ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ


ამერიკის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
ამერიკის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ

შეერთებულ შტატებში ეკონომიკური სიდუხჭირე ახლახან ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება

როგორც მოგეხსენებათ, სამშაბათს ამერიკელები კონგრესის შუალედურ არჩევნებში ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებში გამოცხადდნენ. თუმცა ისინი, ვინც ელოდნენ, რომ პოლიტიკური ცვლილება შეერთებული შტატების ეკონომიკას გამოაცოცხლებდა, ალბათ იმედგაცრუებულები დარჩებიან. ნიუ იორკში მდებარე პრესტიჟული ბიზნეს კოლეჯის დეკანი აღნიშნავს, რომ ის, რომ რესპუბლიკელებმა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ადგილების უმრავლესობა მოიპოვეს პოლიტიკური პროცესის წარმართვას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. შედეგად ორივე პარტიას ეკონომიკის გამოცოცხლებისკენ მიმართული ინიციატივების შემუშავება ძალიან გაურთულდება. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მილ არსეგა იუწყება იმის შესახებ თუ რა შესაძლო გავლენას მოახდენს ახლახან ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნები შეერთებული შტატების ეკონომიკაზე.

სავალალო ეკონომიკური მდგომარეობით შეშფოთებული ამერიკელი ამომრჩევლები საარჩევნო უბნებში პოლიტიკური ცვლილების იმედით მივიდნენ. აი რა თქვა ერთმა ამერიკელმა ამომრჩეველმა:

„ჩვენ კონსტიტუციას უნდა დავუბრუნდეთ, ბიუჯეტი დავაბალანსოთ და ეროვნული დავალიანება შევამციროთ.“

ამომრჩეველთა აზრის გამოკითხვის წინასწარი შედეგების მიხედვით დემოკრატები დამარცხდნენ.

მაგრამ ის ამომრჩევლები, ვისაც იმის იმედი აქვთ, რომ რესპუბლიკელების გამარჯვება ეკონომიკას გამოაცოცხლებს, პროფესორ მაიკლ ვილიამსის თქმით, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენ. მისი თქმით:

„ხალხს სჯერა, რომ არჩევნები ცვლილებას გამოიწვევს. სინამდვილეში არჩევნების შედეგად გადაწყვეტილებების მიღება და პოლიტიკის შემუშავება უფრო გართულდება.“

პროფესორი ვილიამსი ნიუ იორკში მდებარე ტოუროს ბიზნეს სკოლის დეკანია. მას მიაჩნია, რომ მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ მყოფ წარმომადგენელთა პალატაში საკანონმდებლო საქმიანობა ეკონომიკის გამოცოცხლებასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე ნაკლებად ფოკუსირებული იქნება.

მართალია წარმომადგენელთა პალატის ახალ რესპუბლიკურ უმრავლესობას გარკვეული სადავო საკანონმდებლო პროექტების წინ წაწევა ან პირიქით ჩაშლა შეუძლია, სენატში 60-ადგილიანი უმრავლესობის გარეშე კონგრესი ამგვარი კანონმდებლობების უმრავლესობას არ მიიღებს. ამას გარდა ამგვარ საკანონმდებლო ზომებს პრეზიდენტის ვეტოც ემუქრება.

მაგრამ ზოგს სჯერა, რომ რესპუბლიკელთა გამარჯვება უფრო შესაძლებელს გახდის იმას, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროინდელი საგადასახადო შეღავათების მოქმედების ვადა გაგრძელდება.

აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ამერიკელი დედა ლიზ როუზი:

„ვფიქრობ საფონდო ბირჟებზე მდგომარეობა გაუმჯობესდება რადგან ისინი ცვლილებას ელიან. ალბათ საფონდო ბირჟებზე ნაკლები ცვალებადობა იქნება მოსალოდნელი და ხალხი უფრო დაიმედებული იქნება.“

საინვესტიციო ფირმა მილერ ტაბაკის სტრატეგი დენ გრინჰაუსი ამ მოსაზრებას ეთანხმება.

„მეწარმეთა შორის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული დამოკიდებულება უარყოფითია იმის გამო, რომ მათ შორის გავრცელებულია შეხედულება რომ წინათ მიღებული კანონები ბიზნესისთვის ცუდი იყო, და ამდენად რესპუბლიკელთა გამარჯვება წარმომადგენელთა პალატაში ეკონომიკისთვის დადებითი იქნება,“ აღნიშნავს დენ გრინჰაუსი.

მაგრამ სხვა დამკვირებლები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკა კვლავინდებურად ნელი ტემპით განვითარდება და უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალი დარჩება.

მართალია პოლიტიკური კომპრომისის მიღწევა გაყოფილ კონგრესში შესაძლებელია, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2012 წლის საყოველთაო არჩევნებამდე ენერგეტიკასა თუ დასაქმების სფეროში რაიმე დიდი მიღწევები ნაკლებად მოსალოდნელი იქნება.

XS
SM
MD
LG