ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული S-400 რაკეტების პირველი ნაკადი თურქეთში ივლისში ჩავა


საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსეთიდან ანტი-საჰაერო სარაკეტო სისტემის, S-400-ის პირველი პარტიის თურქეთში ჩატანას ივლისის პირველ ნახევარში ელოდება. ამ ნაბიჯით ნატოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაიძაბება.

S-400-ები ნატოს თავდაცვით სისტემასთან შეუთავსებელია, რაც შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ბოლო თვეების განმავლობაში დაპირისპირების მთავარი თემაა.

„ჩვენ განვიხილეთ S-400-ების საკითხი რუსეთთან. ნამდვილად ასეა, S-400-ების საკითხი გადაწყვეტილია,“ - უთხრა ერდოღანმა საკუთარ თვითმფრინავში ჟურნალისტებს, როცა ის ტაჯიკეთიდან უკან ბრუნდებოდა. ტაჯიკეთში ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა ივნისის დასაწყისში თქვა, რომ თუ ანკარა არჩეულ გეზს არ შეიცვლიდა, მას ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავის F-35-ის პროგრამიდან გარიცხავდნენ.

ერდოღანმა კი პასუხად განაცხადა, რომ ამ თემაზე ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დიდი ოცეულის სამიტზე ისაუბრებს. „როცა ვიღაცა უფრო დაბალ ეშელონებში განსხვავებულ რაღაცას ამბობს, ჩვენ დაუყოვნებლივ ვუკავშირდებით ბატონ ტრამპს და ტელეფონზე დიპლომატიურად ვცდილობთ საკითხების გადაჭრას. იქ საქმეს დიდი დრო არ სჭირდება,“ თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

დიდი ოცეულის სამიტი ივნისის ბოლოს, ოსაკაში, იაპონიაში გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG