ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი შავ ზღვაში რუსეთის დაბალანსებას ცდილობს - სამხედრო დრონები უკრაინას


თურქეთი და უკრაინა სამხედრო სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ და ეს ნაბიჯები, განსაკუთრებით აქტიურად, ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება. 25 ნოემბერს, რუსეთის საზღვაო დაცვის ძალებმა ქერის სრუტეში იერიში მიიტანა უკრაინის გემებზე. რუსმა მესაზღვრეებმა ბორტზე მყოფი უკრაინელი მეზღვაურები დააკავეს, რომლებიც დღემდე რუსეთის ციხეებში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

ამ ინციდენტის შემდეგ ანკარასა და კიევს შორის ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთი შავი ზღვის აკვატორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშეა. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების და დასავლეთთან კი პირიქით, დაძაბულობის გაზრდის ფონზე, ანკარა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მკაფიო პოზიციას ინარჩუნებს. თურქეთი ყირიმის ანექსიას არ აღიარებს და საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.

გასულ კვირას თურქეთისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა თურქეთისგან 6 უპილოტო საფრენ აპარატ “ბაირაქტარ TB2-ს” იყიდის. 69 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს ხელი თურქულმა კომპანია “ბაიკარ მაქინამ” და უკრაინის სახელმწიფო შეიარაღების სააგენტო “უკრსპეცპროექტმა” 12 იანვარს მოაწერეს. საინფორმაციო სააგენტო "დეფენს ნიუსის" ცნობით, ამ კონტრაქტში, უკრაინისთვის დრონის შეიარაღებული ვერსიისთვის ამუნიციის მიყიდვაც შედის. “ბაირაქტარ TB2” საშუალო სიმაღლის, გრძელ-რადიუსიანი ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც 55 კილოზე მეტი ტვირთის ტარება შეუძლია.

ანკარა შავ ზღვაში ძალთა ბალანსის დაცვას ფრთხილად ცდილობს. ქერჩის ინციდენტიდან 3 დღეში, 28 ნოემბერს, პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა რუს და უკრაინელ კოლეგებს დაურეკა და ორივეს ცალ-ცალკე კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავლის მონახვისენ მოუწოდა. საუბრის დროს მათ მიუკერძოებელი მედიატორის როლის თამაშიც შესთავაზა.

ქერჩის მოვლენებმა თურქეთისთვის და შავის ზღვის სხვა ქვეყნებისთვის, იურიდიული კითხვა წამოჭრა -- მიმდინარეობს თუ არა შავ ზღვაში ომი?

ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ის 1936 წლის მონტრეს კონვენციას უკავშირდება. კონვენციამ ბოსფორისა და დარდანელის სტუტეებზე კონტროლი თურქეთს მიანიჭა. მშვიდობიან პერიოდში სანავიგაციო მარშრუტებზე მცირე შეზღუდვებია დაწესებული. თუმცა, კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, ზღვაზე ომის შემთხვევაში, როცა თურქეთი ომის მონაწილე არ არის, კონფლიქტში ჩართული ქვეყნების გემებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეში გავლის უფლება არ აქვთ.

უკრაინის საზღაო ძალების მეთაურმა ადმირალმა იჰორ ვორონჩენკომ ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინამ თურქეთს შესაძლოა კონვენციის მე-19 მუხლის ამოქმედების თხოვნით მიმართოს. “იმედს ვიტოვებ, რომ გლობალური თანამეგობრობა, საბოლოო ჯამში, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია იყო,” თქვამ ადმირალმა. მან დასძინა, რომ “ჩვენ ვეცდებით თურქეთს ვთხოვოთ ბოსფორი ჩაკეტოს იმისთვის, რომ რუსეთმა ნახოს, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართლის დარღვევა.”

თურქეთს ამ განცხადებაზე საჯარო რეაქცია არ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე კვირაში ტრაპზონში ახალი საზღვაო ბაზის მშენებლობის დაწყება გამოაცხადა.

ანკარასა და კიევს შორის თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზეც მკაფიოდ ჩანს. ანკარამ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც უკრაინის, საქართველოს, რუმინეთის, ბალტიისპირეთის და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ იყო ინიცირებული და ყირიმის და აზოვის ზღვის მილიტარიზაციას გმობდა. ამ ინიციატივაზე დაყრდნობით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რითაც რუსეთს ყირიმიდან ჯარების გამოყვანისკენ მოუწოდა და გამოხატა პოზიცია, რომ ქერჩის სრუტეში უკრაინის გემებს თავისუფალი ნავიგაციის უფლება უნდა მიეცეთ.

ამასთან ერთად, თურქეთი და უკრაინა თანამშრომლობას რეგიონულ კონტექსტშიც აგრძელებენ. 2018 წლის საზღვაო მანევრებში, რომელსაც უკრაინამ უმასპინძლა, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, თურქეთმაც მიიღო მონაწილეობა.

თურქეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, სხვა ფაქტორებთან ერთად, სავარაუდოდ, რუსეთის ბალანსის ერთ-ერთი მექანიზმია. მოსკოვსა და კიევს შორის მედიატორის როლის თამაშის ნაცვლად, ანკარა უკრაინასთან ეკონომიკურ, სამხედრო და დიპლომატიურ ურთიერთობებს აღრმავებს. ამასთან უნდა აღინიშნოს, ერდოღანი რუსეთთანაც ცდილობს დაახლოებას და სავარაუდოდ, ნატოს წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსულ S-400 ტიპის სარაკეტო სისტემას იყიდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG