ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2020 წლის მთავარი მოვლენები მსოფლიოში


2020 წელი, ჩინეთის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის იმის ცნობით დაიწყო, რომ ქვეყანაში აქამდე უცნობი ვირუსი დაფიქსირდა. მოგვიანებით კოვიდ-19-ად წოდებულმა ვირუსმა, მთელი მსოფლიოს ცხოვრება შეცვალა. პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს პოლიტიკურადაც დატვირთული იყო, ქვემოთ ნახავთ გასულ წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენების ჩამონათვალს.

ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

3 იანვარს შეერთებულმა შტატებმა, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ყუდსის ძალების" ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოახდინა. სოლეიმანი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და ირანის სამხედრო სტრუქტურებში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სოლეიმანი „აქტიურად ამუშავებდა ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმის გეგმას, ერაყსა და მთელ რეგიონში.

უკრაინული ავიახაზების კატასტროფა

8 იანვარს, აშშ-სა და ირანს შორის, დაძაბულ ურთიერთობებს, თეირანთან „უკრაინული ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდება მოჰყვა. ავიახაზების თვითმფრინავი თეირანიდან აფრენისას, ორი რუსული წარმოების რაკეტით ჩამოაგდეს. ამ საბედისწერო რეისს 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანმა ეს მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღიარა. ინციდენტის შემდეგ, ირანი ჯერ აცხადებდა, რომ უკრაინული სამოქალაქო თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემების გამო ჩამოვარდა. თეირანმა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღიარა, რომ ის რაკეტით არის "შეცდომით" ჩამოგდებული. აღიარებამ ქვეყანაში მასობრივი ანტისამთავრობო აქციები გამოიწვია. დაღუპულთა უმეტესობა კანადის და ირანის მოქალაქე იყო.

პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი


16 იანვარს, შეერთებული შტატების სენატში, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ მოსმენები დაიწყო. მას შემდეგ რაც დეკემბერში, რამდენიმეკვირიანი განხილვების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. 5 თებერვალს, რესპუბლიკელი სენატორებით დომინირებულმა ამერიკის სენატმა პრეზიდენტი ხმის უმრავლესობით უდანაშაულოდ სცნო და მას ორივე ბრალი მოუხსნა. ხოლო,დემოკრატების უმრავლესობამ, წარმომადგენელთა პალატაში, პრეზიდენტს ბრალი ორი მუხლით დაუმტკიცა: ძალაუფლების გადამეტება და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლა. ამერიკის თითქმის 2.5 საუკუნის ისტორიაში, ეს მესამე შემთხვევაა, როცა წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს სვლა მისცა და ის სენატში განიხილეს.

კოვიდ-19-ის პანდემიად გამოცხადება

11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გლობალური პანდემიის შესახებ გამოაცხადა. Ჩინეთმა ორგანიზაციას ვუჰანის პროვინციაში, ახალი ვირუსის დაფიქსირების შესახებ 31 დეკემბერს აცნობა. 12 მარტსვე განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ შეერთებული შტატები ევროპის ქვეყნებს საზღვარს უკეტავდა. პანდემიის გამო, ამ დრომდე, მსოფლიოში 83 მილიონ ადამიანზე მეტია ინფიცირებული და გარდაიცვალა 1,82 მილიონი ადამიანი.

საკონსტიტუციო რეფერენდუმი რუსეთში

რუსეთში 25 ივნისიდან 1 ივლისამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი უყარეს. ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის 78%-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებების პაკეტს, მათ შორის - იმ შესაძლებლობასაც, რომ ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე 2036 წლამდე დარჩეს.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა

აშშ-ის მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში, შავკანიანი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას, ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომელიც მალე მთელს ქვეყანას და მსოფლიოს მოედო. სხვადასხვა დემონსტრაციებზე ადგილი ქონდა დარბევებს და პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს. 46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს დაკავებისას, თეთრკანიანი პოლიციელის მიერ კისრის არეში მუხლის დაჭერის შედეგად გარდაიცვალა. პოლიციის სამ ოფიცერს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ, მკვლელობაში ხელშეწყობისთვის ბრალი წაუყენეს. დერეკ შოვინს კი, პოლიციელს, რომელიც დაკავებისას ფლოიდს კისერზე 8 წუთზე მეტხანს აჭერდა მუხლს, თავდაპირველი ბრალი დაუმძიმდა და მეორე ხარისხის მკვლელობა ედება ბრალად.

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება

თურქეთის პრეზიდენტ, რეჯებ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით, აია სოფია მეჩეთად გადაკეთდა. თითქმის საუკუნის მანძილზე პირველად, 24 ივლისს იქ მუსლიმური ლოცვები ჩატარდა. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, აია სოფია მეჩეთად იქცა. თუმცა, მეექვსე საუკუნის საკათედრო ტაძარი თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელმა მუსტაფა კემალ ათათურქმა, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ქრისტიანული მემკვიდრეობის მუზეუმად გამოაცხადა. ამით, აია სოფია თურქეთის სეკულარიზმის და დასავლეთისთვის ხელის გაწვდენის სიმბოლოდ იქცა.

აფეთქება ბეირუთში

ლიბანელები ჯერ კიდევ ელიან პასუხებს, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არა-ბირთვულ აფეთქებაზე. 4 აგვისტოს, ბეირუთის პორტში ამონიუმის ნიტრატის უზარმაზარი მარაგი აფეთქდა, რომელიც წლების განმავლობაში უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე ინახებოდა. აფეთქების შედეგად, 200 ადამიანი დაიღუპა, ათასობით დაშავდა, განადგურდა უბნები და დაინგრა შენობები.

ბელარუსის პროტესტი

ბელარუსში უკვე ხუთი თვეა, რაც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. რუსეთის ახლო მოკავშირე ქვეყანაში, მასობრივი პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა, რომლის ოფიციალური შედეგებითაც, ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას სათავეში უკვე თითქმის 30 წელია უდგას, კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. არჩევნების შედეგს არც შეერთებული შტატები და არც ევროკავშირი არ აღიარებენ. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა.

ქვეყანაში უკვე რამდენიმე თვეა პროტესტი არ წყდება. დაკავებული და დაშავებულია ათასობით ადამიანი. საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ძალის გამოყენების შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ნავალნის მოწამვლა

29 აგვისტოს, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ავად თვითმრიფნავში, ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ რეისზე გახდა. პილოტი იძლებული იყო თვითმფრინავი დაესვა ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში, რომელიც ომსკი აღმოჩნდა. ომსკის სააავადმყოფოდან, განმეორებითი მოთხოვნების შემდეგ, 44 წლის ნავალნი, 2 დღის თავზე, გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. გერმანელმა სპეციალისტებმა სხეულიდან აღებული ნიმუშებით თქვეს, რომ ნავალნის მოწამვლას ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" ეცადნენ. ნავალნის ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ნავალნი ამჟამად გერმანიაშია და რეაბილიტაციის პროცესს გადის.

აბრაამის შეთანხმება

15 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ისრაელსა და ორ არბულ სახელმწიფოს - არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს შორის ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას უმასპინძლა. ახლო აღმოსავლეთის ამ ორმა ქვეყანამ ისრაელი ოფიციალურად აღიარა, სანაცვლოდ კი ისრაელმა განაცხადა, რომ შეწყვეტს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსირების გეგმას. არაბთა გაერთიანებული საამიროები მესამე ქვეყანა გახდა, ახლო აღმოსავლეთში, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ, და პირველი - სპარსეთის ყურეში, რომელმაც ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ ნაბიჯი გადადგა.

ყარაბაღის ომი

ივლისიში, მცირემასშტაბიანი დაპირისპირება ვიხილეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც სექტემბერში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. ომის შედეგად, ბაქომ კონტროლი მოიპოვა ყარაბაღის ნაწილსა და მის გარშემო რეგიონებზე, რომლებსაც სამი ათწლეულის მანძილზე ერევანი აკონტროლებდა.

ბაქოსა და ერევანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთის შუამდგომლობით შედგა. შეთანხმების შედეგად, რუსეთმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე 2 000 სამშვიდობო განალაგა. პარალელურად, სომხეთში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, ომში დამარცხებეული ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები

3 ნოემბერს, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელსაც წინ ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანია უძღვოდა. საარჩევნო კამპანიაზე მნიშვნელოვანი გავლენა კოვიდ-19-ის პანდემიამ იქონია. არჩევნებში გამარჯვებას 78 წლის ჯო ბაიდენმა მიაღწია. თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი დღემდე აცხადებს, რომ არჩევნები მის საწინააღმდეგოდ გააყალბეს. ბაიდენი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარსაა დაგეგმილი, ამერიკის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება. ხოლო ბაიდენის გამარჯვება, ტრამპს აქცევს ბოლო ოთხი ათწლეულის მესამე პრეზიდენტად, რომელმაც პირველი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, ხელმეორე არჩევნები წააგო.

დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება

ოთხნახევარი წლის, სამი პრემიერ-მინისტრის და ორი არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საბოლოოდ გაყრაზე, დეკემბრის ბოლოს შეთანხმდნენ. 31 დეკემბრიდან, ლონდონი აღარ ემორჩილება ევროკავშრის სავაჭრო და საბაჟო მოთხოვნებს. ბრიტანელებმა ევროკავშირის დატოვებას მხარი 2016 წლის რეფერენდუმით დაუჭირეს. ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა ისტორიაში, რომელმაც გაერთიანება, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი წევრობის შემდეგ დატოვა.

კოვიდ-19-ის ვაქცინა

8 დეკემბერს, პირველი ადამიანი, რომელიც კოვიდ-19-ზე აიცრა, 91 წლის ბრიტანელი მარგარეტ კინანი გახდა. ხოლო ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც “ფაიზერის” და “ბიონტექის” ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა და ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაციის დაწყებამ და “ფაიზერ-ბიონტექის” გარდა, “მოდერნას” და “ასტრაზენეკას” ვაქცინების გამოცდებში წარმატებამ, 2021 წლისთვის პანდემიის დასრულების იმედი გააჩინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG