ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი ობამა და რესპუბლიკელები ახალ პოლიტიკურ რეალობას ეგუებიან


აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მომავალი სპიკერი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ ბეინერი
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მომავალი სპიკერი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ ბეინერი

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ შუალედური არჩევნების შედეგებმა მას დაანახა, რომ ამერიკელ ამომრჩევლებს სურთ, რომ იანვარში ახალი კონგრესის სამუშაო სესიის დაწყების შემდეგ თეთრმა სახლმა და კონგრესმა ყურადღება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გამოცოცხლებაზე გაამახვილონ.

კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ შეერთებულ შტატებში პოლიტიკური რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამ ახალ ვითარებასთან გამკლავება მოუხდება. მომავალი წლის იანვარში რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში ადგილების უმრლავლესობას მოიპოვებენ. ხოლო სენატში რესპუბლიკელთა რიცხვი ექვსი ადგილით გაიზრდება. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მალოუნი ვაშინგტონიდან იუწყება, რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის დაწესებას მოუთმენლად ელიან.

რესპუბლიკელები კონგრესის საკანონმდებლო განრიგში ისეთ საკითხებს შეიტანენ როგორიც არის გადასახადებისა და ფედერალური მთავრობის დანახარჯების შემცირება.

რესპუბლიკელ წარმომადგენელთა ლიდერი ჯონ ბეინერი იანვარში წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება. ოთხშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს მან აღნიშნა:

„ჩვენ ფედერალურ მთავრობაში ახალი თანამშრომლების აყვანის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ვემხრობით. ამას გარდა ჩვენ ფედერალური მთავრობის თანამშრომლების ხელფასებიც უნდა გავყინოთ.“

სანამ იგი აზიის რეგიონში 10-დღიან ტურნეში გამეგზავრებოდა, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ შუალედური არჩევნების შედეგებმა მას დაანახა, რომ ამერიკელ ამომრჩევლებს სურთ, რომ იანვარში ახალი კონგრესის სამუშაო სესიის დაწყების შემდეგ თეთრმა სახლმა და კონგრესმა ყურადღება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გამოცოცხლებაზე გაამახვილონ.

„ამერიკელ ხალხს არ სურს, რომ ჩვენ ერთ ადგილზე გავჩერდეთ. მათ არ სურთ, რომ ჩვენ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. მათ სურთ, რომ ჩვენ ხალხის საკეთილდღეოდ ვიშრომოთ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

რესპუბლიკელები კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს განსხვავებულად აღიქვამენ. წარმომადგენელთა პალატასა და სენატში მნიშვნელოვანი გამარჯვების ფონზე რესპუბლიკელთა ლიდერები აღნიშნავენ, რომ ამერიკელი ამომრჩევლები კანონმდებლებისგან საარჩევნო კამპანიის დროს მიცემული დაპირებების შესრულებას ითხოვენ. ამ მოთხოვნებს შორის ფედერალური მთავრობის შემცირება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას წარმოადგენს.

აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკელების ლიდერი სენატში, სენატორი კენტუკის შტატიდან ბატონი მიტჩ მაკონელი:

„ამომრჩევლებს რესპუბლიკელების მიმართ მოულოდნელად დიდი სიყვარული არ გაუჩნდათ. ჩვენ ეს კარგად გვესმის. მათ დემოკრატებზე გული აუცრუვდათ. მართალია მათ ხმები მისცეს რათა ვაშინგტონში უფრო მეტი რესპუბლიკელი მომხდარიყო, მათ კანონმდებლებს ზუსტი მითითებების შესრულება დააბარეს.“

ამერიკელმა ამომრჩევლებმა წელს რესპუბლიკელები დააჯილდოვეს, ისევე როგორც 2006 და 2008 წლებში მათ დემოკრატები დაასაჩუქრეს. დამოუკიდებელ ქალთა ფორუმის თანამშრომელი მიშელ ბერნარდი აღნიშნავს, რომ ამერიკელთა აზრის ესოდენ მნიშვნელოვანი მერყეობა იმის მანიშნებელია, რომ ამერიკელ ამომრჩეველთა კონტინგენტი ძალიან ცვალებადი გახდა. მისი თქმით:

„რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს ერთად მუშაობა მოუხდებათ. შემდეგი ორი წლის მანძილზე მათ ხალხს უნდა დაანახონ, რომ ისინი დეფიციტის შესამცირებლად და კერძო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით გარკვეულ ძალისხმევას იჩენენ. თუ ეს არ მოხდა, მაშინ, როგორც ამომრჩეველთა კონტინგენტმა მათ უკვე დაანახა, ამომრჩევლები ორ წელიწადში მათ უბრალოდ გაიწვევენ.“

თუმცა გაურკვეველი რჩება შეძლებს თუ არა დემოკრატიული ან რესპუბლიკური პარტია კომპრომისზე წასვლას. ანალიტიკოსების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ რესპუბლიკელები ახალ კონგრესში საკუთარ სამოქმედო გეგმას დააწესებენ. ამ სამოქმედო გეგმაში მთავარ პრიორიტეტებად ფედერალური მთავრობის დანახარჯების შემცირება და პრეზიდენტ ობამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ჩაშლა ისახება. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმა კონგრესმა მხოლოდ დემოკრატების მხარდაჭერის გამო მიიღო.

გარკვეული თვალსაზრისით პრეზიდენტ ობამას ახალი პოლიტიკური ვითარება შეიძლება შევადაროთ 1994 წლის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდგომ პერიოდს, როცა პრეზიდენტ ბილ კლინტონს მუშაობა რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ მყოფ სენატსა და წარმომადგენელთა პალატასთან მოუხდა.

მაშინ ბატონი კლინტონი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რესპუბლიკელებს დაუპირისპირდა, მაგრამ ზოგ საკითხში მან კომპრომისს მიაღწია, რამაც 1996 წელს მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოუტანა.

დემოკრატები ახლა ამ სტრატეგიის გამეორებას აპირებენ. ამ სტრატეგიის მომხრეებს შორის წარმომადგენელი ტეხასის შტატიდან კონგრესმენი მარტინ ფროსტიც ითვლება.

„ახლა მთავარი საკითხავი ის არის გახდება თუ არა პრეზიდენტი მეორე ჯიმი კარტერი თუ ბილ კლინტონი? ამ კითხვაზე პასუხი ძნელია. ვფიქრობ დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა უნდა გაითვიცნობიერონ ის, რომ ამომრჩევლებს მათი სამოქმედო პროგრამა არ მოსწონთ. ამდენად დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა და პრეზიდენტმა ხალხს უნდა დაანახონ, რომ ისინი გულწრფელად ორპარტიულობის მიღწევას ცდილობენ რადგან საზოგადოებას ხელისუფლებაში პოლიტიკურად გამოუვალი სიტუაცია ნამდვილად არ სურს. საზოგადოებას ეკონომიკის გამოცოცხლება სურს,“ დასძინა ფროსტმა.

XS
SM
MD
LG