ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის წარმომადგენლის ცნობით, ირანი მზადაა ბირთვული მოლაპარაკებები განაახლოს


დასავლური ახალი ამბების სააგენტოები იუწყებიან: ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალური პირი ამბობს, რომ ირანი მზადაა უკვე სექტემბერში ბირთვული მოლაპააკებები განაახლოს.

7 აგვისტოს, სააგენტო AFP “ფრანს პრესმა” და DPA გერმანული ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალური პირის თანახმად, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, ბოლო დღეებში ქვეყნის წარმომადგენლებმა ვენაში მოლაპარაკებების განახლების პირობა დადეს.

ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის მომლაპარაკებელი ენრიკე მორა, გასულ კვირაში, თეირანში, ირანის ახალი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და მოლაპარაკებებში ირანის ოფიციალურ წარმომადგენელ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს ესაუბრა.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ამირ-აბდოლაჰიანი რაისის კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრობის სავარაუდო კანდიდატია, თუმცა ამის შესახებ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

ევროკავშირის თანამდებობის პირმა თქვა, რომ ირანელებს სურთ მოლაპარაკების მაგიდას “რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ... არა უბრალოდ მოლაპარაკებებისთვის, არამედ შეთანხმების მისაღწევად. მათ წარმატება სურთ”.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე თქვა: “ირანელებს დაჟინებით მოვუწოდებთ, მოლაპარაკებებს მალე დაუბრუნდნენ, ეს ჩვენთვის გადაუდებელი პრიორიტეტია”.

რაისმა, 5 აგვისტოს საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას, ირანზე დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა საინფორმაციო სააგენტოებს უთხრა, რომ ნათელი არ არის, ბირთვული მოლაპარაკებები ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობად დარჩება თუ მას ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ან სხვა ორგანო გააგრძელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG