ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეგელი პუტინის პირობის შეუსრულებლობაზე საუბრობს


.
.

რუსეთის მიმართ მორიგი სანქციები შესაძლოა კონგრესის თანხმობითაც გამყარდეს

ვაშინგტონი - კვირას აღმოსავლეთ უკრაინის ორ რეგიონში გამართული რეფერენდუმის მიზანი, ოფიციალური კიევისგან გამოყოფის შესახებ მოსახლეობის პასუხის მიღება იყო, თუმცა ამ რეფერენდუმის გარშემო გაკეთებული განცხადებების მიხედვით, მისი სამართლიანობა და ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დგება. ეს გამოკითხვა კიდევ უფრო საკამათოა იმ ფონზე, როდესაც 25 მაისს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება და ხალხმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.

დაძაბულ მდგომარეობას უკრაინაში ისიც ემატება, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ დაპირებას, რომ უკრაინის საზღვრიდან რუსულ ჯარებს გაიყვანს შესრულების არანაირი ნიშანი არ ეტყობა. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი საუბრობს.

"ამ ეტაპზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. თქვენ უნდა ჰკითხოთ პუტინს, რატომ არ აკეთებს ამას, თუკი განაცხადა რომ ტოვებენ, თუმცა რეალურად ასე არ არის," - ჰეგელმა ეს განცხადება ეი-ბი-სის საკვირაო გადაცემაში მონაწილეობის დროს გააკეთა.

შეერთებული შტატების და ნატოს მეკავშირეების მხრიდან რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა აღმოჩნდა, რომ უკრაინის მიმართ მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკაზე გავლენა ვერ მოახდინა.

"რუსეთი აგრძელებს იზოლაციას მოკლევადიანი მიზნის მისაღწევად. რუსები შეიძლება ფიქრობენ, რომ რაღაცნაირად მოგებულები არიან, თუმცა მსოფლიო მხოლოდ მოკლევადიანი პერსპექტივებით არ არსებობს," - დაამატა ჰეგელმა.

რესპუბლიკელ სენატორ კელი აიოტს სურს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ახალი ეკონომიკური სანქციები 25 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევენებამდე ამოქმედდეს.

მისი განცხადებით, ზუსტად იგივე სცენარით ვითარდება მოვლენები აღმოსავლეთ უკრაინაში, როგორც ეს ყირიმში მოხდა. ეს არის რუსების მხრიდან ამბოხებულთა ტიპის ქმედებები რათა უკრაინაში დაძაბულობა არსებობდეს. დრო მოვიდა რომ ადმინისტრაციამ 25 მაისამდე დააწესოს ეკონომიკურ სექტორებზე სანქციები, რათა არჩევნებს არ შეეშალოს ხელი, რომ ნორმალურ რეჟიმში წარიმართოს. "მე მჯერა, რომ ამ სანქციების ამოქმედება არჩევნების დროს ძალიან გვიანი იქნება" - განაცხადა მან.

სენატორი ლინდსი გრაჰამი რომელიც ასევე რესპუბლიკელია, საუბრობს იმაზე, რომ ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ მომავალში სადამსჯელო ხასიათის მეთოდების გამოყენებისთვის კონგრესს ფორმალური თანხმობისთვის უნდა მიმართოს.

მისი განცხადებით, იმის ნაცვლად რომ ამ ყველაფერს ერთპიროვნული განკარგულების სახე ჰქონდეს, პრეზიდენტი კონგრესში უნდა მივიდეს და გაირკვეს მიიღებს თუ არა ორპარტიულ თანხმობას ეკონომიკურ სექტორებზე სანქციების გამოყენებით, რომელიც პუტინის მიმართ უფრო ძლიერი გზავნილი იქნებოდა. სანქციები რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება, და ამას ამერიკის მხარდამჭერებიც გაიზიარებენ.

დემოკრატი სენატორი კრის მარფი ეთანხმება, რომ რუსეთს უფრო დიდი საფასურის გადახდა მოუწევს, თუმცა შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში მარტო არ უნდა მოქმედებდეს.

"ვფიქრობ, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს უნდა მოვთხოვოთ მეტი მხარდაჭერა ეკონომიკურ სექტორებზე სანქციებთან დაკავშირებით". ის რომ შეერთებული შტატები ამ მიმართულებით მარტო მოქმედებდეს ეს ამერიკის უსაფრთხოების საკითხებს საფრთხეს შეუქმნის. მარტო ამერიკის სანქციები საკმარისი არ არის, რომ მოსკოვში მიდგომა შეიცვალოს. და საბოლოოდ შეიძლება პუტინს იმპულსი მიეცეს რომ პროვოკაციები განაგრძოს," - განაცხადა მან.

შაბათს ობამას ადმინისტრაციამ კვლავ გაიმეორა თავისი მუქარა, რომ რუსეთი დიდი დანაკარგის წინაშე აღმოჩნდება, თუმცა არ დაკონკრეტებულა, როდის შეიძლება ეს მოხდეს
XS
SM
MD
LG