ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

MI-6: რუსეთს ფრონტზე პაუზის გამოცხადება დასჭირდება


რიჩარდ მური

უკრაინაში რუსეთის არმია მომდევნო კვირებში სავარაუდოდ საოპერაციო პაუზაზე გადავა, რაც კიევს მისცემს საშუალებას კონტრშეტევა დაიწყოს, აცხადებს ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურის (MI-6) უფროსი, რიჩარდ მური. მისი განცხადებით, ამ დროისთვის კონსერვატიული გათვლებით, რუსეთის დანაკარგი უკრაინაში 15,000 სამხედროა.

„ვფიქრობ მათ ენერგია ეწურებათ“, - თქვა მურმა, ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ კონფერენციაზე. მისი თქმით, რუსულ ჯარს უფრო და უფრო ურთულდება ჯარისა და საბძროლო მასალების მოძიება.

„მათ მოუწევს პაუზის აღება და ეს უკრაინელებს თავდასხმის საშუალებას მისცემს,“- თქვა მან.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ, კიევი იმედოვნებს, რომ დასავლური იარაღი, განსაკუთრებით შედარებით შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ამერიკული HIMARS, რომელიც კიევმა ბოლო კვირებში განათავსა, საშუალებას მისცემს უკრაინას განახორციელოს კონტრშეტევა და დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია.

მურმა თქვა, რომ უკრაინამ უნდა აჩვენოს, რომ მას შეუძლია ომის მოგება. ერთი მხრივ ეს უკრაინის მხარეზე მტკიცე მორალის შენარჩუნებას ემსახურება და ასევე, ეს მნიშვნელოვანია დასავლეთში მხარდაჭერის და ერთიანობის შენარჩუნებისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ევროპას მომავალ ზამთარს ენერგოკრიზისი ემუქრება.

XS
SM
MD
LG