ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანის თქმით, ტრამპი მის მხარესაა, ტრამპს კონგრესი სანქციების დაწესებას სთხოვს, რუსეთი კი თურქეთს S-400-ებს ივლისში გაუგზავნის


თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 29 ივნისი, 2019 წელი, ოსაკა, იაპონია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსული S-400 სარაკეტო სისტემის პირველი პარტია თურქეთში მომდევნო 10 დღის განმავლობაში ჩავა. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მან თქვა, რომ ამერიკა თურქეთს სანქციებს არ დაუწესებს, ხოლო რამდენიმე დღით ადრე კი, შეერთებული შტატებისგან “პატრიოტის” ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის 2019 წლის ბოლომდე მიღებაზე უარი განაცხადა.

ვაშინგტონის მხრიდან “პატრიოტების” მიწოდება შეთავაზებული პირობა იყო, რომლის სანაცვლოდაც თურქეთს რუსეთისგანS-400 ტიპის სარაკეტო სისტემაზე უარი უნდა ეთქვა.

რა საფრთხეს შიცავს თუქრეთის მიერ რუსული სისტემის ყიდვა?

თურქეთის მხრიდან რუსული სარაკეტო სისტემის ყიდვის გადაწყვეტილებამ, ნატოს ორ მოკავშირეს შორის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დაძაბულობა გააჩინა. რუსული S-400-ები ნატოს თავდაცვით სისტემასთან შეუთავსებელია და ალიანსის თავდაცვისუნარიანობას პოტენციურ საფრთხეს უქმნის.

S-400 სისტემა და F-35 თვითმფრინავი
S-400 სისტემა და F-35 თვითმფრინავი

გარდა ამისა, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ S-400 სარაკეტო სისტემა F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავების პროგრამასაც უქმნის საფრთხეს. ამ ტიპის თვითმფრინავები ამერიკას თურქეთისთვის უნდა გადაეცა და ამისთვის მოსამზადებლად პილოტების სწავლების პროგრამა უკვე დაწყებული იყო. დაპირისპირების გაღრმავების შემდეგ, თვითმფრინავის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია “ლოკიდ მარტინმა” პილოტების სწავლების პროგრამა შეაჩერა, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის ზოგიერთი კომპონენტი თურქეთში მზადდება.

სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა S-400-ებთან დაკავშირებით “შეშფოთება გამოთქვა” და “თურქეთს მოუწოდა შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში ისე ითანამშრომლოს, რომ ნატოს ალიანსი გააძლიეროს.”

ერდოღანი ამბობს, რომ ტრამპი მის მხარესაა

ჩვენს სატელეფონო ზარებში და ორმხრივი შეხვედრების დროს, ბატონ ტრამს ჩემთვის არ უთქვამს ‘ჩვენ თურქეთს S-400-ების გამო სანქციებს დავუწესებთო.’ S-400-ებზე მან მე მითხრა: ‘შენ მართალი ხარ.’ ჩვენ ეს საკითხი უმაღლეს დონეზე განვიხილეთ. ამ დონეზე საუბრისას, ტრამპმა თქვა: ‘ეს უსამართლობაა.’ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ამ პროცესს პრობლემების გარეშე გადავლახავთ.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი

გასულ კვირას, დიდი ოცეულის შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ერდოღანმა თქვა, რომ ტრამპთან ორმხრივი შეხვედრის დროს, ეს თემა განიხილეს და რომ S-400-ების თემა “პრობლემების გარეშე” გადაიჭრება. მან ასევე დასძინა, რომ ამერიკელი კოლეგა ამ დაპირისპირებაში მხარს თურქეთს უჭერდა.

“ჩვენს სატელეფონო ზარებში და ორმხრივი შეხვედრების დროს, ბატონ ტრამპს ჩემთვის არ უთქვამს, ‘ჩვენ თურქეთს S-400-ების გამო სანქციებს დავუწესებთო.’ S-400-ებზე მან მე მითხრა: ‘შენ მართალი ხარ.’ ჩვენ ეს საკითხი უმაღლეს დონეზე განვიხილეთ. ამ დონეზე საუბრისას, ტრამპმა თქვა: ‘ეს უსამართლობაა.’ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ამ პროცესს პრობლემების გარეშე გადავლახავთ,” განაცხადა ერდოღანმა.

უცნობია, როგორ შეიძლება გადაიჭრას მოკავშირეებს შორის არსებული ეს დაპირისპირება, რომელიც ტრანს-ატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებასთან ერთად, მის ერთობასაც უქმნის საფრთხეს.

ამერიკა დათმობაზე წავიდა, რაზეც წლების მანძილზე იკავებდა თავს

ამერიკამ თურქეთს “პატრიოტის” სისტემა თებერვალში შესთავაზა. სააგენტო “ბლუმბერგის” ინფორმაციით, პენტაგონის წყაროები იუწყებიან, რომ თურქეთი საბაბს ეძებდა იმისთვის, რომ ვაშინგტონთან მიღწეული წინასწარი შეთანხმებიდან გასულიყო. თავდაპირველად ამერიკამ თურქეთს დაჩქარებული მიწოდებისთვის დამატებითი თანხის გადახდა სთხოვა. ამასთან, იარაღის შესყიდვა თურქეთისთვის სესხის მიცემის და ტექნოლოგიის გადაცემის პირობას არ ითვალისწინებდა. “ბლუმბერგის” ანონიმური წყარო პენტაგონიდან აცხადებს, რომ სწორედ ამის გამო თქვა თურქეთის მხარემ, რომ ამერიკის პირობებს ვერ დათანხმდებოდა. პენტაგონის წარმომადგენლის ინფორმაციით კი, მათ ანკარას რუსეთთან შედარებით უკეთესი პირობები შესთავაზეს როგორც ფასის, ასევე თანაწარმოების თვალსაზრისით.

პატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემა
პატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემა

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები თურქეთისთვის “პატრიოტების” მიყიდვისგან წლების განმავლობაში თავს იკავებდა. გასული წლის დეკემბერში კი, სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს შეატყობინა, რომ სარაკეტო სისტემის თურქეთისთვის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო იმ მიზნით, რომ ანკარისთვის რუსული S-400-ების ალტერნატივა შეეთავაზებინა. ამერიკის მხრიდან ეს ნაბიჯი ცხადი დემონსტრირება იყო, რომ ვაშინგტონი მზად იყო დათმობებზე წასულიყო იმისთვის, რომ ნატოს საჰაერო სივრცეში რუსული სარაკეტო სისტემა არ მოხვედრილიყო.

მიუხედავად მცდელობისა, რუსული S-400-ების პირველი პარტია თურქეთში მომავალი 10 დღის განმავლობაში ჩავა. სისტემის შესყიდვის სანაცვლოდ, რუსეთი თურქეთს ერთობლივ წარმოებას და ტექნოლოგიების გადაცემასაც ჰპირდება.

ადმინისტრაციაზე კონგრესის ზეწოლა იზრდება, თურქეთისთვის სანქციების დასაწესებლად

სანქციებთან დაკავშირებით, ერდოღანის განცხადებამდე, ამერიკაში საპირისპირო ინფორმაცია გავრცელდა. ამერიკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თუ თურქეთის რუსულ სარაკეტო სისტემას მიიღებს, ვაშინგტონი ანკარას სანქციებს დაუწესებს. 19 ივნისს “ბლუმბერგი” იუწყებოდა, რომ ადმინისტრაცია თურქეთის წინააღმდეგ სანქციების სამ სხვადასხვა პაკეტს განიხილავდა.

ამასთან ერთად, პრეზიდენტზე კონგრესის მხრიდან ზეწოლა ძლიერდება. კონგრესის ლიდერები აცხადებენ, რომ ანკარის წაინააღმდეგ სანქციების დაწესება აუცილებელია. ისინი უკვე არსებულ კანონზე - ამერიკის მოწინააღმდეგეების სანქციების აქტზე - მიუთითებენ, რომელიც ადმინისტრაციას მსგავს შემთხვევებში მოწინააღმდეგის დასაბალანსებლად, სანქციების გამოყენებას ავალდებულებს.

თურქეთზე სანქციების დაწესებას ამერიკა თითქმის ერთი წლია განიხილავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა უეს მიტჩელმა, სენატისთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ “ჩვენ ამაზე მეტად გასაგებად ვერ ვისაუბრებთ დახურულ კარს მიღმა საჯაროდ, რომ S-400-ების ყოდვის გადაწყვეტილება ხარისხობრივად შეცვლის ამერიკა-თურქეთის უერთიერთობებს ისე, რომ მათი გაუმჯობესება ძალიან რთლი იქნება.”

ერდოღანი და ტრამპი ერთმანეთთან დადებით ურთიერთობას ინარჩუნებენ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა შედეგს მოიტანს ერთმანეთისადმი მათი კეთილგანწყობა ამერიკა-თურქეთის ურთიერთობისა თუ ნატოს ერთობისა და უსაფრთხოებისთვის.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG