ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები შავ ზღვას გაუშინაურდნენ


ამერიკული ნაღმოსანი "პორტერი" ბათუმის ნავსადგურში

ბათუმის ნავსადგურში სამ დღიანი ვიზიტის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების, საესკადრო ნაღმოსანმა „პორტერმა“, გეზი ისევ მუდმივი ბაზირების ადგილისკენ, ესპანეთის პორტ როტასკენ აიღო.

„პორტერი“ შავი ზღვის აკვატორიაში 6 ოქტომბერს შემოვიდა, ნატოს სამხედრო-საზღვაო ოპერაცია „ატლანტიკური მზადყოფნის“ ფარგლებში, რომელიც ალიანსმა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის შემდეგ წამოიწყო.

არლეი ბერკის კლასის ნაღმოსანი, რომელიც გამოჩენილი ამერიკელი კომოდორის დევიდ პორტერისა და მისი შვილის, ასევე ცნობილი ადმირალის დევიდ დიქსონ პორტერის სახელს ატარებს, თავდაპირველად, უკრაინის ტერიტორიულ წლებში და ოდესის პორტში შევიდა და იქ ორი დღე დაჰყო.

12-15 ოქტომბერს, უკვე შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში, ნეიტრალურ წლებში, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი „პორტერი“, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და თურქეთის სამხედრო გემებთან ერთად, საერთაშორისო წვრთნაში ჩაერთო.

20 ოქტომბერს, „პორტერი“ პირველად შემოვიდა ბათუმის პორტში და აქ, 72 საათი დაჰყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელმაც ამერიკული ნაღმოსანი შვილთან ერთად დაათვალიერა, აღნიშნა, რომ მსგავს ვიზიტებს რეგიონალური უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

„ყოველთვის, როცა შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემი შემოდის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავია ჩვენთვის. შავმა ზღვამ, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, სამწუხაროდ, განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა. უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები შავ ზღვაზე დღეს გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ყირიმის ოკუპაციამდე იყო.

ამიტომ, სწორედ, ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნატოს წევრი ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო გემი, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში იმყოფება, უსაფრთხოების ერთგვარი გარანტიაა ჩვენთვის.“

შავი ზღვის სრუტეების შესახებ, მონტრეს 1936 წლის კონვენციის მიხედვით, არა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო გემებს, მხოლოდ 21 დღის განმავლობაში შეუძლიათ შავ ზღვაში ყოფნა. ამასთან, მათი წყალწყვის საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ტონას.

სწორედ ამ შეზღუდვების გამო, პენტაგონი იძულებულია ხმელთაშუა ზღვაში დისლოცირებული, სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ოპერატიული ფლოტის გემები შავ ზღვაში, როტაციის პრინციპით შემოუშვას.

2014 წელს, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების 8 ხომალდმა, ჯამში 14 შემოსვლა განახორციელა შავ ზღვაში. მათ საერთო ჯამში, 200 დღე დაჰყვეს შავი ზღვის აკვატორიაში, აქედან 8 დღე - ბათუმის, 3 დღე კი ფოთის ნავსადგურში. შედარებისთვის, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ოთხი გემი, 2014 წელს, შავ ზღვაში 9-ჯერ შემოვიდა, აქ 162 დღე დაჰყო, აქედან, 26 დღე ბათუმის პორტში.

2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით, შავ ზღვაში, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების 7 გემი იმყოფებოდა. აქედან, საესკადრო ნაღმოსნები: „დონალდ კუკი“ და „პორტერი“ ორ-ორჯერ. საქართველოს და უკრაინის პორტებში ამერიკელები ასევე ორჯერ შემოვიდნენ. ივნისში, ბათუმში ღუზა „ლაბუნმა“ ჩაუშვა, სექტემბერში, ოდესას ეწვია „დონალდ კუკი“. ოქტომბერში კი ოდესა და ბათუმი უკვე „პორტერმა“ მოინახულა.

ლელა სელიმბამ, საქართველოს სანაპირო დაცვის ოპერაციების რეგიონალური მართვის მთავარმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ნაღმოსან „პორტერზე“ გამართული სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ის თემები, რაზეც ამერიკელმა კოლეგებმა ისაუბრეს. იყო ნაცნობი თემაც, მაგრამ იყო ძალიან ბევრი სიახლე და პრაქტიკული მეცადინეობებიც იყო უმაღლესს დონეზე ორგანიზებული.“

ბათუმის ნავსადგურიდან გასვლის შემდეგ, ნაღმოსანმა „პორტერმა“ საქართველოს სანაპირო დაცვის ორ მცირე კატარღასთან ერთად, ღია ზღვაში, რამდენიმე საათიანი წვრთნა გამართა. საინტერესოა, „პორტერმა“ ბათუმის პორტში ბუნკირების მომსახურებითაც ისარგებლა, საზღვაო დიზელის საწვავი, ქართულ კომპანია „ბათპეტროლისგან“ შეიძინა, ავზები სრულად შეივსო და გეზი ბოსფორის სრუტისკენ აიღო.

აშშ-ს სამხედრო გემები შავ ზღვაში (2015 იანვარი-ოქტომბერი)

1-14 იანვარი: ნაღმოსანი „დონალდ კუკი“ (კონსტანცა, ვარნა)

8-22 თებერვალი: ნაღმოსანი „კოული“ (კონსტანცა, ვარნა)

4 -21 მარტი: კრეისერი „ვიკსბურგი“ (ვარნა, კონსტანცა)

3-14 აპრილი: ნაღმოსანი „ჯეისონ დანჰემი“ (ვარნა, კონსტანცა)

23 მაისი-3 ივნისი: ნაღმოსანი „როსი“ (კონსტანცა)

21-30 ივნისი: ნაღმოსანი „ლაბუნი“ (ბათუმი)

5-17 ივლისი: ნაღმოსანი „პორტერი“ (ვარნა)

8-14 სექტემბერი: ნაღმოსანი „დონალდ კუკი“ (ოდესა)

6-26 ოქტომბერი: ნაღმოსანი „პორტერი“ (ოდესა, ბათუმი)

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG