ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოდესის დაბომბვის შემდეგ, ხორბლეულის ფასები მკვეთრად გაიზარდა


ოდესელი მეხანძრეები რუსეთის მიერ პორტის დაბომბვის შედეგად გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. უკრაინა, 23 ივლისი, 2022 წ.

ორშაბათიდან მსოფლიოს ბაზრებზე ხორბლეულის ფასებმა მკვეთრად იმატა. მომხდარს სპეციალისტები უკავშირებენ რუსეთის მიერ უკრაინული პორტის - ოდესის დაბომბვას, მას შემდეგ რაც მხარეებმა მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწიეს. კრემლი აცხადებს, რომ მათი სამიზნე სამხედრო ობიექტები იყო და რომ მომხდარს მარცვლეულის ექსპორტთან კავშირი არ აქვს.

ხორბლეულის ფასები დღეს დილიდან ჩიკაგოს სავაჭრო საბჭოში თითქმის 4 პროცენტით გაიზარდა და ხ $7.86-ს მიაღწია. ამით ფასები უმეტესად დაუბრუნდა უკრაინა-რუსეთს შორის 22 ივლისს სტამბოლში გაფორმებული, ეტაპობრივი მნიშვნელობის ხელშეკრულების მოწერამდე არსებულ საბაზრო ფასებს.

ომში მყოფ ქვეყნებს შორის შეთანხმების მედიატორები გაერო და თურქეთი იყვნენ. ხელშეკრულების მიხედვით, რომელთაც უკრაინამ და რუსეთმა ხელი ცალ-ცალკე მოაწერეს, რუსეთმა შავ ზღვაზე უნდა გაუხსნას გზა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს. შეთანხმება ეხება ყოველთვიურად 5 მილიონი ტონა საქონლის გადაზიდვას, მომდევნო 120 დღის ვადაში.

უკრაინას მსოფლიოს ბეღელს უწოდებენ. ის ერთ-ერთი უმთავრესი ექსპორტიორია ხორბლის, სიმინდის და მზესუმზირის ზეთის. თუმცა, უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულმა ფართომასშტაბიანმა თავდასხმამ და მოსკოვის მიერ შავი ზღვიდან უკრაინული ტვირთების დაბლოკვამ, ექსპორტი შეაჩერა და მსოფლიოს ბაზრებზე ამ პროდუქციის ფასების ზრდა გამოიწვია. უკრაინა რუსეთს საექსპორტო ხორბლის მოპარვაში ადანაშაულებს.

პარალელურად, ღარიბ ქვეყნებში მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზეა და სპეციალისტები იქ პოლიტიკურ არეულობას არ გამორიცხავენ. გაერო აცხადებს, რომ ეს ქვეყნები უმეტესად უკრაინულ ექსპორტზე არიან დამოკიდებული.

კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რუსეთმა ოდესის პორტში ორი რაკეტა გაისროლა, რომელთა სამიზნე "ექსკლუზიურად" სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო. ეს ფაქტი "ვერ იქონიებდა და არც უნდა ჰქონოდა გავლენა ტვირთების გადაზიდვის დაწყებაზე" - განაცხადა პესკოვმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG