ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა - გადამწყვეტი ბრძოლა?


უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამერიკელთა ცხოვრებაზე მომავალი ათწლეულების და ხშირად ასწლეულების მანძილზეც კი აქვს გავლენა. სწორედ უზენაესმა სასამართლომ მისცა ამერიკელებს 2015 წელს უფლება დაქორწინდნენ მასზე, ვისზეც სურთ, მიუხედავად სქესისა. თითქმის ნახევარი საუკუნის წინ კი ამავე სასამართლომ მისცა ქალებს აბორტის უფლება ორსულობის ადრეულ ეტაპზე. დემოკრატები შიშობენ, რომ სასამართლოს შემადგენლობის ცვლილებამ შესაძლოა ზოგიერთ სამოქალაქო უფლებას საფრთხე შეუქმნას.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალური კაბინეტის დაკავებიდან წელიწადნახევრის განმავლობაში უკვე მეორე კანდიდატი დაასახელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ პოზიციაზე. ბევრი ისტორიკოსის აზრით, უზენაესის მოსამართლის შერჩევა ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელსაც ხშირად ყველაზე სერიოზული და ხანგრძლივი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამერიკელთა ცხოვრებაზე.

გასული წლის თებერვალში, ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ფედერალური სააპელაციო სასამართლოს კონსერვატორი მოსამართლე ნილ გორსაჩი წარადგინა. რამდენიმე თვის შემდეგ ის სენატმა 54 ხმით 45-ის წინააღმდეგ ოფიციალურად დაამტკიცა. სენატში რესპუბლიკელებს მცირე უმრავლესობა აქვთ, ისინი მხოლოდ ორი ადამიანით აჭარბებენ დემოკრატებს. თუმცა გორსაჩის კანდიდატურას სამმა დემოკრატმა დაუჭირა მხარი.

უდიდესი მნიშვნელობის საკითხები დევს სასწორზე. მშრომელთა ორგანიზების უფლება, შავი ფულის დამანგრეველი გავლენა პოლიტიკაზე, ამერიკელთა უფლება დაქორწინდნენ მასზე, ვინც უყვართ, ხმის მიცემის უფლება და ა.შ.
ჩაკ შუმერი, უმცირესობის ლიდერი სენატში

უზენაესი სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება, ისინი თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე რჩებიან. გორსაჩმა კონსერვატორი ენტონინ სკალია ჩაანაცვლა, რომელიც 1986 წელს რონალდ რეიგანმა წარადგინა და 2016 წელს ძილში გარდაიცვალა. უზენაეს სასამართლოში ამის შემდეგ, ბევრი შეფასებით, 4 ლიბერალური და ოთხი კონსერვატული შეხედულების მოსამართლე დარჩა. ამიტომ კანდიდატის იდეოლოგიურ მიკუთვნებულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

თავდაპირველად, ბარაკ ობამამ ვაკანტურ პოსტზე კანდიდატი დაასახელა, თუმცა იმ პრეზიდენტის კანდიდატი, რომლის მმართელობის ვადაც ძალიან მალე იწურებოდა, სენატმა განუხილველად დატოვა და ეს პასუხისმგებლობა მომავალ პრეზიდენტს დაუტოვა. თუმცა, წელიწადნახევრის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ მოუხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შერჩევა.

რჩეული კვლავ ფედერალური სააპელაციო სასამართლოს კონსერვატორი წევრი - ბრეტ კავანაა. კავანა, დამტკიცების შემთხვევაში, მოსამართლე კენედის ადგილს დაიკავებს.

მოსამართლე კენედის მემკვიდრეობა

ენტონი კენედი 1987 წელს პრეზიდენტმა რეიგანმა წარადგინა მოსამართლის პოზიციაზე და როგორც მოსალოდნელი იყო, ის კენჭისყრათა 2/3-ში სწორედ კონსერვატორების პოზიციების მხარდამჭერ გადაწყვეტილებებს იღებდა. თუმცა, ბევრ სოციალურ საკითხზე მისი ლიბერალური მიდგომა ცნობილი იყო. მისი ხმა ხშირად მე-5 - გადამწყვეტი ხმა იყო. მიუხედავად კონსერვატული მსოფლმხედველობისა, მას მედიაში ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ლგბტქ თემის ჩემპიონს“, რადგან არაერთ სხვადასხვა საქმეზე მის მიერ გაკეთებული განმარტებები სექსუალურ უმცირესობათა ჯგუფების უფლებების დამცავი კანონმდებლობის პრაქტიკულ ნიადაგს აყალიბებდა და აძლიერებდა.

მის სახელს უკავშირდება 2015 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქორწინების უფლების შესახებ. მკვეთრად დაყოფილ კოლეგიაში ის იყო ცხრიდან მეხუთე მოსამართლე, რომლის ხმითაც გადაწყდა, რომ ამერიკის ყველა შტატში ერთი და იმავე სქესის წყვილებს დაქორწინების უფლება ეძლევათ.

თუკი კავანას სენატი დაამტკიცებს, ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს იქნება პრაქტიკულად პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი მოსამართლის დანიშვნამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს სასამართლოს მიმართულება და მისი გადაწყვეტილებები.

ბოლოს, ასეთი რამ 1991 წელს მოხდა, როდესაც მოსამართლე თორგუდ მარშალი კლარენს თომასმა შეცვალა.

თორგუდ მარშალი უზენაესის 96-ე და რიგით პირველი აფრო-ამერიკელი მოსამართლე იყო. ის ძირითადად ლიბერალური გადაწყვეტილებების მხარდამჭერი იყო, ინდივიდუალური უფლებების ძლიერი დამცველი, განსაკუთრებით კი ეჭვმიტანილთა უფლებებისა. ის მხარს უჭერდა აბორტის უფლებას და ეწინააღმდეგება სიკვდილით დასჯას.

მისი შემცვლელი - კლარენს თომასი კი მეორე აფრო-ამერიკელი იყო, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. თუმცა მას სასამართლოს ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატორ წევრად მიიჩნევენ. თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროვების ბრალდებების ფონზე, გამართული მწვავე და დაძაბული მოსმენის შემდეგ სენატმა ის 52 ხმით 48 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა.

თომასის შემდეგ, ყველა ახალი მოსამართლე, ექსპერტების შეფასებით, იდეოლოგიურად თითქმის იმავე პოზიციებზე იყო, რაზეც მათი წინამორბედები.

კავშირები რესპუბლიკელებთან

დემოკრატების აზრით, ლიბერალური სამოქალაქო საზოგადოების ბევრი მონაპოვარი ახლა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს, რადგან ისედაც უკვე „მარჯვნივ გადახრილი“ სასამართლო შესაძლოა კიდევ უფრო კონსერვატიული გახდეს.

ამერიკაში მოუთმენლად ელიან სხდომებს, როდესაც სენატორებს საშუალება ექნებათ პრეზიდენტის რჩეულს კითხვები დაუსვან. პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში მისი წარდგენისას განაცხადა, რომ ის არის „ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მახვილი გონების პატრონი ჩვენს დროში“, მან თქვა, რომ კავანა „გვერდით გადადებს თავის პოლიტიკურ მოსაზრებებს“, და „კონსტიტუციას ისე მიუდგება, როგორც ის არის დაწერილი“.

ბრეტ კავანას წარდგენა
ბრეტ კავანას წარდგენა

ამბობენ, რომ ეს მოსმენა სენატში შესაძლოა ისტორიული ბრძოლა აღმოჩნდეს რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის.

თუმცა მისი წარდგენა სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა და რესპუბლიკელებთან მის მჭიდრო კავშირებზეც ბევრი, მათ შორის მისი ოფიციალური გამოცდილება და წარსული საქმიანობა მეტყველებს.

კავანა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ის ასევე იყო გამომძიებელთა გუნდის წევრი ბილ კლინტონის იმპიჩმენტის საქმეში. 20 წლის წინ დამოუკიდებელ გამომძიებელ კენეთ სტართან ერთად მუშაობისას, მან შექმნა საკმაოდ ფართო სამართლებრივი საფუძველი პრეზიდენტ კლინტონის იმპიჩმენტისთვის.

2006 წელს კავანა ამბობდა, რომ დამტკიცების შემთხვევაში ის ერთგულად მიჰყვებოდა უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებას. თუმცა კითხვაზე, რა არის მისი პირადი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ, ის არ პასუხობს და ამბობს, რომ „სჯობს თავი შეიკავოს“ .

ადმინისტრაციისთვის მუშაობამდე, მოსამართლე კავანა ჯორჯ ბუშის 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფლორიდის შტატში ხმების გადათვლის საქმეშიც იყო ჩართული. როდესაც ბუშმა ის 2003 წელს კოლუმბიის ოლქში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დაასახელა, მაშინ დემოკრატები წუხდნენ, რომ ის შესაძლოა „პარტიულად ძლიერ მიკერძოებული“ ყოფილიყო. კავანამ მაშინაც საკმაოდ ცხარე დებატების ფონზე გაიარა დამტკიცების პროცესი და უჩვეულოდ დიდი ხნის - 3 წლის შემდეგ დაამტკიცეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ასე რომ, კავანას მნიშვნელოვანი კავშირები აქვს რესპუბლიკელთა ელიტურ სამართლებრივ წრეებთან და აქვს მკაფიო კონსერვატული წარსული. სწორედ ამიტომ, დემოკრატები განსაკუთრებით არიან მობილიზებულნი და ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მის კანდიდატურასთან დასაპირისპირებლად. თუმცა რესპუბლიკელებიც მზად არიან სენატში ბრძოლისთვის. სენატორი კორნინი ამბობს, რომ პრეზიდენტის კანდიდატს „შესაბამის, მოკლე ვადებში დაამტკიცებენ“.

„რო უეიდის წინააღმდეგ“ - ემუქრება საფრთხე აბორტის უფლებას?

„ყველამ იცის, რა არის აქ სასწორზე, რისკის ქვეშაა ქალების თავისუფლება. ჩვენი თავისუფლება იმის შესახებ, რომ მივიღოთ ჩვენი საკუთარი გადაწყვეტილებები. ჩვენი თავსუფლება: გადავწყვიტოთ როდის და რამდენი ბავშვი გვინდა, რომ გვყავდეს“, - ამბობს სენატორი კირსტენ გილიბრენდი. ყველაზე მეტი კითხვა კავანას მიმართ სწორედ აბორტის უფლებასთან დაკავშირებით ისმის.

1973 წელს საქმეზე „რო უეიდის წინააღმდეგ“ ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების თანახმად, ქალებს აქვთ უფლება გაიკეთონ აბორტი ორსულობის პირველი ორი ტრიმესტრის განმავლობაში. ამ უფლების წინააღმდეგ არაერთი კონსერვატული ჯგუფი ილაშქრებს შეერთებულ შტატებში.

"სიცოცხლის უფლების" მომხრეების აქცია
"სიცოცხლის უფლების" მომხრეების აქცია

წელს, იანვარში ვაშინგტონში 45-ედ გაიმართა „სიცოცხლის უფლების“ მხარდამჭერი ყოველწლიური მარში, რომლის მონაწილეებიც სწორედ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ცვლილებას ითხოვენ.

დემონსტრანტებს პრეზიდენტმა ტრამპმა სიტყვით მიმართა და თქვა, რომ „ყველა ბავშვი ღმერთისგან ბოძებული ფასდაუდებელი საჩუქარია.“ ტრამპმა დასძინა, რომ მისი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს სიცოცხლის უფლების დასაცავად. დემონსტრაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი, პრეზიდენტმა 19 იანვარი „სიცოცხლის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა. პრეზიდენტი 1973 წლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამერიკას ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონები აქვს მთელ მსოფლიოში. „სიცოცხლის უფლების“ პირდაპირი და ცალსახა მხარდაჭერა დემონსტრანტებისთვის სიტყვით მიმართვისას აქამდე კიდევ ორმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა (რონალდ რეიგანმა (1987 წელს) და ჯორჯ ბუშ უმცროსმა (2003 და 2004 წლებში) გამოხატა.

ყველას აინტერესებს, რას ფიქრობს კავანა აბორტის უფლებაზე. მისი დასახელებიდან მალევე დემოკრატმა სენატორმა ჩაკ შუმერმა „ტვიტერზე“ 2006 წლის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ კავანას სწორედ ამ თემაზე უსვამს შეკითხვებს. კავანა ამბობდა, რომ დამტკიცების შემთხვევაში ის ერთგულად მიჰყვებოდა უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებას. თუმცა კითხვაზე, რა არის მისი პირადი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ, ის არ პასუხობს და ამბობს, რომ „სჯობს თავი შეიკავოს“ .

"უდიდესი მნიშვნელობის საკითხები დევს სასწორზე. მშრომელთა ორგანიზების უფლება, შავი ფულის დამანგრეველი გავლენა პოლიტიკაზე, ამერიკელთა უფლება დაქორწინდნენ მასზე, ვინც უყვართ, ხმის მიცემის უფლება და ა.შ.", - ამბობს ჩაკ შუმერი, უმცირესობის ლიდერი სენატში.

მისი მოწინააღმდეგეები ახლა კავანას მიერ სააპელაციო სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათ განმარტებებს „სწავლობენ“ იმისთვის, რომ ივარაუდონ, როგორი იქნება მისი პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე. ბევრი კრიტიკოსი ამბობს, რომ მორწმუნე კათოლიკე მოსამართლის მიერ რელიგიურ საქმეებზე გაკეთებული განმარტებები საყურადღებოა და ღელვის საფუძველს იძლევა, თუმცა სხვები მას ახასიათებენ, როგორც „რელიგიური თავისუფლების მამაც დამცველს“.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG