ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"კოლის გოგო" - "ერის დედა"  - მერკელის მმართველობის 15 წელი 


ანგელა მერკელი

ის "კოლის გოგო" აღარ არის - ამ სათაურით გამოეხმაურა გერმანული "დოიჩე ველე" გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მმართველობის 15 წლის იუბილეს. გერმანიის ისტორიაში მერკელი პირველი ქალი მმართველია, ამასთან ისტორიაში ის ამ დროისთვის რიგით მეორე პოლიტიკოსია, რომელიც ყველაზე დიდხანს იკავებს გერმანიის კანცლერის თანამდებობას. პირველ ადგილზე ჰელმუტ კოლია, რომელიც გერმანიას 16 წლის განმავლობაში მართავდა. ანგელა მერკელი ისტორიაში პირველი მეცნიერია აღმოსავლეთ გერმანიიდან, რომელმაც კანცლერის თანამდებობა დაიკავა და ასევე მერკელი იყო ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი კანცლერის თანამდებობაზე.

სწორედ კოლის კანცლერობის პერიოდს უკავშირდება ანგელა მერკელის პოლიტიკური საქმიანობის საწყისი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ყოფილმა კანცლერმა კოლმა და მაშინდელმა არაერთმა გავლენიანმა პოლიტიკოსმა ანგელა მერკელი 90-იანი წლების ბოლოს "ჩემ გოგოთ მოიხსენია" სწორედ ეს იყო "დოიჩე ველეს" ინსპირაციის საფუძველი. მერკელი 4 წლის განმავლობაში კოლის ადმინისტრაციაში გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. 4 წლით ადრე, 1990 წელს ფიზიკოსი ანგელა მერკელი პირველად გახდა დეპუტატი. კანცლერის თანამდებობა კი 2005 წელს ვოლფგანგ შობლესგან გადაიბარა და დღემდე წარმატებით უძღვება ქვეყნის მართვას.

მსოფლიში გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსი ჰამბურგში დაიბადა, თუმცა მალევე მისი ოჯახი აღმოსავლეთ, "კომუნისტურ" გერმანიაში გადავიდა სახოვრებლად, სადაც ის გაიზარდა.

"ჩემი ცხოვრების გზაზე გადამწყვეტი როლი 1990 წელს გერმანიის გაერთიანებამ ითამაშა," თქვა წლების წინ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ანგელა მერკელმა.

კოლის ადმინისტრაციის შემდეგ მალევე ანგელა მერკელმა გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა და ამ პოზიციას 2018 წლამდე იკავებდა. სწორედ ამ კავშირის სახელით გაიმარჯვა მან 2005 წლის არჩევნებში და პირველად დაიკავა გერმანიის კანცლერის თანამდებობა.

ანგელა მერკელის მმართველობიდან 15 წელი გავიდა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:27 0:00

კანცლერის თანამდებობის დაკავებიდან მალევე, მერკელმა მსოფლიო ყურადღება მიიპყრო. 2007 წელს გერმანიამ უმასპინძლა "დიდი რვიანის" შეკრებას, გარდა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა, მსოფლიო პრესა მაშინ აალაპარაკა ფოტომ, სადაც კანცლერი მერკელი ჯორჯ ბუშ უმცროსთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად იმყოფებოდა.

მალევე, 2008 წელს ევროპაში ფინანსური კრიზისი დაიწყო და მერკელმა ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან ერთად გადამწყვეტი როლი ითამაშა კრიზისის მოგვარებაში. მაშინ მნიშვნელოვანი პროცესების წარმომწყები ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და იტალიის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი იყვნენ.

წლების განმავლობაში მერკელი გავლენიან ქალ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ მერკელი ფრთხილ პოლიტიკას თამაშობს, პირად სიმპატია-ანტიპატიას ნაკლებად გამოხატავს და საკითხებს სახელმწიფო ინტერესის კუთხით უყურებს. ანალიტიკოსების დაკვირვებით, მერკელი არ არის კარგი ორატორი და მისი მმართველობა მშვიდ პრაგმატიზმზეა დაფუძნებული. სწორედ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ მერკელი წლების განმავლობაში საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს.

გავლენიანი გერმანელი ქალი კანცლერის თანამდებობას 2021 წელს დატოვებს, თავისი მმართველობის მეთექვსმეტე წლის თავზე. ის, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და ბრძოლას გამოეთიშებოდა 2 წლის წინ თქვა და ასპარეზი ახალ პოლიტიკოსებს დაუთმო.

მერკელი გერმანიაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, მიუხედავად არაერთი არაპოპულარული გადაწყვეტილებისა. მას გერმანიაში "ერის დედად" მოიხსენიებენ. პირველად ასეთი შინაარსის ბანერი ბერლინში ერთ-ერთ აქციაზე გამოჩნდა. ასე იქცა ყველაზე ახალგაზრდა გერმანიის კანცლერი "კოლის გოგო" - "ერის დედად" მმართველობის 15 წლის თავზე.

მერკელმა მსოფლიო 2014 წელს კიდევ ერთხელ გააკვირვა, როცა ჩინეთთან მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმება გააფორმა. ამავე წელს მან გერმანიაში ჩინეთის პრემიერი ლი კეკიანი მიიღო. ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელმა ჩინელი კოლეგა ბერლინის ერთ-ერთ სუპერმარკეტში წაიყვანა. მაშინ მსოფლიო მედია ამ ფაქტის შესახებ ბევრს საუბრობდა, თუმცა გერმანელებისთვის ანგელა მერკელის სუპერმარკეტში ნახვა სიახლე ნამდვილად არ ყოფილა.

გავლენიანი პოლიტიკოსი ქალის სტატუსის მიუხედავად ის ამ საკითხზე თითქმის არასდროს საუბრობს, თუმცა ქალთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის თანამდებობაზე ის ანეგრეტ კრამპ-კარამბაუერმა ჩაანაცვლა, რომელიც პარალელურად გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

წარმატებული პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მას რთული პერიოდებიც აქვს გავლილი. ის პირველი ევროპელი ლიდერი იყო, რომელმაც გერმანიაში აღმოსავლეთიდან დევნილი ადამიანების მიღებაზე გააკეთა განცხადება და გერმანიამ 1.1 მილიონი მიგრანტი მიიღო. მაშინ მან საკუთარი გამოსვლა დაიწყო სიტყვებით "ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება." ამერკელის გადაწყვეტილებამ მაშინ ევროპაში საკმაოდ რთული პოლიტიკური პროცესები გამოიწვია. გერმანიაში კი, როგორც თვითონ თქვა, მისი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე დაეცა.

"მე უბრალოდ ვიტყვი, რომ გერმანია ძალიან ძლიერი ქვეყანა არის. ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება," - ამბობდა მაშინ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

ამას მალევე მოჰყვა საბერძნეთში ფინანსური კრიზისი და მაშინ ბერძნული მედია ანგელა მერკელს "ახალ ჰიტლერად მოიხსენიებდა."

კანცლერი მერკელი რუსეთთან მიმართებით კრიტიკულ პოლიტიკას ატარებს, თუმცა ის მუდმივად მართავს შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მერკელი იყო ერთ-ერთი პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე რუსეთისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. მიუხედავად რუსეთთან მკაცრი პოლიტიკისა, მერკელი კრიტიკის სამიზნე გახდა, მაშინ როცა მან მხარი დაუჭირა ეროპაში რუსეთის ახალი გაზსადენის მშენებლობას "ჩრდილოეთის ნაკად 2-ს." ეს საკითხი ბოლოს ყველაზე უფრო მაშინ გამწვავდა, როდესაც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის ფაქტი გასაჯაროვდა.

მერკელს, როგორც კონკურენტი პარტიიდან, ასევე საკუთარი პოლიტიკური ძალიდან, მოუწოდებდნენ შეეწყვიტა მხარდაჭერა რუსული გაზსადენის მიმართ. შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში რუსეთიდან სპეციალური რეისით გადააფრინეს, გერმანულმა მხარემ კი რამდენიმე კვირაში განაცხადა, რომ პუტინის მთავარი მეტოქე "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული. ამ შემთხვევაშიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი სწორედ გერმანიამ წამოიწყო. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები კი უკიდურესად გამწვავდა.

ჩრდილოეთის ნაკადი 2 1,220 კილომეტრიანი გაზსადენია, რომლის დიდი ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია. პროექტს მხარს უჭერს გერმანია, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. პროექტი მნიშვნელოვნად შეყოვნდა მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესა, რის გამოც პროექტი შვეიცარულმა კომპანიამ დატოვა.

თავად გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ 15 წლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მისთვის კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შეზღუდვების შემოღება იყო. მსოფლიო მედიისა და ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებით გერმანია პანდემია კოვიდ-19-თან ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე პოზიციას იკავებს.

2015 წელს ანგელა მერკელი ჟურნალმა "თაიმსმა" წლის პიროვნებად და სამყაროს კანცლერად დაასახელა.

გავლენიანი გერმანელი ქალი პოლიტიკოსის მთავარი გატაცება კლასიკური მუსიკაა. ის ხშირად ესწრება სხვადასხვა კლასიკური მუსიკის ფესტივალს, უყვარს მოგზაურობა და ხშირად მეუღლესთან ერთად ალპებში მოგზაურობს. გერმანიის კანცლერი არასდროს საუბრობს პირადი ცხოვრების შესახებ, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჰყავს მეუღლე იოაკიმ საუერზე და არ ჰყავს შვილები. გავლენიანი პოლიტიკოსი კანცლერის თანამდებობაზე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დარჩება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG