ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან ბირთვული მოლაპარაკებისთვის ფანჯარა ღიაა, მაგრამ არა სამუდამოდ - ვაშინგტონი


მოლაპარაკება ირანთან ვენაში, ავსტრია
მოლაპარაკება ირანთან ვენაში, ავსტრია

2015 წელს ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებით ივნისში შეჩერებულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ ჩანს. ვაშინგტონმა თეირანს მიანიშნა, რომ მოლაპარაკების გაგრძელება სურს და შეთანხმების მიღწევისთვის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ეს გაუთავებლად ვერ გაგრძელდება.

აღნიშნული ინფორმაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდა. მისი თქმით, ვაშინგტონის მოთმინება სამუდამოდ არ გასტანს, თუმცა მას არ დაუსახელებია მისი ამოწურვის კონკრეტული ვადა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ირანის ბირთვული პროგრამის ტექნიკურ პროგრესზე იქნება დამოკიდებული, ასევე - ამერიკის პარტნიორების შეფასებებზე.

"ჩვენ ისევ გვაქვს ინტერესი. ჩვენ ისევ გვსურს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება" - თქვა მან სატელეფონო ბრიფინგზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის განცხადებით, "შესაძლებლობათა ფანჯარა ღიაა. თუმცა, ის სამუდამოდ გაღებული ვერ დარჩება, თუ ირანი განსხვავებულ კურსს აიღებს".

2015 წელს ირანთან დადებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, თეირანზე დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, ირანი ბირთვული აქტივობის შეზღუდვას დათანხმდა. შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ხელშეკრულება 2018 წელს დატოვა და თეირანზე სანქციები განაახლა.

ირანმა ამ ნაბიჯს ბირთვული პროგრამის დაწინაურებით და შესაბამისად, შეთანხმების მთავარი შეზღუდვის დარღვევით უპასუხა. მოგვიანებით, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით, დაიწყო მოლაპარაკება ირანთან 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების განახლებაზე. არაპირდაპირი მოლაპარაკება ირანთან, შუამავლების საშუალებით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ივნისამდე მიმდინარეობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG