ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საგარეო პოლიტიკა: მეტი ჩართულობა თუ იზოლაცია?


ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში კონფერენცია გაიმართა, სადაც ამერიკის ყოფილი და მომავალი მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მსოფლიოში ამერიკის როლის თემაზე საუბრობდნენ და განიხილავდნენ იმას, თუ როგორი უნდა იყოს ამერიკის საგარეო პოლიტიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებში. დამსწრეებს სიტყვით სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, ყოფილმა ტოპ-დიპლომატმა მადლინ ოლრაიტმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ობამას მრჩეველმა, სუზან რაისმა მიმართა. სიტყვით გამოვიდა ასევე მომავალი ადმინისტრაციის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი.

ამერიკის როლზე საუბრისას, მადელინ ოლბრაიტმა განაცხადა რომ მას სჯერა ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო არენაზე მორალურ პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას უნდა ატარებდეს

„მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მორალური საგარეო პოლიტიკა. ეს განსაკუთრებული ქვეყანაა... ამერიკას აქვს შესაძლებლობა და უნდა იყოს მორალური ლიდერი. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და ჩვენ ვიცი იმის შესახებ თუ სად რა ხდება და ისიც თუ რა პასუხისმგებლობა გვაქვს როდესაც სადმე ადამიანს ეთნიკური ნიშნით თუ სხვა ნიშნით დევნიან და წმენდნენ და მათ წინააღმდეგ გენოციდს ჩადიან“, - განაცხადა ოლბრაიტმა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ობამას ადმინისტრაციის განვლილი წლები შეაფასა და განაცხადა, რომ ის ფიქრობ ამერიკამ მოახერხა ახალი პარტნიორების შეძენა და წარმატებული შეთანხმებების მიღწევა სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში.

„მე ვფიქრობ დღეს ამერიკას უწევს უფრო მეტ კონფლიქტთან და სიტუაციასთან ერთდროულად გამკლავება, ვიდრე ეს ოდესმე ქვეყნის ისტორიაში გვინახავს. მე ვფიქრობ უფრო მეტი მიღწევაც გვქონდა - კუბის მიმართ პოლიტიკის ცვლილება, კოლუმბიისთვის დახმარების გაწევა რათა 50 წელში შემდეგ მშვიდობიანად დაესრულებინათ ომი, არგენტინასთან მუშაობა და სხვა...“, - განაცხადა მან - „ბევრი რამ ხდება, რასაც ადამიანები ყოველდღიურად ვერ ამჩნევენ, მაგრამ ისინი ამერიკის ინტერესებისთვის გადამწვეტია“.

სახელმწიფო მდივანმა სირიის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით რუსეთთან მუშაობა იმისთვის, რომ სირიიდან ქიმიური იარაღი გაეტანათ ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა ობამას ადმინისტრაციით.

„მე ლავროვმა დამირეკა და მითხრა „ეს შესანიშნავი იდეაა. ამ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ“. შეხვდეთ და ვნახოთ რაზე შეგვიძლია შევთანხმდეთ“, რამდენიმე დღეში შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენ შევხვდით, მოვილაპარაკეთ მეთოდოლოგიაზე“, - განაცხადა კერიმ.

კერი რუსეთის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაციის წინამორბედ ბუშის ადმინისტრაციას აქტიურად არ უპასუხია საქართველო-რუსეთის ომისთვის. თუმცა სახელმწიფო მდივანი არ შეხებია მისი ადმინისტრაციის 2009 წლის გადაწყვეტილებას, ომიდან რამდენიმე თვეში, დაეწყო „გადატვირთვა“ რუსეთთან.

„არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს განვსჯი, თუმცა როდესაც რუსეთი საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, სანქციები არ დაწესებულა, საერთოდ არაფერი. ჩვენ მოვედით და როდესაც უკრაინის კრიზისი დაიწყო, ევროპის მხარდაჭერა მოვიპოვეთ და სანქციები დავუწესეთ რუსეთს. ეს სანქციები მძიმე ტვირთია რუსეთისთვის. ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ [რუსეთს] ფასის გადახდა მოუწევდა ამისთვის [უკრაინაში შეჭრა]. ევროპაში ზოგს სურს სანქციების შეწყვეტა, თუმცა ჩვენ ვახერხებდით შეგვენარჩუნებინა სანქციები მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის“. - აღნიშნა კერიმ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი, საერთაშორისო დახმარებას ხმარდება.

„სახელმწიფო დეპარტამენტს 51 მილიარდიან დოლარიანი ბიუჯეტი აქვს, აქედან 21 USAID-ის პროგრამებს ხმარდება“, - განაცხადა მან.

აუდიტორიას ასევე მიმართა სუზან რაისმა, ობამას მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მისი განცხადებით, ამერიკას ობამას ადმინისტრაციის პირობებში ბევრ გამოწვევასთან მოუხდა გამკლავება.

„ამერიკა როგორც გლობალურ ლიდერი საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც მთავარ გლობალურ და რეგიონალურ აქტორებს შორის დაპირისპირების შედეგად საფრთხის წინაშეა. რუსეთი აგრძელებს გლობალური წესრიგის დარღვევას, უკრაინასა და სირიაში და ამერიკის დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევის კუთხით. ჩინეთის აგრესიული პოლიტიკა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში იმის ტესტი იყო იქნებოდა თუ არა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები დაფუძნებული ჩვენს შორის სხვაობაზე, თუ პირიქით თანამშრომლობის სურვილზე. ევროკავშირი „ბრექსიტი“ შედეგად გაურკვევლობაში აღმოჩნდა, იქ ვხვდებით, ეკონომიკური გაურკვევლობას, საიმიგრაციო კრიზისს და რუსული აგრესიას. ევროპა ამერიკის დახმარებას იმაზე უფრო მეტად საჭიროებს ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა მან.

გასული ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა, ამერიკის როლზე და მომავალ გეგმებზე, ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველებმა, გადამდგარმა გენერალმა, მაიკლ ფლინმა ისაუბრა.

„ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ურთიერთობებს მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყნებთან და გავითვალისწინებთ, სხვების მიერ გაღებულ მსხვერპლს და აღებულ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენმა ბევრმა მოკავშირემ გაიღო ჩვენი უსაფრთხოების და კეთილდღეობისთვის“ , - თქვა ფლინმა. „ალიანსები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია რაც ჩვენ გვაქვს და ამ ალიანსების სიძლიერე ჩვენ სიძლიერეს ეხმარება“, - აღნიშნა მან ასევე.

ამერიკის როლზე საუბრისას, მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის ჩართულობა მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე აუცილებელია. „მოგვწონს ეს თუ არა, მსოფლიოს ჩვენ ვჭირდებით, მსოფლიო ითხოვს ჩვენს ჩართულობას“, - განაცხადა მან.

სენატში დღეს, ამერიკის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელმწიფო მდივნის კანდიდატის მოსმენა გაიმართა. საკანონმდებლო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს დაამტკიცებენ თუ არა ისინი ტრამპის არჩეულ კანდიდატს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე. რექს ტილერსონი, Exxon-Mobil-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, კანონმდებლებთან კითხვებს პასუხობდა. თუ როგორი იქნება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა პრაქტიკაში, ამას მისი პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგი 100 მანძილზე გავიგებთ.

XS
SM
MD
LG