ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა თავისი გავლენის კამპანიით, აფრიკაში ამერიკა გვერდზე გაწია


შეიძლება ჩინეთის გლობალურმა ამბიციებმა შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ავსტრალიაში, იაპონიაში და ინდოეთში დარტყმა განიცადა, მაგრამ აფრიკაში მისი მყარი ძალა და გავლენა ვაშინგტონს აიძულებს ამ კონტინენტის მიმართ საკუთარი სტრატეგია გადააფასოს.

ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა სიერა-ლეონეში ელექტროსადგურის ასაშენებლად, საერთაშორისო განვითარების დაფინანსების კორპორაციის მეშვეობით 217 მილიონი დოლარი გამოყო. მშენებლობის დამთავრების შემდეგ ამერიკის მიერ დაფინანსებული ელექტროსადგური, რვა საკვანძო სამთავრობო შენობის გვერდით იქნება, რომელიც ჩინეთმა სიერა-ლეონეში ააშენა. მათ შორისაა საპარლამენტო შენობები, ჯარის და პოლიციის შტაბ-ბინები და დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჰერითიჯის ფონდის ანალიტიკოსი ჯოშუა მესერვი ამბობს, რომ პეკინი აფრიკის კონტინენტზე ყველაზე გავლენიანი უცხოელი მოთამაშეა. ამ ანალიტიკოსის მიერ 2020 წლის დეკემბერში გამოცემული კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში, ჩინურმა კომპანიებმა აფრიკის კონტინენტზე 186 სამთავრობო შენობა ააგეს. ბევრ მათგანში განთავსებულია პარლამენტები, პრეზიდენტის სასახლეები, საგარეო საქმეთა სამინისტროები და სამხედრო ობიექტები. ამავე დროს, ჩინეთმა კონტინენტზე ათზე მეტი, შიდა სამთავრობო სატელეკომუნიკაციო ქსელი შექმნა.

იმ დროს, როდესაც ვაშინგტონმა ზოგიერთი მოკავშირე დაარწმუნა ჩინური კომპანია “ჰუავეი” მეხუთე თაობის საკუთარ ქსელებში არ დაეშვა, კომპანია აფრიკაში 25 პროექტზე მუშაობს. მეოთხე თაობის ქსელის 70 პროცენტი აითვისა და ახლა შემდეგი ნაბიჯისთვის ემზადება.

გლობალური განვითარების ცენტრის უფროსმა მკვლევარმა სკოტ მორისმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ შეერთებული შტატების მიერ აფრიკისადმი მიმართული უცხოური დახმარების ბიუჯეტის მოცულობა “წელიწადში დაახლოებით 25-30 მილიარდ დოლარს შეადგენს” რაც, მისი თქმით, ჩინურ პირდაპირ სესხებს ნამდვილ კონკურენციას უწევს, მაგრამ ამერიკული დახმარების მეტი წილი გლობალური ჯანდაცვის პროგრამებზე, დაავადებების აღმოფხვრაზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე მოდის.

ექსპერტის აზრით, ჩინეთი აქცენტს აკეთებს სწორედ ისეთ სფეროებზე, სადაც შეერთებული შტატები მეტწილად წარმოდგენილი არ არის და საშუალება ეძლევა დააფინანსოს და (ან) აკონტროლოს საკვანძო სექტორების აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ამას კი მომავალში, აფრიკის კონტინენტზე შეერთებული შტატების შანსებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG