ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"როიტერი": აშშ უკრაინასა და მოლდოვას ენერგეტიკის კუთხით 550 მილიონს გამოუყოფს


ამერიკის შეერთებული შტატები ომის წლისთავზე უკრაინისა და მოლდოვისთვის ენერგეტიკის მიმართულებით 550 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს. რუსეთის თავდასხმებით განადგურებული ენერგოინფრასტრუქტურის აღსადგენად კიევი 250 მილიონს მიიღებს, მოლდოვა კი, რომელიც რუსულ ენერგიაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული - 300 მილიონს.

დახმარებაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია სააგენტო "როიტერმა" მის ოფიციალურად გამოქვეყნებამდე მოიპოვა, სავარაუდოდ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი გამოაცხადებს.

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა. ომს ათობით ათასი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო შეეწირა. მსხვერპლის რაოდენობა დიდია რუს სამხედროთა შორისაც. ევროპის მიწაზე ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომია.

რუსეთი, რომელიც უკრაინაში მისი თქმით, "სპეციალური ოპერაციის" ფარგლებში სწრაფ გამარჯვებას გაგმავდა და უკრაინას "დენაციფიკაციის" მიზნით დაესხა თავს, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვასთან ერთად, თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ანადგურებს ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.

ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ამერიკის მთავრობა განაგრძობს უკრაინის ხელისუფლების დახმარებას სტაბილურობის შენარჩუნებისა და ელექტროსისტემის გამართულად ფუნქციონირების მიმართულებით მაშინ, როცა რუსეთი კვლავ სასტიკად ესხმის თავდ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.

რაც შეეხება მოლდოვას, ამავე ცნობებით, გამოყოფილი დახმარების ნაწილი - 80 მილიონი, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასების პრობლემის დასარეგულირებლად იქნება განკუთვნილი, 135 მილიონი დოლარი - ენერგოწარმოების პროექტების კუთხით, 85 მილიონი კი - ენერგიის ალტერნატიული წყაროებით მოპოვებაში დასახმარებლად.

ეს დახმარება ამერიკის კონგრესის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 45 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც კონგრესმა გასულ წელს დაამტკიცა. პროცედურების თანახმად, კონგრესმა მოთხოვნა ამა თუ იმ ხარჯვითი ნაწილის შესახებ ადმინისტრაციის მიმართვის მიღებიდან, 15 დღეში უნდა დაამტკიცოს.

XS
SM
MD
LG