ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა პუტინთან დაახლოებულ წრეს სანქციები დაუწესა


ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს. ეს აგვისტოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე იყო პასუხი.

სანქციების ინიციატორები საფრანგეთი და გერმანია იყვნენ. ნავალნიმ მკურნალობა გერმანიაში გაიარა, სადაც ის ოჯახის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გადააფრინეს, რუსეთის ქალაქ ომსკის ერთ-ერთი საავადმყოფოდან.

კრემლმა სანქციები დაგმო და განაცხადა, რომ ეს წინასწარ განზრახული, არამეგობრული ნაბიჯია მოსკოვის წინააღმდეგ და რომ მოსკოვი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს.

უკანასკნელი სანქციების სამიზნეები არიან: პუტინის საპრეზიდენტო სამდივნოს ხელმძღვანელი ანდრეი იარინი, პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირილენკო, პუტინის დესპანი სერბეთში სერგეი მენიაილო, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდერ ბორტნიკოვი და თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე.

წინა მსგავსი შემთხვევის შემდეგ, როცა 2018 წელს ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, ევროკავშირს თითქმის ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ მოწამვლაში მონაწილე რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინა. ნავალნის შემთხვევაში ევროკავშირმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა, ლონდონი ჯერ ისევ აწარმოებს ზოგიერთი სანქციის პაკეტის კოორდინაციას. ბრიტანელი დიპლომატების თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ სანქცირებულმა პირებმა ბრიტანეთიდან აქტივების გატანა ვერ შეძლონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG