ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

USS Porter - „თავისუფლების ჩემპიონი“ ბათუმის პორტშია


USS Porter ბათუმის ნავსადგურში

საესკადრო ნაღმოსანი USS Porter (DDG-78) ამერიკის მე-6 საზღვაო ფოლოტის რიგით მესამე ხომალდია, რომელიც 2019 წელს საქართველოს ტერიტორიულ წლებში შემოვიდა. აშშ აგრძელებს შავ ზღვაზე რუსეთის „შეკავების პოლიტიკას“.

"პორტერის" კაპიტანი ქრეგ ტრენტი (მარცხნივ) ბათუმში ღვინის ფიალით
"პორტერის" კაპიტანი ქრეგ ტრენტი (მარცხნივ) ბათუმში ღვინის ფიალით

2019 წელს, შავ ზღვაში მეექვსე ფლოტის ხომალდები უკვე შვიდჯერ შემოვიდნენ, „პორტერამდე“ ბათუმის პორტში ღუზა USS Donald Cook-მა (DDG-75) და USS Ross-მა (DDG-71) ჩაუშვეს. ამერიკულ ნაღმოსანს, რომლის ეკიპაჟი 321 ადამიანისგან შედგება, კაპიტანი ქრეგ ტრენტი ხელმძღვანელობს:

ჩემი ხომალდის სლოგანი, როგორც ხედავთ - თავისუფლების ჩემპიონია. ზუსტად თავისუფლებაა მთავარი პრინციპი რასაც ჩემი ქვეყანა ეფუძნება და სწორედ ეს არის ამერიკა-საქართველოს შორის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი და მიმართულება"
ქრეგ ტრენტი, საესკადრო ნაღმოსან "პორტერის" კაპიტანი


„ჩემი ხომალდის ნაღმოსან პორტერის სლოგანი, როგორც ხედავთ - თავისუფლების ჩემპიონია. ზუსტად თავისუფლებაა მთავარი პრინციპი რასაც ჩემი ქვეყანა ეფუძნება და სწორედ ეს არის ამერიკა-საქართველოს შორის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი და მიმართულება“ - აღნიშნა ბათუმში USS Porter-ის კაპიტანმა.

არლი-ბერკის კლასის ნაღმოსანი USS Porter საქართველოს მეორედ სტუმრობს, ზუსტად ოთხი წლის უკან, ოქტომბერში, „პორტერი“ მაშინაც ბათუმის პორტში შემოვიდა.

მართვადი ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი „პორტერი“ შავ ზღვაში 2019 წლის აგვისტოში უკვე იმყოფებოდა და უკან 12 ოქტომბერს დაბრუნდა. თავდაპირველად ამერიკული ნაღმოსანი უკრაინაში, ოდესის პორტში შევიდა, სადაც ოთხი დღე დაჰყო. 22 ოქტომბერს კი ღუზა უკვე ბათუმის პორტში ჩაუშვა. მომდევნო დღეებში ამერიკული ხომალდი წვრთნებს საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებთან - „დიოსკურიასა“ და „ოჩამჩირესთან“ ერთად გამართავს.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი, წარსულში საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ USS Porter-ს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია:

„პორტერის“ შემოსვლა ბათუმში მნიშვნელოვანი და მკაფიო სიგნალია იმ ძალებისთვის, რომლებიც ბოლო დროს ცდილობენ შექმნან საზოგადოებრივი განწყობა, რომ თითქოს დასავლელი პარტნიორები საქართველოსთან თანამშრომლობით დაინტერესებულები აღარ არიან
გიორგი ბადრიძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი

„ერთის მხრივ, აშშ განაგრძობს შავ ზღვაზე შეკავების და მისი მოკავშირეების მხარდაჭერის პოლიტიკას, რის გამოც უკვე წლებია რეგულარულად გზავნის აქ სამხედრო-საზღვაო ხომალდებს. მეორეს მხრივ, „პორტერის“ შემოსვლა ბათუმში მნიშვნელოვანია და მკაფიო სიგნალია იმ ძალებისთვის, რომლებიც ბოლო დროს ცრდილობენ შექმნან საზოგადოებრივი განწყობები, რომ თითქოს დასავლელი პარტნიორები საქართველოსთან თანამშრომლობით დაინტერესებულები აღარ არიან“ - ამბობს გიორგი ბადრიძე.

USS Porter-ი ბათუმის ნავსადგურში ერთი თვის თავზე შემოვიდა, მას შემდეგ რაც 2019 წლის 17 სექტემბერს, ფოთის პორტში ვერ შევიდა ამერიკის საზღვაო ფლოტის Spearhead-ის კლასის სწრაფმავალი ხომალდი, უახლესი სადესანტო-სატრანსპორტო კატამარანი USNS Yuma. მიუხედავად იმისა, რომ როგორც აშშ-ს საელჩომ, ისე თავდაცვის სამინისტრომ და ფოთის პორტმა ამ თემაზე განმარტებები გააკეთეს, გარკვეული კითხვებზე პასუხები დღემდე ბუნდოვანია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG