ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორნელი: კონფლიქტების გადასაჭრელად საქართველოს დემოკრატიული განვითარება სჭირდება


სვანტე კორნელი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის დირექტორი
სვანტე კორნელი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის დირექტორი

რუსეთი მეზობელ ქვეყნებში ხუთი ტერიტორიის ოკუპაციას აგრძელებს. საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და ეგრეთწოდებული, ცხინვალის რეგიონი მათ შორის ორია. როგორია რუსეთის პოლიტიკა იმ ქვეყნების მიმართ, სადაც რუსული ჯარი დგას? არსებობს თუ არა ამ კონფლიქტების მოგვარების გზები? რა მიზნით აგრძელებს რუსეთი საქართველოში ბორდერიზაციის პროცესს და რის გაკეთება შეუძლია ამ ვითარებაში თბილისს? ამ და სხვა კითხვებით "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა "კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის" დირექტორ სვანტე კორნელს მიმართა.

სვანტე, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ ანგარიში გამოაქვეყნეთ, რომელშიც მსოფლიოში რამდენიმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც საუბრობთ. რა იყო ანგარიშის ძირითადი მიზანი და რა პრინციპით შეარჩიეთ ოკუპირებული ტერიტორიები?

გვინდოდა შეგვესწავლა თანამედროვე მსოფლიოში გადაუჭრელი კონფლიქტები და გვენახა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას მათ მიმართ და განსხვავდება თუ არა ეს შეხედულებები სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში. კვლევამ გვაჩვენა, რომ ეს დამოკიდებულებები ნამდვილად განსხვავდება.

ამ კონფლიქტებში - პროქსი - არაპირდაპირი რეჟიმების შექმნა მაკონტროლებელ ძალას უარყოფის საშუალებას აძლევს იმის სათქმელად, რომ ‘არა, ამას მე არ ვაკეთებ, მე არაფერ შუაში ვარ...’ როცა ასე გავლენიანი სახელმწიფო იქცევა, ჩნდება შეხედულება, რომ ეს ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობას თანამშრომლობისთვის სჭირდება. მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი გვჭირდება სირიაში ვითარების დასარეგულირებლად, ან ირანთან ურთიერთობაში.

აფხაზეთში რუსული ჯარი დგას, მაგრამ რუსეთი აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებს და ამით ერთგვარ ბურუსს ქმნის იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ოკუპაციის გაგრძელებასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები.

აფხაზეთში რუსული ჯარი დგას, მაგრამ რუსეთი აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებს და ამით ერთგვარ ბურუსს ქმნის იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ოკუპაციის გაგრძელებასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები. ვაშინგტონში და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში ეს მხოლოდ ყირიმის ანექსიის შემდეგ და არა 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ დაინახეს.

ანუ ამბობთ, რომ რუსეთი ერთ ხელწერას იყენებს ყველგან. რაც უფრო ადრე შექმნის კონფლიქტის ტერიტორიაზე პროქსი რეჟიმებს, მით უფრო უმარტივდება ამ ტერიტორიების ოკუპაცია და მართვა. როგორ ფიქრობთ, გრძელვადიანი ოკუპაციის შემდეგ, შეიძლება ამ ტერიტორიებზე რამის შეცვლა?

კი, ეს შესაძლებელია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი წამახალისებელ ფაქტორებს უკავშირდება. რუსეთის ლიდერებმა უნდა შეაფასონ ის, თუ რა დაებით და უარყოფითი მხარეები აქვს ამათუიმ პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდის მანქანა მუშაობს, ცხადია ის, რომ უკრაინაში ვითარება ისე არ წარიმართა როგორც რუსეთს სურდა. რუსეთი ასეთ ნაბიჯებს მაშინ დგამს, როცა აცნობიერებს, რომ რაღაცას კარგავს. აფხაზეთის და ეგრეთწოდებული, სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მაშინ გადაწყვიტეს, როცა მიხვდნენ, რომ საქართველოს კარგავდნენ, დონბასსა და ყირიმში მაშინ შეიჭრნენ, როცა მიხვდნენ, რომ უკრაინა დაკარგეს.

ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ იმის გამო, რომ რუსეთი ქვეყნების ოკუპაციას აგრძელებს ეს მის სიძლიერეზე მიუთითებს. სინამდვილეში რუსეთი საკუთარ მიზნებს ვერ აღწევს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი პოლიტიკური გავლენის მოხდენას და ქვეყნების ასე კონტროლს ვერ ახერხებენ. მათ სამხრეთ ოსეთი არაფერში სჭირდებათ - ასე არაა? იქ ბევრი არაფერია. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ქართველები იქნება ეს თუ ოსები, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბუნებრივი რესურსების თუ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის თვალსაზრისით ეს ტერიტორია ნაკლებად მნიშვნელოვანია.

რუსეთისთვის ეს ემოციური მომენტიცაა იმ ქვეყნების დასასჯელად, რომლებსაც მასთა სიახლოვე არ უნდათ.

სხვათა შორის, საინტერესო ის, რომ რუსეთი მხოლოდ მეზობელი ქრისტიანი ქვეყენების ოკუპაციას ახდენს და არა მუსლიმური ქვეყნების.

რატომაა ეს საინტერესო - რუსეთის გარშემო - ცენტრალური აზიის გარდა - მუსლიმური ქვეყანა ბევრი არაა და ცენტრალური აზიის ტერიტორიის ოკუპაციის საჭიროება არ აქვს.

რუსული პოლიტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:05 0:00

ყაზახეთში ბევრი რუსი ცხოვრობს... ისეთი ლიდერები, როგორიც ბატონი პუტინია, პერსონალურად შეურაცხყოფილად არ გრძნობენ თავს, როცა ყაზახები, უზბეკები, აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ რუსეთთან ყოფნა არ სურთ. მაგრამ როცა ამას ქრისტიანი ქვეყანა აკეთებს, რუსებს ეს უბრალოდ არ ესმით.

თქვენს წინა შეკითხვას რომ დავუბრუნდე, შეიძლება თუ არა რამის შეცვლა, კი, შეძლება რუსეთისთვის წამახალისებელი ფაქტორების სტრუქტურის შეცვლა. უკრაინის შემდეგ ამერიკის კონგრესმა რუსეთს სანქციებით სერიოზული შედეგები მიაღებინა. კრემლის რეჟიმი ისეთი სტაბილური არ არის, როგორც გარედან გამოიყურება. არ ვიცით რა შეიძლება მოხდეს მის შემდეგ.

საქართველომ უნდა გააგრძელოს იმის ჩვენება, რომ ჯობს დემოკრატიული, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნის მოქალაქე იყო, აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მცხოვრები.

როგორ შეუძლია დასავლეთს და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს მიმდინარე ოკუპაციის გამო. რა მექანიზმები არსებობს ამისთვის?

ამისთვის ბევრი მექანიზმი არსებობს - სანქციები, სავაჭრო ბერკეტები. ის ფაქტი, რომ რუსეთი მჭიდროდაა დამოკიდებული დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებზე და დასავლეთთან ვაჭრობაზე ასევე დიდი ბერკეტია. რუსეთი ახლა ცდილობს ამ ფინანსური ურთიერთობების ნაწილი ჩინეთზე გადაიტანოს, მაგრამ კრემლი აცნობიერებს, რომ ჩინელები მათ ძალიან ცუდ პირობებს სთავაზობენ. საბოლოო ჯამში, რუსეთი რთულ სიტუაციაშია. პრობლემა ისაა, რომ რუსეთი წარმატებით ახერხებს დასავლეთის დაყოფას და ზოგიერთი ქვეყნის პოზიციისთვის ძირის გამოთხრას.

ამ ბოლო დროს, საქართველოს ოკუპაცია სამწუხაროდ მეორეხარისხოვან პრიორიტეტად იქცა ისეთ პრიორიტეტულ საკითხებთან შედარებით, როგორიცაა ომი სირიასა თუ უკრაინაში. ეს კი იმას უკავშირდება, რომ ქვეყნები საქართველოს გაყინულ კონფლიქტად აღიქვამენ და თუ რამე არ შეიცვალა, ამ კონფლიქტზე ხელის ხლება არავის სურს. საქართველოს პრობლემა სწორედ ესაა.

რუსეთის სტრატეგია ყოველთვის იყო საქართველოს დასუსტება, მთავრობის დასუსტება და მთავრობისთვის წონასწორობის დარღვევა. ასევე ის, რომ მთავრობა აიძულონ რუსეთის ნაბიჯებზე რეაგირება გააკეთოს.

ამას ბორდერიზაციის საკითხთან მივყავართ. რუსეთი სისტემატურად აგრძელებს ამ პროცესს. ეს არ არის ცხელი კონფლიქტი, მაგრამ რაღაც ყოველთვის ხდება.

ეს არ არის გაყინული კონფლიქტი.

ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, მაგრამ იმის გამო, რომ მცოცავ ოკუპაციასთან გვაქვს საქმე, საერთაშორისო დონეზე ამის შესახებ მედიაში არაფერი ისმის. თქვენი აზრით, რატომ აკეთებს რუსეთი ამას, რა არის ამ სტრატეგიის მიზანი, რომ ეგრეთწოდებული საზღვარი რამდენიმე მეტრით ხან აქ და ხან იქ გადმოწიოს?

პირველ რიგში რუსეთის სტრატეგია ყოველთვის იყო საქართველოს დასუსტება, მთავრობის დასუსტება და მთავრობისთვის წონასწორობის დარღვევა. ასევე ის, რომ მთავრობა აიძულონ რუსეთის ნაბიჯებზე რეაგირება გააკეთოს. მეორე საკითხი ისაა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი თითქმის ოცდაათი წელია უწყვეტად მიმდინარეობს. კონფლიქტის დაწყების თარიღად პირობითად 1989 წლის 9 აპრილი შეგვიძლია ავიღოთ და ის დღემდე მიმდინარეობს. ხალხს ჰგონია, რომ ომი 5 დღე გაგრძელდა. არა. ეს კონფლიქტი ზოგჯერ სამხედრო მეთოდებით მიმდინარეობდა, ზოგზე სხვა ხერხებით, მაგრამ ის არ დამთავრებულა.

ეს იმიტომ გრძელდება, რომ რუსეთს საქართველოში საკუთარი მიზნისთვის ჯერ არ მიუღწევია. რაღაცა დაიწყეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. 2008 წელს ამ საქმის დამთავრება სცადეს, მაგრამ საქმე ჩაუვარდათ, რადგან მაშინ რუსეთს არა ეს ორი ტერიტორია სურდა, არამედ მთლიანად საქართველო. მას შემდეგ მათ ყურადღება ხან უკრაინაზე, ხან სირიაზე გადაიტანეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში საქმიანობას მორჩნენ. სწორედ ამიტომაც აგრძელებენ ბორდერიზაციას, რომ რაღაც ყოველთვის ხდებოდეს და ერთ მშვენიერ დღესაც ესკალაციისთვის საფუძველი მომზადებული იყოს.

სადმე სხვაგან მიაღწიეს მიზანს? ის კონფლიქტები, რომლებშიც რუსეთია ჩართული დღემდე მიმდინარეობს.

რუსებს არ შეუძლიათ მათი დამთავრება. საქართველოში რუსეთის მიზნის მიღწევა ის იქნება, რომ ქართველ ხალხს არჩევანის უფლება წაართვას. ეს კი ვეღარ მოხდება. რუსეთი უბრალოდ არაა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ეს შეძლოს. იგივე ეხება მოლდოვა და უკრაინას. რუსეთის საქართველოსთან ურთიერთობა ისეთ კაცს მახსენებს შეყვარებული რომ მიატოვებს და ის შეყვარებულის ცემას იწყებს. რუსეთი ვერ ახერხებს იმასთან შეგუებას, რომ იმპერია დაკარგა და იმ ხალხებს, რომ ლებიც იმპერიაში შედიოდნენ, რუსეთთან ყოფნა აღარ უნდა. როგორც ის კაცი, რომელმაც უნდა გააცნობიეროს, რომ შეყვარებულს მასთან ყოფნა აღარ უნდა. სანამ რუსეთი ამ აზრს არ შეეგუება, მანამ მხოლოდ ზიანის მიყენებაზე იფიქრებს და დღეს სწორედ ამას ვხედავთ.

შეიძლება თუ არა ამ კონფლიქტების გადაჭრა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთის მხრივ უნიკალური შემთხვევებია. შეიძლება რუსეთის მეთოდები და სტრატეგია ყველა კონფლიქტში ერთნაირია, მაგრამ ეს მხოლოდ ორი ოკუპირებული ტერიტორიაა, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

ყირიმი განსხვავებული სიტუაციაა. მათ ადაპტაცია შეძლეს და იმის ნაცვლად, რომ ეს გადაუჭრელი კონფლიქტი ყოფილიყო, ყირიმის ანექსია მოახდინეს, რითაც ერთის მხრივ პრობლემა გადაჭრეს.

რა არის გამოსავალი? ეს არაკომფორტული კითხვაა, მაგრამ არ მგონია მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. აფხაზების გადმოსახედიდან რომ შევხედოთ სიტუაციას, რუსეთი და მისი რამდენიმე მოკავშირე მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს. როგორ უნდა დაიყოლიო ისინი, რომ თუნდაც ამ შეზღუდულ დამოუკიდებლობაზე უარი თქვან და უკან წავიდნენ? და რა არის სტატუსი, რომელსაც დაუბრუნდებიან?

ეს კარგი კითხვაა. როგორც აქამდე ვთქვი, რუსეთი საკუთარი თავისთვის ვერაფერს აღწევს, მაგრამ სხვებს ზიანს აყენებს, განსაკუთრებით საქართველოს. უკვე 30 წელია აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დე-ფაქტო აღარ შედის. კიდევ 30 წლის შემდეგ აღარავინ იქნება აფხაზეთში ცოცხალი, ვისაც საქართველოსთან ნორმალური ცხოვრება ემახსოვრება. ესაა რეალობა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოსავალი არ არსებობს. ამ მხრივ, აფხაზეთი ეგრეთწოდებული, სამხრეთ ოსეთისგან განსხვავდება.

საქართველოს სხვადასხვა მთავრობა დროდადრო აღიარებდა აფხაზეთის განსხვავებულ სტატუსს. ეს ახლაც შეიძლება. არსებობს ქვეყნები, რომლებიც კონფედერაციის საფუძველზე არიან გაერთიანებული. არ მგონია საქართველომ ამ კონფლიქტის გადაჭრა ისე შეძლოს, რომ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის რაღაცა დონის დამოუკიდებლობა არ მიიღოს. არსებობს ამის წარმატებული მაგალითები. როგორც ისტორიაში, ასევე თანამედროვე სამყაროში არის მაგალითები, როცა კონფედერაციული სახელმწიფოები იქმნება და მათ ნორმალურად ფუნქციონირება შეუძლიათ.

თუმცა ამას სჭირდება საქართველოს მხრიდან თანმიმდევრული პოლიტიკის ქონა და ეს პოლიტიკა არა ოკუპირებულ აფხაზეთს, ან სამხრეთ ოსეთს, არამედ საქართველოს მომავალს უკავშირდება. როგორი ქვეყანა იქნება საქართველო - სტაბილური, თავისუფალი, ეკონომიკურად განვითარებული საქართველო უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე პირიქით. ასევე რუსეთშიც უნდა შეიცვალოს სიტუაცია.


რუსეთში სიტუაცია ადრე თუ გვიან შეიცვლება.

კი შეიცვლება, მაგრამ არ ვიცით ეს ცვლილება უკეთესი იქნება თუ უარესი.

კონფლიქტის ემოციური მხარეც კომპლექსურია. თქვენ თქვით, რომ ახალი თაობა მოდის, რომელსაც ბევრი არ ეცოდინება ერთად ცხოვრებაზე. მე ვიტყოდი, რომ ეს თაობა უკვე აქაა. ახლი თაობა ამ კონფლიქტს სხვანაირად - უფრო შორიდან ხედავს. ამასთან, აფხაზების და ოსების მხრიდან, შესაძლოა უფრო ნაკლებად, ქართველების სიძულვილი დიდია. ქართველებისთვის აფხაზეთი დიდი ეროვნული დანაკარგია. როგორ უნდა გადალახოს ეს ემოციური კონფლიქტი - გამოსავალი არსებობს?

რაც თქვით ყველაფერი მართალია. მაგრამ მეორეს მხრივ, როცა ადამიანები აფხაზეთში ავად ხდებიან, სად მიდიან? სად და თბილისში. ადამიანები პრაგმატულ გადაწყვეტილებებს იღებენ ისტორიული პრობლემების და იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ქართველები არ მოსწონდეთ. ეს ელემენტები შეიძლება გადაიჭრას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ამაში საერთაშორისო მექანიზმები იქნება ჩართული რაღაცა სახის კონფედერაციის გარანტიის გარანტიისთვის. კვიპროსი კარგი მაგალითია - ბერძნებსა და თურქებს შორის ძალიან სერიოზული დაპირისპირება იყო, იმაზე სერიოზული, ვიდრე საქართველოში. ახლა, დიდი ხნის შემდეგ კი, ორივე თემს სურს იყოს ერთ საზოგადოების ნაწილი. ამ სურვილს კი ისეთი წამახალისებელი ფაქტორი აჩენს, როგორიცაა ევროკავშრის წევრობა. ემოციური კონფლიქტის მოგვარების მაგალითები არსებობს. არ მგონია ეს მთავარი პრობლემა იყოს. საქართველოს მთავარი პრობლემა გეოპოლიტიკას უკავშირდება.

დასავლეთის მხრიდან ხედავთ რუსეთთან ამ გეოპოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ინტერესს?

პრობლემა ისაა, რომ დასავლეთი და საერთაშორისო პოლიტიკა დღეს უფრო არეულია, ვიდრე 20 წლის წინ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისეთი კონფლიქტების მოგვარების ინტერესი, რომლებიც მიმდინარე საფრთხეს არ წარმოადგენს, ძალიან დაბალია. ესაა რეალობა.

რა პროგნოზს გააკეთებდით საქართველოს კონფლიქტების მოგვარების მხრივ?

პროგნოზების გაკეთებას ვერიდები. ვფიქრობ, საქართველომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. არასტაბილური საქართველო უფრო მეტად იქნება პოლიტიკური და თუნდაც სამხედრო რისკის ქვეშ, ვიდრე სტაბილური საქართველოს.

თქვენ ახსენეთ, რომ ეკონომიკურად განვითარებულ და დემოკრატიულ საქართველოს არა მხოლოდ უკეთესი მომავალი ექნება, არამედ კონფლიქტების მოგვარების მცდელობაც გაუადვილდება. თქვენი აზრით, საქართველო ამ გზას ადგას?

კი და არა. საქართველოს პროგრესის გრძელი ისტორია აქვს, მაგრამ ამჟამად უკუსვლა ჩანს. ამჟამად, საქართველო არ მიდის მიმართულებით, რომელიც მას უფრო სტაბილურ, უფრო განვითარებულ და უფრო თავისუფალ ქვეყნად აქცევს. პირიქით, მე ვშიშობ, რომ საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა. მთავრობამ არაერთი სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან, გამოკითხვები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო მოსახლეობის უკმაყოფილება სწრაფად იზრდება.


ამერიკის კონგრესიდან კონგრესმენებმა და სენატორებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე წერილი გაუგზავნეს, სადაც დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირები უკმაყოფილება გამოხატეს. რას უკავშირებთ ამ წერილების დროულობას?

ვფიქრობ, ვხედავთ იმას, რომ ჯერ ისევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, ამერიკის ხელისუფლების და კონგრესის მნიშნელოვან ნაწილში. ეს კარგი რამაა. მსოფლიოში არსებული სხვა უამრავი პრობლემისა, ხალხი ინარჩუნებს საქართველოსადმი ინტერესს. ვინც საქართველოში ოდესმე ყოფილა, ცოტას თუ შეუძლია მისი დავიწყება.

კიდევ ერთი რამ ისაა, რომ გასულ წელს ვნახეთ ხარისხობრივი ცვლილება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების მასშტაბურობას. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში, ქართულ ოცნებას ჰყავდა პატივსაცემი პროდასავლური ადამიანები, რომლებიც წარმატებით ახერხებდნენ კომუნიკაციას, იმის ახსნას, თუ რა ხდებოდა საქართველოში და მღელვარების ჩაცხრობას.

ეს ხალხი ქართული ოცნების მთავრობის წევრები აღარ არიან. სხვადასხვა დროს ბატონმა ივანიშვილმა ან გაუშვა პროდასავლური ხალხი ან შექმნა სიტუაცია, რომ ამ პროდასავლურ ადამიანებს არ ქონდათ სხვა არჩევანი გარდა მთავრობის დატოვებისა. ქვეყნის გარეთ ეს შეამჩნიეს. მესამე ისაა, რომ დემოკრატიის შეფასების რამდენიმე ინდექსში საქართველო კარგავს საკუთარ პოზიციას.

მთავრობა ამბობს, რომ ამ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს დასავლეთში და საქართველოზე შეხედულების შეცვლა ამას უკავშირდება.

ეს შეიძლება 2012 სიმართლე იყო და ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მართლაც ავრცელებდა გაზვიადებულ ინფორმაციას. მაგრამ დღეს, არ მგონია ამ შეხედულებების ჩამოყალიბებაში ქართულ ოპოზიციას დიდი როლი ჰქონდეს. ქვეყნებს აქვთ არსებობს საელჩოები, ჰყავთ საკუთარი ექსპერტები და თავადაც ხედავენ იმას რაც ხდება. მათი შეცდომაში შეყვანა არც ისე ადვილია.

ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქვეყნის გარეთ მათზე ბევრი ადამიანი ფიქრობს და ზრუნავს. გარედან ძალიან რთულია პოლიტიკის შემუშავება. ჩვენ ქვეყნის მთავრობასთან მუშაობა გვირჩევნია, ვიდრე მთავრობის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე კი რთული სათქმელია თუ კონკრეტულად როგორ პოლიტიკას ექნება საქართველოსთვის დადებითი შედეგი. საბოლოო ჯამში, გამოსავალი არა გარედან, არამედ შიგნიდან, ქართველებისგან უნდა წამოვიდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG