ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის შუალედური არჩევნების გავლენა აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე


მარცხნიდან მარჯვნივ: უფროსი მეცნიერ თანამშრომლები ბრიუს რაიდელი და სიუზან მალონი, ტელეგადაცემა "პრესასთან შეხვედრის" წამყვანი დევიდ გრეგორი, ბრუკინგსის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი მარტინ ინდიკი, თორნტონის სახელობის ცენტრის დირექტორი კენეთ ლიბერტალი და რობე

ამ სათაურით გუშინ ბრუკინგსის ინსტიტუტში ამავე კვლევითი ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკის პროგრამისა და ტელეკომპანია ენ-ბი-სი-ს ერთობლივი ძალისხმევით ბრიფინგი გაიმართა

გუშინ ტელეკომპანია ენ-ბი-სი-სა და ბრუკინგსის ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა ბრიფინგი თემაზე „კონგრესის შუალედური არჩევნების გავლენა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე.“ ბრიფინგს გაუძღვა ტელეკომპანია ენ-ბი-სი-ს პოპულარული პოლიტიკური გადაცემა „პრესასთან შეხვედრის“ (Meet the Press) წამყვანი გამოცდილი ამერიკელი ჟურნალისტი დევიდ გრეგორი. შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ ბრუკინგსის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი და საგარეო პოლიტიკის პროგრამის დირექტორი მარტინ ინდიკი და ამავე ორგანიზაციის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები და მკვლევარები რობერტ კაგანი, სიუზან მალონი, კენეთ ლიბერტალი და ბრიუს რაიდელი.

პრეზიდენტ ობამას ინდონეზიაში ვიზიტთან დაკავშირებით სამხრეთ აზიის საკითხების ექსპერტმა ბრიუს რაიდელმა კერძოდ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მუსლიმანურ სამყაროსთან პარტნიორული ურთიერთობის განვითარება სურს. თუმცა ობამამ ინდონეზიაში გამოსვლისას აღიარა, რომ ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობა დასახულ ამოცანებს ვერ აკმაყოფილებს.

რაიდელის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რესპუბლიკელები ობამას ზოგადად ემხრობიან, პრეზიდენტის მთავარი საყრდენი ბაზა, რომელიც ლიბერალი დემოკრატებისგან შედგება, მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

„მე ვფიქრობ, რომ 2011 წლის ივლისში იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტი ავღანეთში დისლოცირებულ სამხედრო ძალებს მნიშვნელოვნად შეამცირებს ძალიან უმნიშვნელოა. მისი სარდალი ავღანეთში გენერალი დევიდ პეტრეუსი მას ალბათ ეტყვის, რომ ჯარების გაყვანაზე ლაპარაკი ნაადრევია. ცხადია, რომ ობამა სახმედროებისა და კონგრესში რესპუბლიკელების უმრავლესობის წინააღმდეგ არ წავა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ლიბერალ დემოკრატებს დაუპირისპირდება. ისინი ხომ მას მყისვე დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულებენ,“ აღნიშნა რაიდელმა.

ავღანეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით სიუზან მალონიმ აღნიშნა, რომ დებატები რესპუბლიკურ პარტიაში ისევე როგორც მათზე რეაქცია დემოკრატიული პარტიის მხრიდან დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ავღანეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე არამედ იმაზეც თუ როგორ გაუმკლავდება პრეზიდენტი ობამა ისეთ აღმავალ საფრთხეს როგორიც არის ირანი. მისი თქმით:

„ირანი ალბათ მალე ბირთვულ პროგრამას გააგრძელებს. ჩვენ მომდევნო რამდემიმე კვირის მანძილზე მოლაპარაკებების აღდგენას ველით. ვფიქრობ კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების ფონზე პრეზიდენტს ირანელებთან რაიმე კომპრომოსის მონახვა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ძალიან გაუჭირდება.“

რობერტ კაგანის აზრით კი ახალი კონგრესი პრეზიდენტს ხელს არ შეუშლის. ამასთან დაკავშირებით მან კერძოდ აღნიშნა:

„რესპუბლიკურ პარტიაში პრეზიდენტის გარკვეულ ინიციატივებს უფრო დიდ მხარდაჭერას უცხადებენ ვიდრე დემოკრატიულ პარტიაში. ამდენად მას ამ მხრივ ნაკლები სადარდებელი ექნება. საერთოდ რაც შეეხება ზოგადად საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს, ჩემი აზრით, ძლიერი ორპარტიული კონსენსუსი შეინიშნება. ამდენად საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს მან იცის, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ქვეყანა მის უკან დგას, მაგრამ როცა ლაპარაკია საშინაო პრობლემებზე, აქ აშკარად აზრთა სხვადასხვაობა სუფევს.“

ისრაელში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს მარტინ ინდიკს მიაჩნია, რომ კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებმა პრეზიდენტ ობამას დაანახა, რომ ამერიკელებს ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა და უმუშევრობა აღელვებთ. იმავდროულად საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში ობამას მანევრირებისთვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია არა მხოლოდ იმის გამო, რომ, როგორც პრეზიდენტი, ობამა აღმასრულებელი ძალაუფლების პრეროგატივას ფლობს, არამედ იმიტომ, რომ ამ სფეროში გამოწვევების უმრავლესობის მიმართ იგი ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს.

„მაშასადამე საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით მას მუშაობა ბევრად უფრო გაუადვილდება ვიდრე საშინაო პრობლემებთან მიმართებაში, რაც საზოგადოებაში დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამერიკელ ხალხს სურს, რომ მან ყურადღება სწორედ საშიანო პრობლემების მოგვარებას დაუთმოს. ამდენად მთავარი საკითხავი ის არის თუ როგორ შეძლებს იგი შესაძლებლობებისა და მოთხოვნების დაბალანსებას,“ აღნიშნა ინდიკმა.

აზიის რეგიონისა და ჩინეთის საკითხების ექსპერტმა კენეთ ლიბერტალმა აღნიშნა, რომ ის თუ რამდენად წარმატებული იქნება პრეზიდენტი ობამა საშინაო პოლიტიკის სფეროში მნიშვნლოვნად განსაზღვრავს იმას თუ როგორ აღიქვამენ სხვა ქვეყნები შეერთებული შტატების მონაწილეობას საერთაშორისო ურთიერთობებში. რაც შეეხება ძალაუფლების განაწილებას აზიის რეგიონში ლიბერტალმა აღნიშნა:

„უდავოა ის, რომ მომავალში ჩინეთი აზიის რეგიონში უაღრესად მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლს შეასრულებს. თუ ჩვენი ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია, საპასუხოდ რასაკვირველია შეგვიძლია ჩვენი უსაფრთხოების ალიანსები გავაძლიეროთ და რეგიონში სხვა სახელმწიფოებთან უსაფრთხოების სფეროში ძლიერი ურთიერთობები განვავითაროთ, მაგრამ თუ ამ ძალისხმევის შედეგად ჩვენ მთელი რეგიონის უსაფრთხოების გარანტიებს ვიტვირთავთ, ხოლო ჩინელები დომინანტურ ეკონომიკურ როლს შეასრულებენ, მაშინ ჩვენ სახიფათო მდგომარეობაში აღვმოჩნდებით.“

რაც შეეხება კონგრესის შუალედური არჩევნების გავლენას ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკაზე რუსეთთან მიმართებაში, რობერტ კაგანმა დასძინა:

„პირადად მე მიმაჩნია, რომ ზაფხულში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების მიღება ალბათ რუსეთ-ამერიკული ურთიერთობების მწვერვალს წარმოადგენდა და ამიერიდან ურთიერთობა უფრო გართულდება. ამ სირთულეებს შორის კავკასიის რეგიონი და კერძოდ საქართველო მესახება. როგორც მოგეხსენებათ, ადმინისტრაციას სურს, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს, რაც მხოლოდ წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი დამტკიცების შემთხვევაში მოხდება. მაგრამ საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტოს დაადებს. ეს რომ არ მოხდეს ამ ადმინისტრაციას მოუხდება იმ პრობლემის გადაჭრა, რომელსაც ის აქამდე თავს არიდებდა. თვით პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის დახასიათება, რომ მოვიშველიოთ, ამ პრობლემას რუსეთის სამხედრო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ჰქვია. ‘გადატვირთვის’ ფონზე, როცა ჩვენ რუსებისგან ბევრი რამ მივიღეთ, ეს პრობლემა რაღაცნაირად უკანა პლანზე გადავიდა, მაგრამ ახლა ეს საკითხი ისევ წინ წამოიწევს. ამას გარდა დღის წესრიგში რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხიც შევა. ასევე ისიც დასრულდა თუ არა მედვედევის ‘ფანტაზია’ და გველის თუ არა პუტინის ‘რეალობა’ - ყოველივე ეს რუსეთთან ურთიერთობაზე დიდ ზეწოლას მოახდენს. მაგრამ ვფიქრობ ადმინისტრაცია ამ უფრო მკაცრი მიმართულებისთვის მზად არის. ამაში მას კაპიტოლიუმი უდავოდ დიდ მხარდაჭერას გაუწევს.“

XS
SM
MD
LG