ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პომპეოს დაძაბული საათები სენატში


ამერიკის სახელმწიფო მდივანს კანონმდებლები რამდენიმე საათის განმავლობაში უსვამდნენ შეკითხვებს იმის თაობაზე, თუ რის შესახებ ისაუბრეს დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა ჰელსინკიში პირისპირ შეხვედრისას.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხების შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენამდე სულ ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, რომ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები მომავალ წლამდე ერთმანეთს აღარ შეხვდებიან. თავად სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განცხადება გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ამერიკა არასდროს დაუჭერს მხარს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.​

მინდა იცოდეთ, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება ჩვენი დაზვერვის საზოგადოების დასკვნებს, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის არჩევნებში. მას სრულად და შესაბამისად ესმის ის, თუ რა მოხდა. ვიცი, რადგან ამის შესახებ მას დაახლოებით ერთი წლის წინ თავად მოვახსენე.
- უთხრა მაიკ პომპეომ სენატორებს.

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კაპიტოლიუმის ბორცვზე სამი დაძაბული საათი გაატარა. მისთვის მწვავე შეკითხვების დასმა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბობ კორკერმა დაიწყო:

„თქვენ მოხვედით იმ სენატორების წინაშე, რომლებიც სავსენი არიან ეჭვებით თეთრი სახლის ამ ადმინისტრაციის და მისი საგარეო პოლიტიკის მიმართ. გვაქვს შეშფოთების რიგი მიზეზები. მათ შორისაა ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიმცირე", - მიმართა კორკერმა პომპეოს.

რესპუბლიკელმა სენატორმა კორკერმა, რომელიც საკანონმდებლო საქმიანობას მალე თავს დაანებებს, აღნიშნა, რომ ტრამპმა ჰელსინკის სამიტისას პუტინის მიმართ ერთგვარი მორიდება და პატივისცემა გამოამჟღავნა.

სახელმწიფო მდივნის დაძაბული საათები სენატში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:50 0:00

დისკუსია კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც გავლენიანმა დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა მაიკ პომპეოს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა საკითხები განიხილა პრეზიდენტმა ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან. პომპეომ მას უპასუხა, რომ ესმის, "რა თამაშსაც თამაშობს ის". თუმცა დემოკრატმა სენატორმა უთხრა, რომ ის მის კითხვებს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს.

სენატორი ბობ მენენდესი სახელმწიფო მდივანს კითხვებს უსვამს
სენატორი ბობ მენენდესი სახელმწიფო მდივანს კითხვებს უსვამს

„არა, ბატონო სახელმწიფო მდივანო, მიუხედავად პატივისცემისა, არ მომწონს, როგორ ახასიათებთ ჩემს შეკითხვებს. ჩემი შეკითხვის მიზანი სიმართლის გაგებაა. ჩვენ არ ვიცით რა არის სიმართლე და ერთადერთი გზა იმისა, რომ გავიგოთ, რა ითქვა იმ ორი საათის განმავლობაში (რაც პირისპირ საუბრისთვის თავისთავად საოცარი დროა), არის ის, რომ ის მაინც შევიტყოთ, რა გითხრათ პრეზიდენტმა თქვენ", - თქვა მენენდესმა.

ამ ნაწილზე პომპეომ განაცხადა, რომ პრეზიდენტს აქვს სრული უფლება მსოფლიოს სხვა ლიდერებს პირისპირ ესაუბროს. სწორედ ამგვარად მან აირიდა პასუხის გაცემა შეკითხვებზე, თუ რატომ უწოდებს პრეზიდენტი ტრამპი 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას „გამონაგონს“.

სენატორები ბობ კორკერი და ბობ მენენდესი
სენატორები ბობ კორკერი და ბობ მენენდესი

“მინდა იცოდეთ, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება ჩვენი დაზვერვის საზოგადოების დასკვნებს, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის არჩევნებში", - განაცხადა მაიკ პომპეომ და განმარტა, რომ ამაში დარწმუნებულია, რადგან თავად მიაწოდა ეს ინფორმაცია პრეზიდენტს. "მას სრულად და შესაბამისად ესმის ის, თუ რა მოხდა. ვიცი, რადგან ამის შესახებ მას დაახლოებით ერთი წლის წინ მოვახსენე. და ეს ჩემთვის, პირადად, აბსოლუტურად ნათელია.“

მაიკ პომპეო, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოსტის დაკავებამდე დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი იყო, შესაძლოა კრიტიკული კანონმდებლების წინაშე კიდევ ერთხელ წარდგეს. სენატორი კორკერი ამბობს, რომ ეს მხოლოდ პირველი მოსმენა იყო რუსეთის მიმართ ტრამპის დამოკიდებულების შესახებ მოსალოდნელი მოსმენების სერიიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG