ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის არჩეული პრეზიდენტი: "ამერიკის ტირანული სანქციების დასრულება გვსურს"


ირანის ახალი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ამბობს, რომ ის ამერიკის მხრიდან "ტირანული" სანქციების მოხსნის მიმართულებით იმუშავებს და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. ის ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა მომავალ პრეზიდენტად ოფიციალურად სპეციალურ ღონისძიებაზე დაასახელა.

რაისი თავად პირადადაა ამერიკის სანქციების სამიზნე. ეს სანქციები მისი, მოსამართლედ მუშაობის პერიოდს და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს უკავშირდება. რაისი პირობას დებს, რომ ირანელთა ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს, რადგან ეს უკანასკნელი მისი თქმით, 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის სანქციები დაწესდა, გაუარესდა.

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან სხვა დასავლურ სახელმწიფოებთან ერთად დადებული შეთანხმება, ე.წ. ბირთვული შეთანხმება დატოვა და სანქციები აამოქმედა. ტრამპის ადმინისტრაცია ირანს ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სისტემატურ დარღვევაში ადანაშაულებდა. ირანისა და 6 სახელმწიფოს ლიდერები აპრილიდან განახლებულ მოლაპარაკებებში იღებენ მონაწილეობას, რომლის უმთავრესი პირობაც არის ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეჩერება, რაც მას ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას შეუზღუდავს. ამის შემდეგ კი შესაძლოა მის წინააღმდეგ სანქციები შემსუბუქდეს. ირანი უარყოფს, რომ ბირთვული იარაღის შქმნას ცდილობს და აცხადებს, რომ ამას არც არასდროს აპირებს.

"ჩვენ გვსურს მოვხსნათ ამერიკის მიერ დაწესებული ეს ტირანული სანქციები, მაგრამ ჩვენ არ დავუკავშირებთ ჩვენს ეკონომიკას უცხოელების სურვილს", - განაცხადა ახალარჩეულმა რაისმა ივნისში, მას შემდეგ, რაც პრაგმატისტი პოლიტიკოსი, ჰასან რუჰანი კენჭისყრის შედეგად დაამარცხა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება სხვა კანდიდატებს არ მიეცათ.

რაისი ფიცს ხუთშაბათს დადებს და 1 კვირის განმავლობაში პარლამენტს საკუთარი კაბინეტის წევრებს წარუდგენს დასამტკიცებლად. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მის ადმინისტრაციას მოლაპარაკებებში პრინციპული პოზიციები ექნება. თუმცა გადამწყვეტი სიტყვა ქვეყნის უმაღლეს ლიდერს, აიათოლა ალი ჰამენეის ეკუთვნის.

XS
SM
MD
LG