ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულმა სამხედრო გემმა ტაივანის სრუტეში "რუტინული ტრანზიტი" განახორციელა


ამერიკული გამანადგურებელი "USS Milius"
ამერიკული გამანადგურებელი "USS Milius"

შეერთებული შტატების სამხედრო გემი "მილიუსი" კვირას ტაივანის სრუტეში შევიდა, რასაც ამერიკის საზღვაო ძალებმა ორშაბათს "რუტინული ტრანზიტი" უწოდა. ამერიკული გემ სრუტეში მას შემდეგ შევიდა, რაც ჩინეთმა კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები დაასრულა.

ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, გასულ ორშაბათს ოფიციალურად დაასრულა სამდღიანი წვრთნები ტაივანის ირგვლივ. პეკინი წვრთნებისას კუნძულის ბლოკირების სცენარს გადიოდა.

პეკინმა წვრთნები ტაივანის პრეზიდენტის ცაი ინგ-ვენის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ კევინ მაკარტისთან შეხვედრის შემდეგ გამართა. ეს ჩინეთმა, მის საშინაო საქმეებში ჩარევად და ტაივანის ჩინეთისგან დამოუკიდებლობის მხარდაჭერად აღიქვა.

აშშ-ის საზღვაო ძალების მე-7 ფლოტმა განაცხადა, „ტაივანის სრუტეში რუტინული ტრანზიტი“ ჩაატარა, წყლებში „სადაც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მოქმედებს ღია ზღვაში ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლება“.

გემის ტრანზიტი აჩვენებს შეერთებული შტატების ერთგულებას თავისუფალი და ღია ნაოსნობის მიმართ ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში, დასძინა ფლოტმა.

ჩინეთის აღმოსავლეთ სარდლობამ ორშაბათს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ გამოყოფილი ჰყავს ჯარისკაცები, რათა თვალყური ადევნონ და დააკვირდნენ ამერიკულ გამანადგურებელს, მისი მსვლელობის განმავლობაში.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გემი სრუტეში, ჩრდილოეთის მიმართულებით მიცურავდა და რომ მისი ტრანზიტის დროს სიტუაცია სრუტეში "ნორმალური იყო".

აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები სრუტეში, დაახლოებით, თვეში ერთხელ შედიან და რეგულარულად ახორციელებენ თავისუფალი ნავიგაციის მისიებს სადავო, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

გასულ კვირას, "მილიუსმა" სამხრეთ ჩინეთის ზღვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ხელოვნურად შექმნილ და ჩინეთის მიერ კონტროლირებულ კუნძულთან ახლოს გაცურა. პეკინმა ეს ნაბიჯი დაგმო და მას უკანონო უწოდა.

წვრთნების დასრულების შემდეგ ჩინეთი აგრძელებს სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, თუმცა შემცირებული მასშტაბით.

ჩინეთი არ ამბობს, რომ დემოკრატიულად მართული ტაივანის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოსაქცევად ძალას არ გამოიყენებს.

ტაივანის მთავრობა უარყოფს ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს და ამბობს, რომ კუნძულის მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს მისი მომავალი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG