შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წინაშე წარსდგება. პომპეო ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე, მათ შორის ორი ქვეყნის ლიდერს შორის ჰელსინკიში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრებს.
გუშინ პომპეომ განაცხადა, რომ ჰელსინკის სამიტი „უკიდურესად მნიშვნელოვანი“ იყო.
ჰელსინკიში რუს კოლეგასთან შეხვედრაზე, ტრამპმა პუტინის შეხედულება გაიზიარა და თქვა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა ჩარეულიყო რუსეთი ამერიკის არჩევნებში.
ვაშინგტონში ჩამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეთანხმება ამერიკის უშიშროების სამსახურების დასკვნას, მალევე კი პრეზიდენტმა თქვა, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რუსები დემოკრატებს დაუჭერენ მხარს.
უსაფრთხოების წამყვანი ამერიკელი სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსეთი ისევ შეეცდება ნოემბერში საარჩევნო პროცესში ჩარევას, ტრამპის ადმინისტრაცია პირობას დებს, რომ ამ მცდელობას შეაჩერებს.
კვინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ამერიკელების 51 სჯერა, რომ რუსეთს პრეზიდენტ ტრამპის მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას ფლობს. გამოკითხულების ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ჰელსინკის სამიტი შეერთებული შტატებისთვის მარცხით დასრულდა. ამავე გამოკითხვების თანახმად, 73 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამიტი წარმატებული იყო რუსეთისთვის.
Facebook Forum