ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა სჭირდება საქართველოს ნატოსგან და ნატოს საქართველოსგან?


„საქართველომ უნდა აჩვენოს მზაობა მოიქცეს ისე, როგორც ნატოს წევრი თუ პარტნიორი ქვეყნები იქცევიან“, - ასე აფასებს ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად საქართველოსთვის შექმნილ გეოპოლიტიკურ რეალობას. ანალიტიკოსების აზრით, თბილისის და ნატოს ინტერესებს ახლა ყველაზე მეტად ის შეესაბამება, რომ საქართველომ მეტი ყურადღება დაუთმოს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები უკან აღარ გადადგას.

რას ნიშნავს ეს ომი საქართველოსთვის მაშინ, როცა გამუდმებით გვესმის განცხადებები იმის შესახებ, თითქოს დასავლელ პოლიტიკოსებს „საქართველოს ომში ჩათრევა სურთ“? თადარიგის პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი ამბობს, რომ ამგვარი განცხადებები არ შეესაბამება რუსეთის დასამარცხებლად დასავლეთის კოლექტიურ ძალისხმევას:

თავად ის ფაქტიც, რომ კაპიტოლიუმში განიხილავენ საქართველოსადმი ამერიკის დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების საკითხს, არის მოვლენათა ტრაგიკული განვითარება საქართველოსთვის",
- რობერტ ჰამილტონი

"სამწუხაროდ ესაა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი რამ, რაც საქართველოს მთავრობას გაუკეთებია უკრაინაში ომზე პასუხად - ეს ნარატივი, რომ დასავლეთს და ნატოს სურთ საქართველოს ომში ჩათრევა. რა თქმა უნდა, სიმართლისგან ამაზე შორს არაფერია. ეს უბრალოდ სიყალბეა. ვვარაუდობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამას ამბობენ, იციან, რომ ეს სიცრუეა, მაგრამ ამას მაინც აკეთებენ იმ პოზიციის გასამართლებლად, რაც საქართველოს უკრაინაში ომის მიმართ აქვს", - ამბობს შეერთებული შტატების თადარიგის პოლკოვნიკი, „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარი, ომის კოლეჯის პროფესორი რობერტ ჰამილტონი და დასძენს, რომ ეს არ ასახავს საქართველოს და "ეს არაფრით ეხმარება ნატოს და კოლექტიურად, დასავლეთს რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში".

რა სჭირდება ნატოს საქართველოსგან?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:40 0:00

ვაშინგტონში წუხან, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის თაობაზე შეშფოთება ამერიკის კონგრესის უმაღლესი ტრიბუნებიდანაც ისმის.

"თავად ის ფაქტიც, რომ კაპიტოლიუმში განიხილავენ საქართველოსადმი ამერიკის დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების საკითხს, - თავად ის ფაქტიც კი, რომ ეს დისკუსიები ხდება, არის მოვლენათა ტრაგიკული განვითარება საქართველოსთვის", - განმარტავს პოლკოვნიკი.

სამხედრო და პოლიტიკის საკითხების ანალიტიკოსები ამბობენ, საქართველო ახლა ისე, როგორც არასდროს, უნდა აჩვენებდეს მზაობას, მოიქცეს ისე, როგორც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები იქცევიან. პოლკოვნიკი ხსნის, რომ მაშინ, როცა რუსეთის შეჭრა ნატოს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყანაში თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა, ეს შესაძლებელია ყოფილიყო საქართველოსთვის შესაძლებლობა, გაამყაროს ალიანსთან მისი კავშირი:

ვიმედოვნებ, საქართველო დარჩება თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული. დემოკრატიული უკუსვლა კონტრპროდუქტიული იქნება ნებისმიერი იმ ტრანსატლანტიკური ამბიციისთვის, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს",
- იან ბრჟეზინსკი

"რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა ნატოს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყანაში, რომელიც ყველანაირად გაუმართლებელია, ასევე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მოიპოვოს უფრო ახლო პარტნიორობა ნატოსთან და ერთგვარად გაამყაროს ალიანსთან მისი ურთიერთობა. იმისთვის, რომ ის დაინახონ უკრაინის გვერდით. 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული საქართველოს და უკრაინას ყოველთვის ერთად ახსენებდნენ ხოლმე, საქართველოსთვის სამწუხაროდ, ვფიქრობ ამ ომმა აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების კუთხით, არამედ მათი მზაობის კუთხითაც, იყვნენ ნატოს პარტნიორები და გააკეთონ ის, რასაც ნატოს წევრები აკეთებენ", - ამბობს ჰამილტონი.

შეერთებული შტატების არმიის ყოფილი პოლკოვნიკი განმარტავს, რომ ეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო კრიტიკოსების ნაწილს არასრულად ან არასწორად ინფორმირებულად მიიჩნევს, ამაში კი ყველაზე მეტად ოპოზიციას ადანაშაულებს. თუმცა ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ახლა საქართველომ თავისი ევროატლანტიკური ღირებულებებისა და მისწრაფებების ერთგულება უნდა აჩვენოს. ევროინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯები კი მას უსაფრთხოების კუთხით კვლავ ე.წ. რუხ ზონაში დატოვებს:

„თუკი საქართველო უარს იტყვის მის ხანგრძლივ ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებზე, რომ გახდეს ტრანსატლანტიკური საზოგადოების სრული წევრი, ინსტიტუციურად იყოს ნატოს წევრიც, ეს საქართველოსთვის შეცდომა იქნება", - ამბობს იან ბრჟეზინსკი, პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი და "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი. საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო საკითხების ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს საქართველოს "რუხ ზონაში" და "მოწყვლადს" დატოვებს. მეორე მხრივ კი ეს იქნება დანაკარგი ნატოსთვისაც.

"არასტაბილურობის ეს შენარჩუნებული ზონა ევროპის გულში არის რეცეპტი მომავალი რეგიონული კონფლიქტისთვის. ვიმედოვნებ, საქართველო დარჩება თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული. დემოკრატიული უკუსვლა კონტრპროდუქტიული იქნება ნებისმიერი იმ ტრანსატლანტიკური ამბიციისთვის, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს. ასეთია პოლიტიკური რეალობა", - ამბობს ბრჟეზინსკი.

რუსეთის მიერ უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრიდან თითქმის 11 თვის შემდეგ, დასავლური იარაღით აღჭურვილი უკრაინა რუსეთის აგრესიას იმაზე უფრო დიდი წარმატებით უმკლავდება, ვიდრე ბევრი ანალიტიკოსი ამას ომის დასაწყისში ვარაუდობდა. ბევრი ის გადაწყვეტილებაც, რომელიც დასავლეთის ქვეყნების მხრიდან წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, უკვე მიღებულია.

მაშინ კი, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი რუსეთის აგრესიის სამიზნე ქვეყნების მეტი მხარდაჭერის აუცილებლობაზეც საუბრობს, რობერტ ჰამილტონის შეფასებით, თბილისი ახლა მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს თავდაცვის სექტორის განვითარებას და საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას. ეს მისი აზრით, საქართველოს ინტერესებსაც შეესაბამება, და ალიანსისასაც. თადარიგის პოლკოვნიკი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, ყველა ფოკუსირებულია ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლზე, არანაკლებ მნიშვნელოვანი - მესამე მუხლია. ჰამილტონის თქმით, ნატოს ქარტიის მესამე მუხლი გულისხმობს გამძლეობას, მდგრადობას და იმას, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა ჩადონ მნიშვნელოვანი და სერიოზული ინვესტიციები საკუთარი ეროვნული ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებში და ააშენონ საზოგადოებრივი გამძლეობა თავდასხმის წინააღმდეგ.

"ალიანსს სჭირდება მისი [საქართველოს] სერიოზული ფოკუსი ქვეყნის, საკუთარ, ეროვნულ ტერიტორიულ თავდაცვაზე. ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია ეს გააკეთოს საკუთარი თავისთვის და ნატოსკენ მისწრაფებისთვის, სერიოზული ინვესტიციები ჩადოს ამ შესაძლებლობებში. ეს დაეხმარებოდა მას, დაიცვას საკუთარი ტერიტორიები და შექმნას აგრესიასთან გასამკლავებლად საზოგადოებრივი მიდგომა. ამგვარად, თუ და როცა ის გახდება ალიანსის წევრი, ის არ იქნება ტვირთი ნატოსთვის, არამედ მას შეძლება წვლილი შეიტანოს საკუთარ თავდაცვაში და უფრო ფართო - ნატოს თავდაცვაში", - ამბობს რობერტ ჰამილტონი "ამერიკის ხმასთან" საუბარში.

უკრაინისა და მისი პარტნიორების დაზვერვის სამსახურების ცნობებით, რუსეთი ომის წლისთავზე ახალი სახმელეთო იერიშისთვის ემზადება. თუმცა სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, ამ იერიშის წარმატება ნაკლებ სავარაუდოა. რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის კი მწვავე შეტაკებები კვლავ უკრაინის აღმოსავლეთში, ბახმუტისა და სოლედარის მიდამოებში გრძელდება.

XS
SM
MD
LG