ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოს მასშტაბით ძალას იკრებს


კორონავირუსის დასამარცხებლად, მასშტაბურ ვაქცინაციის კამპანია სულ უფრო მეტად იკრებს ძალას. ბრიტანეთი პირველი იყო მსოფლიოში, სადაც ვაქცინაცია დაიწყო. ორშაბათს, ქვეყანამ ვაქცინის მეორე პარტია მიიღო და ვაქცინაციას აგრძელებს. ინდოეთმა კი, რომელიც მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზეა, პირველ ვაქცინას მიანიჭა ავტორიზაცია.

ამავდროულად, ამერიკაში, ვაქცინაცია უფრო მოწესრიგებულად მიმდინარეობს, ვიდრე ეს საწყის ეტაპზე იყო. ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ გასულ უქმეებზე, ბოლო 72 საათის განმავლობაში 1,5 მილიონი ადამიანი აიცრა. სულ, ამერიკაში 4 მილიონი ადამიანია აცრილი.

დღეს, ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კომპანია „ასტრაზენეკასა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი ვაქცინის გამოყენება დაიწყეს. ბრიტანეთში, პანდემია მწვავედ მიდის. კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სწორედ ბრიტანეთში დაფიქსრიდა. ვინაიდან ვირუსი ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობაც იმატებს.

კვირას, ინდოეთმა ავტორიზაცია გასცა კორონავირუსის ორ ვაქცინაზე. ერთი „ასტრაზენეკასა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი ვაქცინაა, ხოლო მეორე ინდური წარმოების ვაქცინა.

პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ვაქცინაციის დაწყებას ქვეყნისთვის გარდამტეხი მომენტი უწოდა.

მიუხედავად პრემიერის პოზიტიური განცხადებისა, სფეროს ექსპრტებს ინდური წარმოების ვაქცინასთან შეკითხვები აქვთ. მათი თქმით, ამ ვაქცინის კლინიკური ცდები ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო, რაც თითქმის წარმოუდგენელს ხდის ამ დროისთვის ვაქცინის უსაფრთხოების გარანტირებას და მისი ეფექტურობის დამტკიცებას.

ვაქცინაცია მიმდინარეობს ევროკავშირშიც. მართალია, ეკონომიკური ბლოკის წევრ ქვეყნებში, ვაქცინაციის ნელი პროცესის გამო, ხშირი კრიტიკა ისმის, მაგრამ ევროკავშირი იცავს სტრატეგიას, რომელიც შეიმუშავა. ბლოკში 27 ქვეყანა შედის, რომლის მოსახლეობაც 450 მილიონს შეადგენს.

ევროკავშირში ავტორიზებული ჯერ მხოლოდ „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ერთობლივი ვაქცინაა. ოთხშაბათს გადაწყდება მიენიჭება თუ არა ავტორიზაცია „მოდერნას“ ვაქცინასაც.

კრიტიკა ისმის ბრიტანეთის ვაქცინაციის გეგმის მისამართითაც. იმისთვის რომ „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ერთობლივი ვაქცინა სრულად ეფექტური იყოს, პაციენტები პირველი აცრიდან 21-ე დღეს მეორედ უნდა აიცრან. იმის მაგივრად, რომ ვაქცინის დოზები შეინახონ და უკვე აცრილებისთვის გარანტირებულად ჰქონდეთ წამლის მეორე დოზა, ბრიტანეთში გადაწყვიტეს, რომ ვაქცინის ამ პარტიით იმდენი ადამიანი აცრან, რამდენიც შესაძლებელი იქნება. ასეთი გეგმის მიხედვით, კი პაციენტებს მეორე დოზის მიღება არა 21 დღის, არამედ 12 კვირის შემდეგ შეეძლებათ.

მართალია ორი დოზა სრულად იცავს პაციენტს ვირუსისგან, მაგრამ ერთი დოზაც საკმაოდ ძლიერ იმუნიტეტს გამოუმუშავებს პაციენტს, ამბობენ სფეროს ექსპერტები.

სტივენ ევანსი, ფარმაკოლოგიის პროფესორი ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის უნივერისტეტიდან ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება ერთმნიშვნელოვნად მარტივი არაა და ხელისუფლებას და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს ყველა რისკისა და საჭიროების გათვალისწინება უწევთ.

„გაერთიანებულ სამეფოში კრიზისი გვაქვს, ვინაიდან [კორონავირუსის] ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება. 2020 წელს კი ყველასთვის ნათელი გახდა, რომ დაგვიანება სიცოცხლის ფასად გვიჯდება. როდესაც ადამიანური და ვაქცინის რესურსები შეზღუდულია, უკეთესია მეტი ადამიანის ვაქცინაცია პოტენციურად ნაკლები შედეგით, ვიდრე მოსახლეობის მხოლოდ ნახევრის სრულად აცრა“, ამბობს ის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG