ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის დაზვერვა: "რუსეთი 2020 წლის არჩევნებში ჩარევას ცდილობდა"


ამერიკის დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას რუსეთი კვლავ ცდილობდა. ამას კი ის მაშინდელი კანდიდატის, ჯო ბაიდენის საწინააღმდეგო "მცდარი და უსაფუძვლო ბრალდებების" მეშვეობით და პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის ზოგიერთი მოკავშირის დახმარებით აკეთებდა.

ჩარევის მცდელობაზე ეროვნული დაზვერვის დირექტორის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ 15-გვერდიან ანგარიშშია საუბარი. აქვე განმარტებულია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირეები მოსკოვს საკუთარი განცხადებებითაც ეხმარებოდნენ, როდესაც ისინი ბაიდენის წინააღმდეგ რუსეთთან დაკავშირებული უკრაინელი პირების ბრალდებებს იმეორებდნენ.

დაზვერვის სააგენტოებმა ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენის სხვა მცდელობებიც აღმოაჩინეს. მათ შორის "გავლენის ფარული კამპანია" ირანის მხრიდან, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის საწინააღმდეგო მიზნები ჰქონდა. ანგარიშში ასევე საუბარია, კონტრ-ნარატივზეც, რომელსაც ტრამპის მოკავშირეები ავრცელებდნენ იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენს ჩინეთი ეხმარებოდა. დაზვერვის მესვეურები განმარტავენ, რომ პეკინის მხრიდან "გავლენის ოპერაციები" არ დაფიქსირებულა.

"ჩინეთს სურს სტაბილურობა ამერიკასთან ურთიერთობებში და რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო არჩევნები, ის ამას არ მიიჩნევდა სასურველ და უპირატესობის მიმნიჭებელ შედეგად საიმისოდ, რომ ამას ძალისხმევის გამოვლენის რისკები გადაეფარა", - წერია ანგარიშში.

არჩევნებზე გავლენის მოხდენას, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ცდილობდნენ კუბის, ვენესუელის, ლიბანის სამხედრო დაჯგუფებები. თუმცა რუსეთისა და ირანის მიერ წარმართულ კამპანიებთან სედარებით, ისინი მცირემასშტაბიანადაა შეფასებული.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG