ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემერი: გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, რაშიც შესაძლოა ნაადრევი არჩევნები ან ცესკოში ცვლილებების შეტანა შედიოდეს


დევიდ კრემერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი

საქართველოში გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, რადგან ამის გაკეთებას ამერიკაში ვერავინ შეძლებს, აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩნოსანი დევიდ კრემერი, რომელიც ახლა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორია. კრემერი საქართველოში სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტსაც აფასებს და ამბობს, რომ ის, რომ პომპეო ოპოზიციას არ შეხვდა შეცდომა იყო და შესაძლებელი იყო ვიზიტი უკეთესი ყოფილიყო.

ბატონო დევიდ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტი ცოტა ხნის წინ დაამთავრა. მისი ვიზიტის მიმართ საქართველოში დიდი მოლოდინები იყო. თქვენი აზრით, როგორ ჩაიარა ვიზიტმა, ზოგადად როგორ შეაფასებდით მას?

მისი ვიზიტის დრო არ იყო კარგი და არ მგონია, რომ მან [პომპეომ] ვიზიტს თავი კარგად გაართვა. ის ოპოზიციას არ შეხვდა.

ჩვეულებრივ, ძალიან კარგი ამბავი იქნებოდა ის, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვია. ეს 2016 წლის შემდეგ, სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტი იყო და ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი, 2017 წლის ზაფხულში, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ.

თუმცა, მისი ვიზიტის დრო არ იყო კარგი და არ მგონია, რომ მან ვიზიტს თავი კარგად გაართვა. ის ოპოზიციას არ შეხვდა. ის მხოლოდ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პატრიარქს შეხვდა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან ძალიან მოკლე შეხვედრა გამართა. ის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დროს ჩავიდა. ვფიქრობ, მან გარისკა იმის ჩვენება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და თავადაც “ქართული ოცნების,“ მმართველი პარტიის მხარესაა, იმის ნაცვლად რომ ეჩვენებინა, რომ ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ. მან არ გამართა პრეს-ბრიფინგი, რის გამოც მას არ მიეცა შესაძლებლობა ეს მხარდაჭერა მკაფიოდ გამოეხატა.

იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების საინფორმაციო ბრიფინგი, რომელმაც ვფიქრობ, ძირითადად სწორი მესიჯები გააჟღერა, მაგრამ ეს ჩემი აზრით, დაკარგული შესაძლებლობა იყო და სახელმწიფო მდივანი ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს უნდა შეხვედროდა. კარგი იყო ის, საქართველოში რომ ჩავიდა, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ ვიზიტი უკეთესი ყოფილიყო.

თქვენი აზრით, პოზიტიური რა იყო ამ ვიზიტის განმავლობაში? ამერიკულ მედიაში რამდენიმე მოსაზრება გაჟღერდა, რომ ეს შესაძლოა პომპეოსთვის პერსონალურად ყოფილიყო უფრო მეტის მომტანი, ვიდრე საქართველოსთვის და რომ ქვეყანამ მისი ვიზიტით ვერაფერს მიაღწია. თქვენ რას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე?

ვფიქრობ, მთელი ტურნე ეჭვს ბადებს. უქმეებზე ის საფრანგეთში იყო, შემდეგ თურქეთში, სადაც ოფიციალური შეხვედრები არ ჰქონდა. ის სტამბოლში რელიგიურ ლიდერებს შეხვდა. იქიდან თბილისში ჩავიდა, სადაც პატრიარქსაც შეხვდა და თბილისიდან ახლო აღმოსავლეთისკენ წავიდა. შესაბამისად, არ ვიცი, რა არის ამ ტურნეს მიზანი. როგორც ვთქვი, საქართველოში არჩევნების ორ რაუნდს შორის ვიზიტი ძალიან კარგი დრო არ იყო.

სახელმწიფო მდივან პომპეოს 18 საათი თბილისში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00

ამიტომ, ჩნდება კითხვები ვიზიტის მიზნებზე. ჩვეულებრივ, ადამიანები განსაკუთრებული სითბოთი იღებენ სახელმწიფო მდივნის ვიზიტს. ვფიქრობ, მთავრობა ბედნიერი იყო, ასევე ვფიქრობ, “ქართული ოცნება” ბედნიერი იყო, მაგრამ ოპოზიცია არც ისე ბედნიერი იყო ვიზიტით.

ასევე, წამყვანმა ექსპერტებმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა პომპეოს სთხოვეს, გამოეცხადებინა საქართველოში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მუდმივი განლაგება. ეს არ მოხდა. თუმცა, არ მგონია ეს რეალისტური მოლოდინი ყოფილიყო. ვფიქრობ, მან ხელიდან გაუშვა ქართველ ხალხთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმით, რომ არ გამართა ბრიფინგი პრესისთვის, ან სიტყვით არ გამოვიდა. მე, მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერ მივხვდი, რატომ ჩავიდა იქ, თუ არ აპირებდა ამ ყველაფრის გაკეთებას.

თქვენი აზრით, რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა პომპეოს შეხვედრას ოპოზიციასთან, მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად?

ვფიქრობ, ეს აჩვენებდა იმას, რომ ამერიკა მხარს არ უჭერს რომელიმე ერთ მახარეს, არამედ ყველა მხარეს მოუწოდებს კომპრომისის გამონახვისკენ. შეერთებული შტატები არ უნდა კარნახობდეს იმას, თუ როგორი უნდა იყოს ეს სიტუაცია, ან რა შედეგს უნდა მიაღწიოს კომპრომისმა. ვფიქრობ ის აჩვენებდა იმას, რომ ჩვენ პროცესს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვუჭერთ მხარს და ვხედავთ იმას, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ბევრი შეშფოთება იყო. “ქართულ ოცნებას” მოსწონს იმ ფაქტზე ხაზგასმა, რომ არჩევნები პოზიტიურად შეფასდა, მაგრამ ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ კრიტიკას არ ახსენებენ, იქნება ეს ეუთო/ოდირი, NDI, IRI თუ სხვები.

კრიტიკა ბევრი იყო. ამერიკის საელჩოს მიაჩნია, რომ იმ პრობლემებს და შეშფოთებებს, რომლებიც ხმების დათვლის თუ ამომრჩევლის დაშინების მხრივ გამოიკვეთა, არჩევნების შედეგებზე გავლენა არ აქვს. ამის თქმა რთულია. თბილისში ამ დღეებში ძალიან დაძაბული სიტუაციაა. სახელმწიფო მდივნის ჩაფრენა და პოლიტიკურად მწვავედ დაპირისპირებულ გარემოში მხოლოდ ერთ მხარესთან შეხვედრა, ჩემი აზრით, შეცდომაა.

როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება საქართველო ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს? მდგომარეობა, როგორც ჩანს, ჩიხშია შესული. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. საქართველოს მთავრობა უარს ამბობს ახალ არჩევნებზე. სად ხედავთ გამოსავალს?

გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ. არ მგონია ამ გამოსავლის მონახვა ვინმეს ამერიკაში შეეძლოს. შეიძლება ამაში შედიოდეს ნაადრევი არჩევნების დანიშვნა. ვიცი, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს. შეიძლება ამაში ასევე შედიოდეს ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იმედია პომპეომ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ამაზე ისაუბრა - რომ გაათავისუფლონ ყველა, ვინც პროტესტის გამოთქმის საკუთარი უფლების გამოხატვისთვის არასწორად დააკავეს. ზუსტად, რა შეიძლება იყოს კომპრომისი და გამოსავალი, ეს ქართველების გადასაწყვეტია. მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ იმის გაცნობიერება, რომ უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება და უწყვეტი პოლიტიკური ქაოსი მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს და ეს მოსკოვია. ბატონი პუტინი ძალიან ბედნიერი იქნება იმით, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ქაოსი გაგრძელდეს, რადგან დასავლეთმა, და მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, შეიძლება თქვან: რატომ დავეხმაროთ საქართველოს, როცა ქვეყანა ასეთი არეულია. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გადაიჭრება თანასწორად და სამართლიანად და იმედი მაქვს, ყველაფერი სწრაფად მოგვარდება.

საინტერესოა ის, რომ მთავრობა ოპოზიციას რუსული სცენარით თამაშში სდებს ბრალს, განსაკუთრებით, როცა საქმე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება. ალბათ იცით, რომ ის დისტანციურად, მაგრამ აქტიურადაა ჩართული პროცესებში. საინტერესოა, რომ ნაატივების შეტრიალება ხდება ოპოზიციასა და მთავრობას შორის.


ოპოზიცია შეშფოთებულია იმით, თუ რა ხდება მთავრობის მოსკოვთან ურთიერთობაში. ოპოზიციას მიაჩნია, რომ მთავრობა ძალიან უახლოვდება რუსულ მხარეს. არსებობს შეშფოთებები რუსეთის გავლენებზე, განვითარების ზოგიერთი პროექტის განხორციელებაში. ახლა “ქართული ოცნების” მხარე ოპოზიციას ადანაშაულებს რუსული ტაქტიკის გამოყენებაში. ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, არის ერთი პარტია, რომელმაც ბარიერის გადასალახად საკმარისი ხმები მოიპოვა. ეს “პატრიოტთა ალიანსია,“ რომელიც ღიად პრორუსული პარტიაა. ეს ხელს უწყობს ამაში რუსული გავლენის არსებობის შეხედულების ჩამოყალიბებას. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ სხვა არცერთი ოპოზიციური პარტია არ ეთანხმება რუსული ტაქტიკის მიღებას და არ არიან დაინტერესებული რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით, სანამ რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას აგრძელებს.

ძალაინ მოკლედ იმაზეც რომ ვისაუბროთ, სად ხედავთ საქართველოს როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დაპირისპირებაში. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, აზერბაიჯანში განლაგებული საკუთარი სამშვიდობოები შეარაღებით მოამარაგა. სად ხედავთ ამ კონფლიქტის ფონზე საქართველოს?

ვფიქრობ, ამ სიტუაციაში საქართველო კარგ მდგომარეობაში არ არის. რეგიონში რუსეთის, დამატებით 2 000 სამშვიდობო ჯარისკაცი იქნება იქ, სადაც ისინი აქამდე არ იყვნენ განლაგებული. ასევე, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება საქართველოს გამოწვევებს შეუქმნის. საქართველო საშინელი კრიზისის უნებლიე მონაწილე გახდა იმის გამო, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც და ქვეყანაში ორივე ჯგუფის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. სექტემბერში დაპირისპირების განახლება საქართველოსთვის კარგი არ იყო. საქართველოსთვის, ვფიქრობ, გამოწვევა ის იქნება, რომ რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების ყოლა საქართველოზე დამატებითი ზეწოლისთვის არ გამოიყენოს.

თქვენი აზრით, პომპეოს ვიზიტი ამას უკავშირდებოდა?

არ მგონია ამასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა. თუმცა, რახან იქ იყო, ყარაბაღზე ალბათ რაღაც უნდა ეთქვა. ის შესაძლოა ერევანსა და ბაქოშიც წასულიყო, მაგრამ ის, რომ ეს არ მოხდა, იმაზე მიანიშნებს, თუ რამდენად მარგინალიზებულია შეერთებული შტატები ამ პროცესში. ეს რუსეთის მიერ ორკესტრირებული ზავი იყო, რომელშიც არც ევროკავშირს და არც შეერთებულ შტატებს მიუღია მონაწილეობა. ამერიკა ცდილობს მოვლენების განვითარებას დაეწიოს და პომპეოს საქართველოში ვიზიტმა, რეგიონში ამერიკის ინტერსები არ დააწინაურა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ აზრბაიჯანი კავკასიის ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც რუსული ჯარი არ იდგა. ახლა ესეც შეიცვალა და რუსეთის შიარაღებული ძალები რაღაც სახით სამივე ქვეყანაში არიან წარმოდგენილი. თქვენი აზრით, კავკასიაში რუსეთის სამხედრო პოზიციების გამყარება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე იქონიებს რაიმე გავლენას?

რუსეთს, რა თქმა უნდა, ერთობლივი თანხმობის საფუძველზე, სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს. აზერბაიჯანში სამშვიდობოების გაგზავნა, რუსეთს რეგიონზე წვდომის გაფართოების საშუალებას აძლევს. ვფიქრობ, ამით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს მდგომარეობა გართულდება. საქართველოს უკვე ჰქონდა გამოწვევები ნატოსა და ეკვროკაშივრთან ინტეგრაციის გაღრმავების თვალსაზრისით. ევროკავშირთან დაახლოება უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ნატოსთან. ევროკავშირთან საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ასევე აქვს უვიზო რეჟიმი. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის შემდეგ კი თითქმის 13 წელი გავიდა, როცა ალიანსმა თქვა, რომ საქართველო, უკრაინის მსგავსად, ალიანსის წევრი გახდებოდა. ამ მხრივ დიდი პროგრესი არ არის. იმედი მაქვს, დასავლეთი და ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოს მისწრაფებებზე რუსეთს დე ფაქტო ვეტოს უფლებას არ მისცემენ იმის თქმით, რომ რეგიონში რუსეთის გაზრდილი სამხედრო ყოფნის შედეგად, საქართველოსთან წინსვლას ვერ გავაგრძელებთო. სიმართლე რომ ვთქვათ, საქართველოს უკვე იმაზე მეტი აქვს გაკეთებული ნატოსთვის, ვიდრე ნატოს წევრ ქვეყნებს. საქართველო იმსახურებს ალიანსში ყოფნას. Ცხადია, არსებობს დიდი საკითხები, როგორიცაა ის, თუ რამდენად დაცვადია საქართველო. ვფიქრობ, უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის წინ წაწევას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG