ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

USS Oak Hill-ის პირველი შემოსვლა საქართველოს წყლებში


ამერიკული სადესანტო ხომალდი Oak Hill-ი ბათუმის პორტში
ამერიკული სადესანტო ხომალდი Oak Hill-ი ბათუმის პორტში

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბათუმის საზღვაო პორტს პირველად სტუმრობდა დიდი ამერიკული სადესანტო ხომალდი-დოკი USS Oak Hill (LSD-51), რომელიც Harpers Ferry-ის კლასს განეკუთნება და მისი ღირებულება 330 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს.

სახელი - Oak Hill სადესანტო ხომალდს ამერიკის მეხუთე პრეზიდენტის ჯეიმს მონროს (1817-1825) რეზიდენციის საპატივცემულოდ ეწოდა. 1823 წელს, ვირჯინიაში მდებარე ოუკ ჰილში მონრომ საგარეო პოლიტიკური კონცეფცია შეიმუშავა, რომელიც მონროს დოქტრინის სახელით არის ცნობილი. ხომალდ Oak Hill-ის მუდმივი ბაზირების პორტიც ვირჯინიაშია.

Oak Hill-ის ღირებულება 330 მილიონი აშშ დოლარია
Oak Hill-ის ღირებულება 330 მილიონი აშშ დოლარია

აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტს ამ კლასის ოთხი ხომალდი ჰყავს (Harpers Ferry, Carter Hall, Oak Hill და Pearl Harbor), ისინი შეიარაღებაში 90-იანი წლების დასაწყისში მიიღეს, 2009-2014 წლებში ჩატარებული ძვირადღირებული მოდერნიზაციის შედეგად კი სადესანტო ხომალდების ექსპლუატაციის ვადა 2038 წლამდე გახანგრძლივდა.

186 მეტრიანმა Oak Hill-მა, რომლის ეკიპაჟიც კაპიტნის, 22 ოფიცრისა და 300 მეზღვაურისგან შედგება, საქართველოში 26-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო შენაერთის​ 400-მდე საზღვაო მედესანტე ჩამოიყვანა. ხომალდზე განლაგებულია ორი M1A1 „აბრამსის“ ტიპის ტანკი, 15 ამფიბიური შემტევი სამხედრო მანქანა, LCAC და LCU-ის ტიპის სადესანტო კატერები და MH-60 Seahawk-ის ტიპის ვერტმფრენი.

26-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო შენაერთის მებრძოლები Oak Hill-ის სასროლეთზე ვარჯიშობენ
26-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო შენაერთის მებრძოლები Oak Hill-ის სასროლეთზე ვარჯიშობენ

​ამერიკული სადესანტო ხომალდის შეიარაღებაშია 25 მმ-იანი ქვემეხები - Mk 38 Mod 2, 20 მმ-იანი Phalanx CIWS ტიპის თავდაცვითი დანადგარი, 12.7 მმ-იანი კალიბრის ტყვიამფრქვევები - M2 Browning და ახლო მანძილზე მოქმედი თავდაცვითი სარაკეტო სისტემა - RIM-116. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ USS Oak Hill ბათუმში შემოსვლას ისტორიული ფაქტი უწოდა:

ჩვენ წელს აშშ-თან ერთად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, მრავალეროვნულ წვრთნებს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც სწორედ საზღვაო იქნება"
ლევან იზორია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი

„ასეთი მასშტაბის სამხედრო ხომალდი, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სადესანტო შესაძლებლობები, აშშ-დან პირველად გვესტუმრა. ჩვენ წელს აშშ-თან ერთად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, მრავალეროვნულ წვრთნებს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ საზღვაო იქნება, სადესანტო შესაძლებლობების გამოყენებით.“

USS Oak Hill შავ ზღვაში 7 მარტს შემოვიდა, ამ დროს რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში უკვე იმყოფებოდა ორი ამერიკული ნაღმოსანი USS Ross (DDG-71) და USS Carney (DDG-64), ამ უკანასკნელის ეკიპაჟმა შავ ზღვაში ახალი ელექტრონული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Block II- SWIP პირველად გამოსცადა.

დესანტირება USS Oak Hill-დან Spring Storm 2018-ზე რუმინეთის წლებში
დესანტირება USS Oak Hill-დან Spring Storm 2018-ზე რუმინეთის წლებში

ბათუმის პორტში შემოსვლამდე USS Oak Hill-მა მონაწილეობა მიიღო მრავალეროვნულ სამხედრო-საზღვაო სწავლება Spring Storm 2018-ში, რომელიც რუმინეთში შედგა. სამხედრო წვრთნებში რუმინეთის, აშშ-ს, ბულგარეთის, საფრანგეთის და უკრაინის 1800-მდე სამხედრო იყო ჩართული.

USS Oak Hill-ის გარდა საზღვაო სწავლებაზე წარმოდგენილი იყვნენ: ამერიკული მხარდამჭერი გემი USNS Carson City, ფრანგული ფრეგატი Jean Bart (D-615) და რუმინეთის სამხედრო საზღვაო ძალების რვა ხომალდი, მათ შორის ფრეგატი Regele Ferdinand.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლის შემდეგ კი მალთაყვის მიმართულებით ერთობლივი ამერიკულ-ქართული წრთვნები (PASSEX) შედგა, დესანტირებისა და ამფიბიური მანევრების დემონსტრირებით. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პირველი რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა ბრძანა:

ჩვენ ვცდილობთ სულ უფრო მეტი ვისწავლოთ ამერიკელებისგან“
თემურ კვანტალიანი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი

„მსგავსი ვიზიტები ძალიან ეფექტური საშუალებაა საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთქმედების განმტკიცების. ჩვენ ვცდილობთ სულ უფრო მეტი ვისწავლოთ ამერიკელებისგან.“

ბოლო წლებია ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ევროპაში (NAVFOREUR), მეექვსე ფლოტთან, საზღვაო ქვეითებისა (MARFOREUR) და სპეციალური ოპერაციების ძალებთან (SOCEUR) ერთად რეგულარულად არიან წარმოდგენილი შავ ზღვაში.

2017 წლის მარტში, შავ ზღვაში უკვე იმყოფებოდა Harpers Ferry-ის კლასის ტიპის სადესანტო ხომალდი-დოკი USS Carter Hall (LSD-50), 2016 წელს კი შედარებით ძველი მოდიფიკაციის სადესანტო ხომალდი USS Whidbey Island (LSD-41), ახლა კი USS Oak Hill.

„Oak Hill–ის შავ ზღვაში შემოსვლის მიზანია აჩვენოს ამერიკის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება, რაც ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. ეს საზღვაო ოპერაცია Atlantic Resolve-ის ფარგლებში მიმდინარეობს და მხარს უჭერს ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში“ - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მონტრეს 1936 წლის კონვენციის შეზღუდვებიდან გამომდინარე პენტაგონი სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებს შავ ზღვაში როტაციის პრინციპით უშვებს, ამიტომ დღეს USS Oak Hill-ის პირველი ვიზიტი საქართველოში დასრულდა და ხომალდმა ისევ ხმელთაშუა ზღვისკენ აიღო გეზი.

XS
SM
MD
LG