ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამილტონი: ყველაზე ცუდი სცენარი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის შეწყვეტა იქნება


პოლკოვნიკი (გადამდგარი) ბობ ჰამილტონი, აშშ-ის ეროვნული ომის კოლეჯი
პოლკოვნიკი (გადამდგარი) ბობ ჰამილტონი, აშშ-ის ეროვნული ომის კოლეჯი

გაცვლის თუ არა თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად? ასევე, ამერიკის კონგრესში ქვეყნის მეგობრები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ დემოკრატიული რეფორმების გატარება სერიოზულად უნდა აღიქვას. როგორც წარმომადგენელთა პალატიდან, ასევე სენატის გავლენიანი საგარეო საქმეთა კომიტეტიდან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე წერილი გაუგზავნეს, რომლებშიც საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობდნენ. რა უნდა გააკეთოს თბილისმა ვაშინგტონის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად და რა არის არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი? ამ და სხვა კითხვებით ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორს, არმიის გადამდგარ პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა მიმართა.

ბატონო რობერტ, ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუსოღლუმ დავოსში ერთ-ერთი შეხვედრის დროს, სასიამოვნოდ მოულოდნელი საჯარო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ დასავლეთმა საქართველო ნატოში უნდა მიიწვიოს და რომ რუსეთის გაღიზიანებაზე არ უნდა იფიქროს. რას ნიშნავს ეს განცხადება?

განცხადების დრო საინტერესოა. ნატოსა და თურქეთს შორის ბოლო წელიწადნახევარში განვითარებული მოვლენები, იმ კითხვასაც კი აჩენდა ზოგჯერ, დარჩება თუ არა თავად თურქეთი ნატოში. თურქეთის ეს პოზიცია თანმიმდევრულია, რადგან წლების მანძილზე ის ნატოს გაფართოებას და ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას მხარს აქტიურად უჭერდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ადგილი ნატოშია. დროს რაც შეეხება, ვფიქრობ, თურქეთი ცდილობს დააბალანსოს საკუთარი ურთიერთობა ნატოსთან და რუსეთთან და პრაგმატული ურთიერთობა შეინარჩუნოს ორივესთან. ეს განცხადება, შესაძლოა, ნატოს მოკავშირეებისთვის იმის ხელახალი დადასტურებაა, რომ თურქეთი არა მხოლოდ რჩება ნატოს აქტიურ წევრად, არამედ მისი გაფართოების მომხრეა.

ეს საინტერესო მოსაზრებაა. თუმცა, არსებობს საწინააღმდეგო აზრიც, რომ თურქეთს შესაძლოა სურდეს რუსეთთან პოლიტიკური ვაჭრობის დამატებითი საკითხი ჰქონდეს და საქართველოს ნატოში გაწევრიანება თემად მაშინ წამოწიოს, როცა რუსეთისგან რამის მიღება მოუნდება. ამაზე რას ფიქრობთ, ეს შეთქმულების თეორიაა, თუ აქვს რამე საფუძველი?

მე არ ვიფიქრებდი იმას, გაყიდის თუ არა თურქეთი საქართველოს ნატოში წევრობას რუსეთისგან რაღაცის მისაღებად. ვფიქრობ, რომ თურქეთი ნამდვილად ფიქრობს იმაზე, რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა ჰქონდეს, განსაკუთრებით სირიასთან მიმართებაში, სადაც მათი ინტერესები ყველაფერში არ ემთხვევა.

პატარა ქვეყნებმა, რომლებსაც დიდი მეზობლები ჰყავს, ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ შეძლება ვინმემ სავაჭრო თემად გამოიყენოს. ამ შემთხვევაში, მე არ ვიფიქრებდი იმას, გაყიდის თუ არა თურქეთი საქართველოს ნატოში წევრობას რუსეთისგან რაღაცის მისაღებად. ვფიქრობ, რომ თურქეთი ნამდვილად ფიქრობს იმაზე, რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა ჰქონდეს, განსაკუთრებით სირიასთან მიმართებაში, სადაც მათი ინტერესები ყველაფერში არ ემთხვევა. ამასთან, არ მგონია, თურქეთის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის უკან წაღებამ საქართველოსთვის პრაქტიკული შედეგი მოიტანოს, რადგან ეს მხოლოდ თურქეთზე არაა დამოკიდებული.

თურქეთს საკუთარი მიზნები ამოძრავებს, როცა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. თურქეთს სჯერა, რომ სამხრეთ კავკასია უფრო სტაბილური იქნება, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდა. თურქეთს კი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა სურს და მისთვის უკეთესი იქნება, თუ აღმოსავლეთით ნატოს ბოლო წევრი თვითონ არ იქნება.

თქვენ სამხედრო მოსამსახურე იყავით. მოდით, ახლა ნატოში გაწევრიანების სამხედრო ასპექტზე ვისაუბროთ. დემოკრატიის თემას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით. რამდენად დაცვადია საქართველო სამხედრო თვალსაზრისით? დახმარების აღმოჩენის სურვილის შემთხვევაში, რამდენად სწრაფად შეუძლია ალიანსს საქართველოს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს? შესაძლებელია თუ არა ამ ქვეყნის დაცვა - ხომ არ არის ეს დისკუსია, რომლსაც მოკავშირეები ითვალისწინებენ?

ახლა 29 და მალე 30 წევრიდან, ცალკე აღებული ნატოს არცერთი მოკავშირე, გარდა შეერთებული შტატებისა, რუსეთისგან სრულად დაცული არ არის. სწორედ ესაა კოლექტიური თავდაცვის არსიც. ერთად დამდგარ 30 ქვეყანას შეეძლება ისეთი საფრთხისთვის თავის გართმევა, როგორიც რუსეთია. თავის დროზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებზეც ამას ამბობდნენ, რომ მათი დაცვა სამხედრო თვალსაზრისით შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ 2004 წელს მათი ალიანსში მიწვევით, ეს შეხედულება შეიცვალა. მოგვიანებით, ნატოს გაფართოების ამ ტალღას დასავლეთის ყველაზე წარმატებულ საგარეო პოლიტიკის ნაბიჯადაც კი ვაფასებდით. მნიშვნელოვანია იმის გამეორება, რომ ნატოს არცერთ წევრს არ შეუძლია რუსეთს წინააღმდეგ თავი დამოუკიდებლად დაიცვას.

მნიშვნელოვანია იმის გამეორება, რომ ნატოს არც-ერთ წევრს არ შეუძლია რუსეთს წინააღმდეგ თავი დამოუკიდებლად დაიცვას.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთის ნატოს წევრად დარჩეს. თუ თურქეთმა ალიანსი დატოვა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების არანაირი პერსპექტივა არ ექნება, რადგან ნატოსთვის ის მოწყვეტილი ტერიტორია იქნება.

ამ მხრივ ახლაც კი რთულადაა საქმე. არც ახლა ვართ ნატოსთან ახლოს.

დიახ, ახლაც ასეა, მაგრამ მერე საქართველო კუნძულივით მოშორებული იქნება. სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს დაცვა არაფრით განსხვავდება ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის დაცვისგან.

ეს შესანიშნავია! არა სამხედრო პირებისგან, არამედ პოლიტიკაზე მომუშავე ადამიანებისგან ხშირად ისმის ის, რომ ეს რთული საქმეა. მომისმენია კითხვები რომ... რამდენი დღე დაგვჭირდება საქართველოში დასახმარებლად რომ ჩავიდეთ - 3, 5, მეტი? რა მოხდება საქართველოში ამ დროის მანძილზე, ხომ არ შევხვდებით რუსულ ჯარს თბილისში? თქვენი მოსაზრება იმედის მომცემია.

საქართველოს ზოგიერთი ისეთი უპირატესობა აქვს, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს არ აქვს. მაგალითად, ლანდშაფტი, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით მოწინააღმდეგისთვის გამოწვევების შემქმნელია, ნატოს წევრი თურქეთის მხრიდან კი ადვილი მისადგომია. ბალტიისპირეთს ეს არ აქვს. სამივე ქვეყანას ნატოსთან სუვალკის დერეფანი აკავშირებს, რომელიც კალინინგრადსა და ბელორუსს შორის ძალიან ვიწრო დერეფანია. ვიტყოდი, რომ ნატოს არცერთ პატარა წევრს რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, დამოუკიდებლად თავის დაცვის შესაძლებლობა არ აქვს. ნატო, რეგიონში შეიარაღების და ძალების განლაგების სტრუქტურიდან გამომდინარე, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა თუ საქართველოში - თუ ის ნატოს წევრი გახდა - მოულოდნელ იერიშს ალბათ ვერ მოიგერიებს, მაგრამ ძალების მობილიზების შემდეგ, გადავა კონტრშეტევაზე და რუსულ ჯარს უკან დაახევინებს. საბოლოო ჯამში, სამხედრო თვალსაზრისით, ყველა ქვეყნის დაცვა შეიძლება თუ ნატოს ამისთვის პოლიტიკური ნება ექნება.

დღეს არსებობს ეს პოლიტიკური ნება? ყოველ სამიტზე ისმის გამამხნევებელი განცხადებები, რომლებიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას ერთგულებას უცხადებს. საქართველო ნატოს ნამდვილად უახლოვდება. დაიწყო რამდენიმე ახალი და მნიშვნელოვანი ინიციატივა, გაიხსნა ნატოს ცენტრი და ასე შემდეგ. თქვენ ევროპაში ხშირად ხვდებით მოკავშირეებს. როგორ ფიქრობთ, ნატოში დღეს საქართველოს გაწევრიანების მიმართ პოლიტიკური ნება არსებობს?

საქართველოს ნატოში გაწევრიანება ამ ეტაპზე არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური თემაა. საქართველომ ნატოში გასაწევრიანებლად ყველა მოთხოვნილება დააკმაყოფილა და ქართული ჯარი დღითიდღე იხვეწება. ჯარი აგრძელებს იმაზე ფიქრს, თუ როგორ დაიცვას საკუთარი თავი დამოუკიდებლად. როცა საქართველოში ჩავდივარ ხოლმე, სამხედრო გამძლეობაზე უფრო მეტი საუბარი მესმის, ვიდრე მეხუთე მუხლის კოლექტიურ თავდაცვაზე. საქართველოს მთავრობამ, ვფიქრობ, კარგად გაიგო ის, რომ იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს, ყველაფერი უნდა გააკეთოს საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად და რუსული თავდასხმის წინააღმდეგ გამძლეობა შეიმუშაოს. ამისთვის კი ყოვლისმომცველი მიდგომაა საჭირო, რაშიც არა მხოლოდ სამხედრო გამძლეობა, არამედ საინფორმაციო, ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ყველა რესურსის გამოყენება შედის.

[საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად] ამერიკის მხარდაჭერა აუცილებელია. თუ შეერთებულმა შტატებმა ეს თანადგომა უკან წაიღო, არ მგონია საქართველოს ნატოში გაწევრიანების რაიმე შანსი ჰქონდეს.

რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის?

ვიტყოდი ეს მნიშნველოვანი, მაგრამ არასაკმარისია. ამერიკის მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტის დროს, მე თბილისში, ამერიკის საელჩოში ვმუშაობდი. მაშინ იმის გამო, რომ ალიანსმა საქართველოს სამოქმედო გეგმა არ მისცა, მაგრამ თქვა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები ერთ დღეს გახდებოდნენ, ჩვენ როგორც ჯარში ასევე პოლიტიკურ წრეებში, იმედგაცრუებული დავრჩით. ამერიკის მხარდაჭერა აუცილებელია. თუ შეერთებულმა შტატებმა ეს თანადგომა უკან წაიღო, არ მგონია საქართველოს ნატოში გაწევრიანების რაიმე შანსი ჰქონდეს. თუმცა, ეს მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათი დაყოლიება მომხდარიყო, ვინც საქართველოს სკეპტიკურად უყურებს და რუსეთის რეაქციის გამო ფრთხილობს.

ანუ, ვაშინგტონი დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს?

ჩემი აზრით, კი. დახმარების ოდენობას რომ შევხედოთ, იქნება ეს სამხედრო თუ არასამხედრო, თანხა თითქმის ყოველ წელს იზრდება. სამხედრო დახმარება თუ არ ვცდები 40 მილიონია, არასამხედრო კი, დაახლოებით, 80 მილიონი. ამერიკას ხშირად აკრიტიკებენ დახმარების ერთგვარი მილიტარიზაციის გამო და ამბობენ, რომ დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში ქვეყანას, ძირითადად, თავდაცვის დეპარტამენტი ეხმარება. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ამაში ამერიკის მთავრობა მთლიანადაა ჩართული. სახელმწიფო დეპარტამენტს და USAID-ს ევრაზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ბევრი პროგრამა საქართველოში აქვს. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის გრანტის ერთ-ერთი პირველი მიმღები საქართველო იყო. ეს დახმარება უკვე წლების მანძილზე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციასა და კონგრესში საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს.

კონგრესზე ასე ნუ იჩქარებთ. კონგრესიდან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე ძალიან კრიტიკული წერილი გაუგზავნეს. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე კონგრესში საქართველოს მეგობრებს ხვდებიან ამ კრიტიკაზე პასუხის გასაცემად. ორი ქვეყნის ურთიერთობაში - ყოველ შემთხვევაში კონგრესთან - ერთგვარი დაძაბულობა შეინიშნება. რამდენად საშიშია ეს და ეთამაშება თუ არა ქართული მხარე ცეცხლს კონგრესიდან ამ წერილების მიღებით?

როდესაც ამერიკის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ მიმართულებით უკან დგამს ნაბიჯებს, ჩვენ მათ სიმართლე უნდა ვუთხრათ.

ჩემს მეხსიერებაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები საქართველოს ასე საჯაროდ და ასე კრიტიკულად წერილობით მიმართავენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. დიდი ხნის მანძილზე საქართველოს მიმართ კონგრესში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს, თუმცა ეს მხარდაჭერა უპირობო და გაუაზრებელი არ არის. როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება - რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ახლა ასეა - კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს თავისუფლად ველაპარაკოთ და სიმართლე ვუთხრათ. შეერთებული შტატები დემოკრატიის მხარდაჭერის, ადამიანის უფლებების, სხვა დემოკრატიული ღირებულებების ერთგული რჩება. როდესაც ამერიკის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ მიმართულებით უკან დგამს ნაბიჯებს, ჩვენ მათ სიმართლე უნდა ვუთხრათ.

საქართველოს ზოგიერთი მეგობარი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში, შიშობს, რომ შესაძლოა საქართველოში ამ კრიტიკას ისე სერიოზულად არ აღიქვამდნენ, როგორც საჭიროა. ამას ის უწყობს ხელს, რომ ქართული ოცნების ზოგიერთი ლიდერი ამბობს, რომ წერილს ხელი 435 კონგრესმენთაგან მხოლოდ ოთხმა მოაწერა, ან იმას, რომ თავად ამერიკელი კონგრესმენები მაჟორიტარები არიან და რატომ აკრიტიკებენ საქართველოს საარჩევნო სისტემის გამო. ხედავთ თუ არა რაიმე საფრთხეს ამ განცხადებებში? ჯანსაღია ასეთი მიდგომა?

არ მგონია ასეთი განცხადებები რამეს ხელს უწყობდეს. მე რომ საქართველოს მთავრობაში პოლიტიკის მწარმოებელი ვიყო, ამ პუნქტებიდან სათითაოდ ყველას გავცემდი პასუხს და მათ ჩემს ამბავს დავანახვებდი. კონგრესში თანხების განაწილების კანონპროექტები ხშირად შედის. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს სასურველ დონეზე მოქნილი, კონგრესში მხარდაჭერის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის კრიტიკული იმ მოკავშირე და გავლენიან კონგრესმენებთან პარტნიორობის შენარჩუნება, რომლებიც საქართველოს ყურადღებას აქცევენ. მთავრობის წარმომადგენლებმა პატიოსნად უნდა უპასუხონ კრიტიკას და უპასუხონ წერილებში გამოთქმულ შეშფოთებებს იმის ნაცვლად, რომ მათ ყურადღება არ მიაქციონ.

რა არის ყველაზე ცუდი სცენარი, რაც შეიძლება განვითარდეს? ვთქვათ სიტუაცია არ შეიცვალა. საქართველოს მთავრობა სწორედ ამას აკეთებს. ვაშინგტონში ახლაც იმყოფება ოფიციალური დელეგაცია, რომელიც სწორედ იმას აკეთებს, რასაც თქვენ ამბობთ. შეხვედრებს მართავს ამ წერილების ავტორებთან და სავარაუდოდ, იმაზე ესაუბრება მათ, რომ მდგომარეობა არც ისე ცუდია, როგორც მათ ოპოზიციისგან ან არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მისდით ხმა. იმ შემთხვევაში, თუ არ გამოიკვეთა პრაქტიკული პროგრესი და არ შესრულდა დაპირებები, რა არის ყველაზე ცუდი შედეგი, რაც შეიძლება დადგეს?

თუ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს [...] შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა შეამციროს. ვფიქრობ, ამას უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, ვიდრე დოლარების ოდენობის შემცირებას.

ეს კარგი კითხვაა. ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება დადგეს დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში, ისაა, რომ საქართველოს შეიძლება შეუმცირდეს ან შეუწყდეს ზოგიერთი დახმარება, რომლსაც ამერიკა საქართველოს უკვე ათწლეულებია უგზავნის. ან შეიძლება დახმარების დონე უბრალოდ შემცირდეს. ამაზე მნიშვნელოვანი კი სხვა რამაა. როგორც წეღან აღვნიშნე, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე უკიდურესად მნიშვნელოვანია. თუ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს - როგორიცაა მაგალითად გამჭვირვალობა, ანტი-კორუფციული რეფორმები, კარგი მმართველობა, რაც ასევე საჭიროა ნატოში გასაწევრიანებლად - შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა შეამციროს. ვფიქრობ, ამას უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, ვიდრე დოლარების ოდენობის შემცირებას.

საქართველოს უდიდესი გამოწვევები აქვს. ოქტომბერში არჩევნები მოდის და ქვეყანა უკიდურესად პოლარიზებულია. ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის გაცემისას, თქვენ თქვით, რომ წერილები, რომლებსაც კონგრესი საქართველოს მთავრობას უგზავნის, დემოკრატიული უკუსვლის გამოძახილია. სულ ორიოდე წუთი დაგვრჩა და ახლა ამაზე ვისაუბროთ მოკლედ. რაში გამოიხატება ეს უკუსვლა და რის გაკეთება შეიძლება მის შესაცვლელად?

კონკრეტული შემთხვევები რომ ჩამოვთვალოთ, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღება იქნება. ასევე უნდა აღვნიშნოთ, სამთავრობო რესურსების არამართებულად გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში, მოქალაქეებისთვის დავალიანების მოხსნა ასევე საარჩევნო პერიოდში... ისეთმა ორგანიზაციებმაც კი, როგორიცაა „ფრიდომ ჰაუსი,“ „პოლიტი პროჯექტი,“ „ეკონომისტი“ და სხვები, რომლებიც ამ მოვლენებს აკვირდებიან, დემოკრატიულ უკუსვლას ამჩნევენ.

ვფიქრობ, ეს ორი პარალელური პროცესის თვალსაჩინოდ წარმოჩენაა და ეს პროცესები ყოფილ საბჭოთა სივრცეში - ბალტიისპირეთს გარდა - თითქმის ყველგან გვხვდება. ერთი ისაა, რომ თავისუფალი არჩევნების გზით მოდიან მთავრობები და დროთა განმავლობაში სახელმწიფო რესურსს იყენებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ. ისინი ასევე უფრო და უფრო მიუღებელი ხდებიან ლეგიტიმური ოპოზიციის მიმართ. ამის მაგალითები ვნახეთ როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის დროს, ასევე ვხედავთ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც. მეორე, პარალელური პროცესი ისაა, რომ მოსახლეობა უფრო და უფრო ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას, უფრო მეტად იცავს საკუთარ უფლებებს და უფრო მეტად ხელმძღვანელობს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებით, ვიდრე მთავრობა. ის, თუ როგორ დამთავრდება ამ ორი პროცესის ერთმანეთთან შერწყმა, ძალიან საინტერესო იქნება. მე, ცხადია, მინდა ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს.

რას ნიშნავს თქვენი აზრით ხალხის გამარჯვება? ხალხმა 2012 წელს გაიმარჯვა და ნაც-მოძრაობის მთავრობა დამარცხდა. მოვლენები, თითქოს წრეზე ვითარდება - არჩევნებიდან არჩევნებამდე.

საქართველოში არჩევნები საკმარისად თავისუფალი და სამართლიანია და ხალხს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება. საქართველო არ არის ავტორიტარული, რეპრესიული ქვეყანა, სადაც თუ ხალხმა მოინდომა, მთავრობას ვერ შეცვლის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ უფრო მეტად 2024 წლის არჩევნებში, როცა ქვეყანა ნამდვილად იქნება გადასული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ხალხს მთავრობის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემა. როგორც წესი, ძალაუფლების მქონე პარტიებს შერეულ სისტემაში უპირატესობა და ხელისუფლებაში დარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას. პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება მეტად დაბალანსებული პარლამენტის ქონას შეუწყობს ხელს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG