კუკის პოლიტიკური ანგარიშის" მიხედვით, 3 მარათონზე რეიტინგებში განსხვავება იმდენად მცირეა, რომ გამარჯვებულის თაობაზე ვარაუდი ნაადრევია, დანარჩენ 4-ს კი დემოკრატი მოიგებს. დემოკრატ სენატორებს შორის კი, რომელთა ხელახლა არჩევა ხდება, მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს რესპუბლიკელ კანდიდატს მოგების შანსი.

კეისი ბურგატი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მართვის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გამოკითხვები სენატში დემოკრატების გამარჯვების დიდ ალბათობას ადასტურებს. ეს კი საბოლოო ჯამში, ერთგვარი რეფერენდუმია ტრამპის მიერ ოთხი წლის მანძილზე გატარებული პოლიტიკის თაობაზე.

პროფესორ ბურგატის აზრით, რესპუბლიკელი კანდიდატებისთვის ახლა ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების დადასტურება აჯობებს. მათთვის უმჯობესია "აჩვენონ გარკვეული დამოუკიდებლობა, რომ თქვან: "მე მხოლოდ არაპოპულარული პრეზიდენტის გამო არ უნდა მომცეთ ხმა". საუბარია შტატებზე, სადაც მხოლოდ 4 წლის წინ, ის [ტრამპი] იმდენად პოპულარული იყო, რომ ზოგი სენატორი მხოლოდ ამის საფუძველზე აირჩიეს. ასე რომ, ახლა, ამ მოკლე დროისთვის, ეს საკმაოდ დიდი ცვლილებაა" - აღნიშნავს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მართვის სკოლის დირექტორი, კეისი ბურგატი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG